“მოსახლეობისგან დაფარულად სხვა სახელმწიფოსთვის ქვეყნის სუვერენიტეტის გადაცემა სრულიად გაუგონარი რამაა”
თამთა ჩაჩანიძე
(07.10.2019)

 „რუსეთი ბელარუსიასთან ინტეგრაციით, ყოველთვის განიხილავდა საბჭოთა კავშირის ანალოგის აღორძინების პირველ და ცენტრალურ ნაბიჯს და როგორც ჩანს, ახლა პუტინს სურს, რომ ეს განზრახვა სისრულეში მოიყვანოს, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის" - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ბელარუსის დედაქალაქში გამართულ აქციას, სადაც საზოგადოება რუსეთთან სავარაუდო ინტეგრაციას აპროტესტებს.

რუსეთთან სავარაუდო ინტეგრაციის გასაპროტესტებლად მინსკში თავისუფლების მოედანზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა, ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი მიკალაი შტატკევიჩი აქციაზე სიტყვით გამოვიდა, მან პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკანშენკოს მიმართა, რომ უფლება არ აქვს, რომ ბელარუს ხალხს ქვეყანა გაუყიდოს და რუსეთს გადასცეს.

მანამდე რუსული გამოცემები ბელარუსის რუსეთთან ინტეგრაციაზე ხშირად წერდნენ, აღნიშნული მედიასაშუალებები საბოლოო ინტეგრაციის ხელშეკრულების ვადად დეკემბრის თვეს ასახელებდნენ.

მენაღარიშვილის თქმით, ამით პუტინი ცდილობს, რომ ის ხელშეკრულება რომელიც დიდი ხნის წინ დაიდო კვლავ აქტიურ ფაზაში შევიდეს, რასაც მისივე თქმით, ბელარუსის პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს.

„საქმე ეხება უკვე არსებულ ხელშეკრულებას, რომელიც ბელარუსსა და რუსეთს შორის გარკვეული ხნის წინ დაიდო და რომლის საფუძველზეც ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფო შეიქმნა, იმ ხელშეკრულებით იქნა გათვალისწინებული არა მხოლოდ „სამოკავშირეო სახელმწიფოს" ოფიციალური გამოცხადება და პირველი ნაბიჯები, არამედ მისი მართვის ორგანოების შექმნა, (რომელი ორგანოებიც უკვე შეიქმნა) შემდეგ ეტაპობრივად განისაზღვრა ინტეგრაციული ნაბიჯების გეგმა, რომელიც გულისხმობდა ისეთ ნაბიჯებს, როგორებიცაა ეკონომიკური, საფინანსო სისტემების დაახლოვება და განვითარება, ერთიანი ვალუტის არსებობა,საგარეო პოლიტიკური აქტივობების პრაქტიკულად გაერთიანება და ა.შ.

„ანუ, საუბარი იყო ძალიან ღრმა პოლიტიკურ ინტეგრაციაზე, მაგრამ, შემდგომ ეს პროცესი დამუხრუჭდა და ეს უკანასკნელი ამ პროცესის კვლავ გააქტიურების მცდელობაა, ერთის მხრივ, ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრული ნაბიჯები ფორმულირებულია, მათ შესასრულებლად გარკვეული გეგმების შემუშავებაც ხდება, თუმცა, მეორეს მხრივ რეალურად იმ პირობების შესრულება ნიშნავს ბელარუსის მიერ სუვერენიტეტის სრულიად დაკარგვა, ანუ სრულიად მის პოლიტიკურ მიერთებას რუსეთთან, რის პერსპექტივასაც ბატონი ლუკაშენკო სრულიად უარყოფს და ამიტომ ბელარუსის პოზიცია შეიძლება ითქვას წინააღმდეგობრივია, რაც ახალი მოვლენა არაა.

