თამთა ჩაჩანიძე
(06.09.2019)

 ვლადივოსტოკში ფამართულ მეხუთე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის მიმართულებით მნიშვნელოვანი რევერანსები გააკეთა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს განცხადებები ქვეყნის გადაბირებისთვის იყოს გაკეთებული, რათა ამან ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გარკვეული დისონანსი გამოიწვიოს. კერძოდ, პუტინი ნატო-სთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხს შეეხო და თქვა, რომ რუსული S-400 საზენიტო რაკეტების შეძენის შემდეგ, თურქეთმა მიიღო საიმედო დაცვა, და არც მეტი არც ნაკლები დიდ შვიდეულში მისი შესვლის აქტუალობას გაუსვა ხაზი.

„უახლოეს წარსულში პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შევხვდი და მან მკითხა, რატომაა, რომ არ აყენებთ დღის წესრიგში თურქეთის G7-ში შეყვანის საკითხს? ჩემის აზრით, თურქეთი, რომელმაც S-400-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა შეიძინა და მისი საჰაერო სივრცე ახლა უფრო საიმედოდ დაცულია, უნდა იქნეს მსგავს ორგანიზაციაში შეყვანილი. რა თქმა უნდა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ანკარას, საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს," - განაცხადა პუტინმა.

მანამდე ცნობილი იყო, რომ თურქეთი გეგმავდა რუსული S-400 ტიპის საზენიტო რაკეტების განლაგებას 2020 წლის გაზაფხულისთვის, ხოლო 2 სექტემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვიდან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებითი ჯგუფის შეძენა დაუშვა.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს რუსეთში ვიზიტისას ერდოღანი და პუტინი საავიაციო ტექნიკის გამოფენას დაესწრნენ, რომლის დროსაც ლიდერები უახლეს რუსულ ტექნიკასა და მათ შორის, გამანადგურებელ სუ-57-ს გაეცნენ.

ერდოღანი ყურადღებით აკვირდებოდა სუ-57 ტიპის ავიაგამანადგურებელს, დაინტერესდა მისი პარამეტრებით, რაზეც პუტინმა უპასუხა სიტყვებით: "შეგიძლიათ იყიდოთ".

ივლისში თურქეთმა, ვაშინგტონის გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-400-ები შეიძინა, სავარაუდოა, რომ ოფიციალური ანკარა აიღებს ლიცენზიას ანალოგიური შეიარაღების წარმოებისათვის საკუთარ ტერიტორიაზე და ამით ფაქტიურად დამოუკიდებლად შეძლებს საკუთარი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების შექმნას.

ჩაწერა სახელი