თამთა ჩაჩანიძე
(29.09.2019)

 უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეურაცხყოფა მიაყენა, ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს. 

„შპიგელის“ ცნობით, საუბრისას ზელენსკი ტრამპს რამდენჯერმე დაეთანხმა იმაში. რომ ანგელა მერკელი უკრაინისთვის არაფერს აკეთებს. ასეთმა შეფასებამ კი ბერლინში აღშფოთება გამოიწვია. 

„დიახ, თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, არა 100, არამედ 1000%-ით. გეტყვით, რომ მერკელს შევხვდი და ვესაუბრე, შემდეგ მაკრონს შევხვდი და ვუთხარი, რომ ისინი სანქციების სფეროში საკმარისად არ მოქმედებენ, სანქციებს არ აძლიერებენ და უკრაინის დასახმარებლად არ მუშაობენ ისე, როგორც საჭიროა“, - განაცხადა ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას.

ტრამპისა და ზელენსკის საუბარი არ იყო გათვლილი ფართო საზოგადოებაზე და აქედან გამომდინარე, „შპიგელის“ შეფასებით, ზელენსკის სიტყვები სერიოზულად უნდა იქნას განხილული და შეფასებული. გერმანელი გამოცემ ასევე სვამს კითხვა იმის შესახებ თუ, ამაზე რა პასუხი ექნება გერმანიის მთავრობას.  

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სკანდალური სატელეფონო საუბარი ტრამპსა და ზელენსკის შორის ივლისის თვეში შედგა და უკვე გახდა ერთი სკანდალის მიზეზი, რადგან გავრცელდა ცნობები, რომ საუბრის დროს ტრამპი მომავალ არჩევნებში მისი სავარაუდო მეტოქის, ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ, რომელიც ერთ-ერთ უკრაინულ კომპანიასთანაა დაკავშირებული, გამოძიების დაწყებას სთხოვდა.

ამ სკანდალის გამო აშშ-ის კონგრესში პრეზიდენტს ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, პრეზიედნტის ადმინისტრაციამ კი თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. სწორედ ამის შემდეგ აგორდა ეს მეორე სკანდალიც.

არც გერმანიის და არც საფრანგეთის ხელისუფლებას ზელენსკის სიტყვებთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ჩაწერა სახელი