„განსაკუთრებულად გამაღიზიანებლად იქცა ბელარუსის უარი რუსული საჰაერო სამხედრო ბაზის განლაგებაზე, არადა სამხედრო უსაფრთხოების სისტემების დაახლოება და პრაქტიკულად ეტაპობრივი სრული ინტეგრირება განსაზღვრულია რუსეთ-ბელარუსიის ცნობილი ხელშეკრულებითაც, აქედან გამომდინარე, წინ ალბათ მოსალოდნელია არაერთი კამათი, შესაძლოა ამ ორ სახელმწიფოს შორის უსიამოვნო წინააღმდეგობებიც კი ვიხილოთ.

„რუსეთი ბელარუსთან ინტეგრაციით, ყოველთვის განიხილავდა საბჭოთა კავშირის ანალოგის აღორძინების პირველ და ცენტრალურ ნაბიჯს, და როგორც ჩანს ახლა პუტინს სურს, რომ ეს განზრახვა სისრულეში მოიყვანოს, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის" - განაცხადა მან.

მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ ინტეგრაციაზე დახურულ რეჟიმში მოლაპარაკება მიუღებელია, რადგან ამაზე ბელარუს საზოგადოებას მწვავე რეაქცია ექნება.

„შეიძლება ბელარუს-რუსეთის მოლაპარაკება და დოკუმენტების მომზადება დახურულ რეჟიმში მოხდეს, მაგრამ ამ რეჟიმში საზოგადოებისგან, მთლიანად მოსახლეობისგან და პოლიტიკური ელისტისგან დაფარულად, სხვა სახელმწიფოსთვის ქვეყნის სუვერენიტეტის სრულიად გადაცემა, სრულიად გაუგონარი რამაა, ამიტომ არ მგონია, რომ ბელარუსი ხალხი ამაზე წავიდეს და რა თქმა უნდა ამას შეიძლება მწვავე რეაქცია და ძალიან სერიოზული გართულებებიც კი მოჰყვეს, მათ შორის საერთაშორისოც.

„მაშინ, როდესაც ამ ხელშეკრულების პირველი ფორმალური ნაბიჯი გადაიდგა, სწორედ ასეც გაცხადდა, რომ ეს ის მოდელია, რომელზეც ჩვენ შემდეგ უნდა ავაგოთ ინტეგრაციული პროცესები დსთ-ეს სხვა სახელწიფოებთანაცო, ბუნებრივია, რომ რუსეთი ამაში გულისხმობდა ერთიანი პოსტსაბჭოტა სივრცის აღორძინებას ახალი კავშირის სახით, რომელშიც იგი ლიდერის როლს შეასრულებდა, ამიტომაც ყველა ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენათა განვითარებას ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში" - თქვა მან.

მენაღარიშვილმა ასევე დაამატა, რომ პუტინის სხვა სურვილებთან ერთად შესაძლოა ბელარუსის მოდელი საქართველოშიც მოინდომოს, თუმცა საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ჩვენი საგარეო კურსი დასავლეთისკენაა მიმართული და რუსეთს არავითარი პერსპექტივა არ აქვს.

„არ მგონია ვცდებოდე, თუ ვიტყვი, რომ ბატონ პუტინმა შესაძლოა სხვა ბევრი რამ მოინდომოს, მაგრამ ეს საქართველოს თანხმობის გარეშე რა თქმა უნდა ვერ მოხდება, აქედან გამომდინარე, ამგვარ მცდელობას არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია."-განაცხადა მენაღარიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რუსეთთან ინტეგრაციის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის უპირველესი ამოცანაა.

„მე ყოველთვის ვგრძნობ ამ საფრთხეს ხან ერთი და ხან მეორე მხრიდან, მაგრამ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა მთავარი საკითხია. თუ ჩვენი ოლქებად დაშლა სურთ, როგორც ამას ჟირონოვსკი ამბობს, ეს არასდროს მოხდება" - აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი.

ჩაწერა სახელი