თამარ შუკვანი
(10.10.2019)

 ეჭვს იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიელი ქურთები, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაწირა, აღრმავებს ის ფაქტი, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში თურქებმა სამხედრო ოპერაცია არ დაიწყეს მანამ, სანამ ეს რეგიონი უკანასკნელმა ამერიკელმა ჯარისკაცმა არ დატოვა.

ასევე გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ შემთხვევაში, აშშ-სთან ერთად რუსეთის ღალატიც იკვეთება, - ქვეყნის ლიდერი ჯერ კიდევ დუმს, მას ამ დრომდე არც მკაცრი განცხადება გაუკეთებია და არც კონკრეტულ პოზიცია დაუფიქსირებია.

რაც შეეხება უშუალოდ ანკარას, ის შიშობს, რომ სირიაში ქურთები ძლიერ ავტონომიას შექმნიან, რაც შესაძლოა წინაპირობა გახდეს იმისა, რომ თურქეთში მყოფმა ქურთებმაც გაძლიერება მოინდომონ; პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიზანი სწორედ ლტოლვილი ქურთების თურქეთიდან გაყვანაა.

ჟურნალ „არესენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ თურქეთის მიზანი საკუთარი ტერიტორიიდან ლტოლვილი ქურთების გაყვანაა, რადგან ერდოღანი მათში საფრთხეს ხედავს და ამ ოპერაციის რეალური მიზეზი სწორედ საფრთხის თავიდან არიდებაა.

„ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია ყოველთვის დაძაბული იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც სირიის ჩრდილო აღმოსავლეთში თურქეთმა ადგილობრივი ქურთების წინააღმდეგ რიგით მესამე სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ვითარება უფრო მეტად დაიძაბა. პრეზიდენტი ერდოღანი ამას იმით ამართლებს, რომ სირიიდან სამ მილიონზე მეტი იძულებით დევნილი თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

„ამიტომაც, მას სურს თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ, ე.წ. ბუფერული ზონა შექმნას და 2 მილიონი დევნილი იქ გადაიყვანოს. დიდი პრობლემაა, როდესაც შენ ქვეყანაში სხვა ქვეყნიდან დევნილი 3-4 მილიონი ადამიანი იმყოფება, თან წლების განმავლობაში, მაგრამ მთავარი არის, თურქებისა და ქურთების მრავალ ათეულწლიანი დაპირისპირება, რომელიც ცივი ომის დროს იყო და ახლაც გრძელდება.

„მას შემდეგ, რაც სირიაში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა სხვადასხვა ქვეყნებმა დაიწყეს, ამ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი სწორედ ქურთები იყვნენ.

"რაც „ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები შესუსტდა და თითქმის განადგურდა, ქურთებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ისინი კომპაქტურად არიან დასახლებული, ფაქტობრივად, ავტონომია მოიპოვეს. თუმცა, ეს ოფიციალურად არ არის აღიარებული.

"სირიის დღევანდელ ხელისუფლევას იმის ძალა არ შესწევს, რომ ამ ტერიტორიაზე თავისი ხელისუფლება აღადგინოს. ჯერჯერობით სირიის პრეზიდენტსა და ქურთების ლიდერებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

„თურქეთის ხელისუფლებას არ აწყობს, რომ ქურთებმა, თუნდაც სირიის ტეიროტირიაზე ასეთი ძლიერი ავტონომია მოიპოვონ, რადგან, თურქეთის ტერიტორიაზეც, რომელიც მას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ესაზღვრება, კომპაქტურად ბევრი ქურთი ცხოვრობს და თუკი სირიელმა ქურთებმა ავტონომია მოიპოვეს, დიდი საშიშროება არის თურქეთის ხელისუფლებისთვის, რომ თურქეთში მაცხოვრებელი ქურთებიც მოინდომებენ თავის სირიელ თანამოძმეებს მიბაძონ. ეს არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც დაიწყო ეს ოპერაცია თურქეთმა," - აღნიშნა ალადაშვილმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაანადგურებს თურქეთის ეკონომიკას, თუ ანკარა სირიელ ქურთებს გაანადგურებს. ხოლო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ამერიკულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად აშშ-ს თურქეთისთვის მწვანე შუქი არ აუნთია.

პომპეოს თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-მ თურქეთს თავდასხმის განხორციელების ნება დართო, სიცრუეა, თუმცა, ასევე განაცხადა, რომ თურქეთის შეშფოთება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია და რომ მას ტერორისტებისგან საფრთხე ემუქრება.

ალადაშვილის თქმით, აშშ-ში ბევრი მიიჩნევს, რომ ტრამპმა არა მხოლოდ სირიელ ქურთებს, არამედ ქვეყნის ინტერესებსაც უღალატა:

„ცივი ომის დროს „ქურთების მუშათა პარტიას" საბჭოთა კავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა; მას შემედეგ, რაც სირიაში „ისლამური სამხელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, აშშ ქურთებს ბოლო მომენტამდე გვერდში ედგა, - აწვდიდა შეიარაღებას, საბრძოლო ტექნიკას და ა.შ.

„თურქეთის პრეზიდენტმა მანამდე არ დაიწყო საბრძოლო ოპერაცია, სანამ ბოლო ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორმა ქურთების მიერ კონტროლირებადი რაიონი არ დატოვა.

"გაყიდა თუ არა პრეზიდენტმა ტრამპმა ქურთები? - ქურთებში უკვე გაჩნდა ეს მოსაზრება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მათ უღალატა. აშშ-ში ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ტრამპის ხელისუფლების პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არიან, ხმამაღლა აცხადებენ, რომ ტრამპმა არამარტო სირიელ ქურთებს უღალატა, არამედ აშშ-ის ინტერესებსაც.

