თამთა ჩაჩანიძე
(08.09.2019)

 „ზოგ ქვეყანას აქვს ბირთვული რაკეტები, არა ერთი და ორი. თუმცა, ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ ამის ფლობის უფლება არ გვაქვს. ეს ჩემთვის მიუღებელია," - ასეთი განცხადება გააკეთა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, რითაც ფაქტიურად ბირთვული იარაღის ფლობის პრეტენზია გამოთქვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თურქეთმა 1980 წელს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას, ხოლო 1996 წელს კი ბირთვული გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულებებზე მოაწერა ხელი.

ყოფილი საგარეო საქმეტა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" ამბობს რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება არის ერთადერთი ძლიერი საერთაშორისო სამართლებრივი შემაკავებელი ბერკეტი და თურქეთის მიერ ბირთვული იარაღზე ფლობის პრეტენზია საფრთხის შემცველია.

„ბოლო პერიოდში თურქეთში, სამწუხაროდ, ანტიდასავლურმა განწყობებმა იმძლავრა. ერდოღანი პრეტენზიას აცხადებს ბირთვული იარაღის ფლობაზე და ამას იმით ხსნის, რომ ბირთვული იარაღი სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანას გააჩნიაო. მან ამ განცხადებისას განსაკუთრებით ისრაელის მიერ ბირთვული იარაღის ფლობას გაუსვა ხაზი.

„ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება, ეს არის ის ერთადერთი ძლიერი საერთაშორისო სამართლებრივი შემაკავებელი ინსტრუმენტი, რომელიც მსოფლიოში ამ იარაღის ფართო გავრცელებას ზღუდავს. თავის დროზე წამყვანმა სახელმწიფოებმა და გაერომ ბევრი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ ამ ხელშეკრულებით, მსოფლიოში ბირთვული შეიარაღების გავრცელების პროცესი როგორმე დაემუხრუჭებინათ.

„თურქეთის ეს განცხადება რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველია. გამოსავალი ისაა, რომ თურქეთის პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან ამ ქვეყნის დარწმუნება მოხდეს იმაში, რომ თურქეთის უსაფრთხოებას საფრთხე არ დაემუქრება, არცერთი ბირთვული სახელმწიფოს მხრიდან", - აცხადებს მენაღარიშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა სულ უფრო მწვავე სახეს იღებს მსოფლიოში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერდოღანის გადაწყვეტილებას შეშფოთებით შეხვდება და შესაძლოა თურქეთს თავის შეკავებისკენაც მოუწოდოს.

„თუ თურქეთმა ბირთვული იარაღის ფლობის გადაწყვეტილება მიიღო, ბირთვული იარაღის გაუვცელებლობის ხელსეკრულება დარღვეული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელშეკრულება არსებობს, ბირთვული იარაღი აქვს ინდოეთს და პაკისტანს.

„დასავლეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ ფაქტიურად ამგვარ ნაბიჯს დგამს ასევე ირანი. ასე რომ, ეს პრობლემა სულ უფრო და უფრო მწვავე ხდება მსოფლიოში.

„სხვათა შორის, როდესაც ირანის ბირთვულ არსენალზე იყო საუბარი და იყო მცდელობა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას აღეკვეთა როგორმე, ერთერთი მოტივი ესეც გახლდათ, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენას შეეძლო სტიმული მიეცა ამ შეიარაღების კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებისათვის.

„ეჭვგარეშეა, რომ ნატო და მისი ყველა წევრი სახელმწიფო ერდორანის ამ ინიციატივას შეშფოთებით შეხვდება, თურქეთს მოსთხოვს თავი შეიკავოს ამგვარი გეგმებისაგან და ალბათ კიდევ დამატებით სხვა ნაბიჯებსაც გადასდგამენ იმისათვის, რათა ბირთვული გაუვცელებლობის რეჟიმს კიდევ უფრო არ შეექმნას საფრთხე მსოფლიოში.

„ეს არის საფრთხის ზრდა, მათ შორის რეგიონისთვისაც, საქართველოსთვისაც და ყველა ქვეყნისთვის, სადაც ამ ნაბიჯის შედეგად შესაძლებელია სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდეს და კრიტიკულ ზღვრამდე მივიდეს", - ამბობს მენაღარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსული „ეს-400" ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო თურქეთს ამერიკული „ეფ-35" ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა.

„ეს-400" სისტემის პირველი ნაწილი თურქეთმა უკვე მიიღო და ვარაუდია იმის შესახებ, რომ ერდოღანმა შესაძლოა რუსეთისგან „სუ-57" ტიპის ავიაგამანადგურებლებიც შეიძინოს.

ჩაწერა სახელი