თამთა ჩაჩანიძე
(06.10.2019)

 „აშშ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესება პირდაპირ კავშირში იქნება კავკასიაში არსებულ სიტუაციის განვითარებასთან და რა თქმა უნდა ეს საქართველოზე პირდაპირ აისახება", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, თურქეთის ჯარების მობილიზებას სირიის საზღვართან.

მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციისთვის მზადება გამოაცხადა, რამდენიმე საათში თურქეთმა ჯარის ნაწილების სირიის საზღვართან გადასროლა დაიწყო. ამის შესახებ „ბლუმბერგი"თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. მათი ცნობით, სასაზღვრო ქალაქ ახჩაკალში დამატებითი სამხედრო და ჯავშანტექნიკა უკვე ჩავიდა. „სი-ენ-ენი" კი აზუსტებს, რომ სირიის მიმართულებით გადასროლილია თურქეთის არმიის მე-20 ჯავშანსატანკო ბრიგადა.

რეგიონს, სადაც თურქული არმია სამხედრო ოპერაციის ჩატარებას გეგმავს დაჯგუფება „სირიის დემოკრატიული ძალები" და ადგილობრივი ქურთების „სახალხო თავდაცვის რაზმები" აკონტროლებს. მათ თურქეთის ხელისუფლება ტერორისტებად მიიჩნევს, ოფიციალური ვაშინგტონი კი - მოკავშირედ „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში. 5 ოქტომბერს რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ს მოსთხოვა განემარტა, თუ როგორია მათი პოზიცია ქურთულ დაჯგუფებებთან დაკავშირებით.

ამავე დღესვე ერდოღანმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა და თქვა, რომ „ეს შესაძლოა დღეს ან ხვალ მოხდეს".

თავის მხრივ „სირიის დემოკრატიული ძალები" თურქეთს თურქეთს ტოტალური ომით ემუქრებიან, თუ ანკარა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციას დაიწყებს.

ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ თურქეთმა ამ სამხედრო ოპერაციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-სთან სირიაში ერთობლივ პატრულირებაზე ვერ შეთანხმდა.

„თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება ამას დიდი ხანი აანონსებდა, პრინციპში თურქეთი პერმანენტულად ახორციელებდა ასეთი ტიპის შეჭრებს და ამ ტერიტორიების დროებით დაკავებას. შემდგომში აშშ-სთან ერთად გარკვეულ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ამ პრობლემის მოგვარება ერთობლივი პატრულირების სახით მოხდებოდა, მაგრამ აშშ-სთან ურთიერთობების გართულების ფონზე ისინი სხვა ტაქტიკაზე გადავიდნენ.

„თურქეთი აშშ-ს უკვე ღიად უპირისპირდება. ერდოღანის მთავარი იდეაა ამ პროვინციაში, სადაც გამაგრებულია ქურთების „დემოკრატიული ძალების" საბრძოლო შენაერთები, განახორციელოს პირდაპირი ინტერვენცია, დაიკავოს ტერიტორია, შექმნას ბუფერული ზონა და 2 მილიონი სირიელი ლტოლვილი დააბრუნოს ამ ტერიტორიაზე.

„როგორც ჩანს, ერდოღანი ლტოლვილების პრობლემას ამ გზით აგვარებს, რომელთა რაოდენობაც თურქეთში რაოდენობა 4-დან 5 მილიონამდეა. იგი ასევე ცდილობს სირიის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზონის შექმნას, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არ განხორციელდეს „ქურთების მუშათა პარტიის" საბრძოლო რაზმების შეჭრა და მესამე მიზეზი ისაა, რომ თურქეთი ცდილობს აშშ-ს გავლენის პარამეტრები შეასუსტოს ამ მიმართულებით. სირიის ტერიტორიაზე განლაგებულია აშშ-ს სამხედრო მცირე, დაახლოებით 200-კაციანი კონტინგენტი და თუ ეს ქმედება გამხორციელდა, აშშ-ს მოუწევს ამ ტერიტორიის დატოვება, საუბარია ამერიკელების განდევნაზე სირიიდან", - განაცხადა მაისაიამ.

ექსპერტისვე შეფასებით, ერდოღანს სირიის დაკავების იდეა გაუჩნდა მას შემდეგ, რაც მან პუტინთან საიდუმლო შეხვედრა გამართა.

„ამ ოპერაციის შესახებ იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ერდოღანი მოსკოვში იმყოფებოდა და პუტინთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა. ერდოღანმა ამ ოპერაციისთვის 6-ათასიანი სამხედრო დაჯგუფების მობილიზება მოახდინა, რომელსაც მხარს საბრძოლო ავიაცია და მძიმე ტექნიკა უმაგრებს.

„ამას აშშ ვერ შეეგუებაა, რადგან ეს ამ ტერიტორიიდან მათ გაძევებას მოასწავებს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ერაყში სიტუაცია უკიდურესად გართულებულია. თუ არცერთმა მხარემ არ დათმო, სირიაში ლოკალური ომის პერსპექტივები ისახება.

„რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება - აშშ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესება - პირდაპირ კავშირში იქნება კავკასიაში არსებულ სიტუაციის განვითარებასთან და რა თქმა უნდა ეს საქართველოზე პირდაპირ აისახება", - განაცხადა მაისაიამ.

ჩაწერა სახელი