თამთა ჩაჩანიძე
(30.08.2019)

 რუსეთი და თურქეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ მეხუთე თაობის სუ-57 ტიპის ბომბდამშენების მომარაგებაზე. ამის შესახებ რუსეთში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

"თურქეთისა და რუსეთის შესაბამისი დეპარტამენტები მუშაობენ სუ-57-ის თემაზე"-განაცხადა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ შეერთებული შტატები არ შეცვლის პოზიციას F-35-ის პროგრამიდან ანკარას გაძევების შესახებ, მაშინ თურქეთი "სხვა ვარიანტებს" განიხილავს.

აგვისტოს ბოლოს, აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თურქეთი ვერ შეძლებს ამერიკული F-35- ის მებრძოლების მიღებას, თუკი იგი უარს არ იტყვის რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებაზე. ვაშინგტონი თვლის, რომ S-400-ის ინტეგრაციამ თურქეთის თავდაცვის სისტემაში, რომელიც ნატოს წევრია, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აშშ-ს თვითმფრინავების უსაფრთხოებას და F-35 პროგრამას. S-400- ის ნაცვლად, შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების, "პეტრიოტების" შეძენა შესთავაზა.

28 აგვისტოს რუსეთში ვიზიტისას, ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი საავიაციო ტექნიკის გამოფენას დაესწრნენ, რომლის დროსაც ლიდერები უახლეს რუსულ ტექნიკასა და მათ შორის, გამანადგურებელ სუ-57-ს გაეცნენ.

ერდოღანი ყურადღებით აკვირდებოდა სუ-57 ტიპის ავიაგამანადგურებელს, დაინტერესდა მისი პარამეტრებით, რაზეც პუტინმა უპასუხა სიტყვებით: "შეგიძლიათ იყიდოთ".

შეგახსენებთ, რომ ივლისში თურქეთმა რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-400-ები შეიძინა, სავარაუდოა, რომ ოფიციალური ანკარა აიღებს ლიცენზიას ანალოგიური შეიარაღების წარმოებისათვის საკუთარ ტერიტორიაზე და ამით ფაქტიურად დამოუკიდებლად შეძლებს საკუთარი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების შექმნას.

ჩაწერა სახელი