„ბოლო პერიოდში ქურთები „ისლამურ სახელმწიფოს" აქტიურად ებრძოდნენ და ამ პერიოდში მათი დაფინანსება და შეიარაღება ხორციელდებოდა აშშ-ის მხრიდან, მათ ბრძოლისუნარიანი საბრძოლო დანაყოფები ჩამოუყალიბდათ, რომლებსაც აქვთ, როგორც საბძროლო გამოცდილება, ასევე შეიარაღებაც, თუმცა, ეს საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ თურქულ არმიას სრულფასოვანი სამხედრო დაპირისპირება გაუწიონ, თანაც მათ არ გააჩნიათ ავიაცია და საჰაერო თავდაცვის სისტემებიც საკმაოდ სუსტია; რაც შეეხება პარტიზანულ ბრძოლებს და დივერსიულ აქტებს, ამ შემთხვევაში უკვე უპირატესობა ქურთების მხარეს იქნება,თუ მათ ბრძოლის ეს მეთოდები აირჩიეს," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

თურქული მედია წერს, რომ თურქეთის ჯარმა და სირიის ეროვნულმა არმიამ სირიაში ქურთების წინააღმდეგ საჰაერო და სახმელეთო თავდასხმა განახორციელეს. მათი შეიარაღებული ძალები სირიაში ოთხი მიმართულებით შევიდნენ.

„ოპერაცია „მშვიდობის გაზაფხულის" ფარგლებში, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სირიის ნაციონალურმა არმიამ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს," - იუწყება თურქეთის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ „ტვიტერში".

„სირიის დემოკრატიული ძალების" ინფორმაციით, რას-ალ-აინის რეგიონიდან ჰასაკას პროვინციისკენ ათასობით ადამიანი გაიქცა. თურქეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას კი სულ მცირე 5 მშვიდობიანი ადამიანისა და „სირიის დემოკრატიული ძალების" 3 მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

„როიტერსის" ინფორმაციით, თურქეთმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, რომელიც დღეს სირიის საკითზე მსჯელობას გეგმავს, წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება პროპორციული, მოზომილი და პასუხისმგებლიანი.

ხოლო „სირიის დემოკრატიული ძალების" წარმომადგენელმა, მუსტაფა ბალიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ქურთულმა შენაერთებმა, „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა" სირიის ქალაქ თელ-აბადზე თურქეთის არმიის შეტევა მოიგერიეს.

„რეზონანსის" კითხვაზე, ამ სამხედრო დაპირისპირებაში ამჯერად ვინ დადგება სირიელი ქურთების გვერდით და ვინ დაუჭერს მხარს თურქეთს, ირაკლი ალადაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები მხარდაჭერას ქურთებს გამოუცხადებენ, თუმცა, ეს მხოლოდ „აღფოთება-შეშფოთება იქნება, რომელიც ჩვენთვის (ქართველებისთვის) კარგად ცნობილი ჟესტია.

„ქურთების მხარეს, პირველ რიგში, ევროკავშირის ქვეყნები დადგებიან, მაგრამ ეს გვერდზე დადგომა მხოლოდ პოლიტიკური აღფოთება-შეშფოთების იქნება, რომელიც ჩვენთვის კარგად ცნობილია, რადგან ევროკავშირი შეიარაღებით ან საბრძოლო დანაყოფებით ქურთებს არ დაემხარებიან, თუმცა, არის ვერსია, რომ სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები ეცდებიან ქურთებს საიდუმლო დახმარება გაუწიონ, ეს შეიარაღებული შეტაკებები თუ დიდხანს გაგრძელდა.

„არ არის გამორიცხული ისრაელის სპეცსამსახურებმადა საუდის არაბეთის სპეცსამსახურებმა გარკვეული დამხრება გაუწიონ. თუკი ვამბობთ, რომ აშშ-მა უღალატა ქურთებს, იგივე შეიძლება ითქვას რუსეთზეც; კრემლი, რომელიც თავის თავს ქურთების მეგობრად აცხადებდა, დღეს ქვეყნის პრეზიდენტი თავს იკავებს და მხოლოდ მოუწოდებს, რომ ეს საბრძოლო მოქმედებები შეაჩეროს. უფრო ღია და მწვავე განცხადებები კრემლის მხრიდან არ ყოფილა, რადგან აქ ჩანს ის მჭიდრო კავშირები, რაც თურქეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის ვითარდება;

„ეტყობა რუსეთმა თვითონ უნდა აირჩიოს, ვის მხარეზე დადგება; მას, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ურჩევნია თურქეთს ღიად არ დაუპირისპირდეს, რადგან მის თანამედროვე შეიარაღებას თურქეთი ყიდულობს, თანაც, თურქეთ-რუსეთის დაახლოებით მას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგებში ერთგვარი განხეთქილება შეაქვს, იგივე თურქეთსა და აშშ-ს შორის," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

ცნობისათვის, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და „სირიის ეროვნულმა არმიამ" სირიაში სამხედრო ოპერაცია - „მშვიდობის გაზაფხული"- დაიწყეს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მათი მიზანი „ტერორისტული დერეფნის განადგურება და რეგიონში მშვიდობის დამყარებაა."

რამდენიმე დღის წინ აშშ-მა თურქეთ-სირიის საზღვრებიდან საკუთარი სამხედრო ძალები გაიყვანა. ამ ქმედების გამო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკეს და ამერიკის მოკავშირე ქურთების წინააღმდეგ „მოღალატეობრივ ქმედებაში" დაადანაშაულეს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ მათ აღნიშნული ნაბიჯი თურქეთის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის გამო გადადგეს და საკუთარი ჯარისკაცების უსაფრთხოება უზრუნველყვეს.

ჩაწერა სახელი