თამარ შუკვანი
(28.08.2019)

 ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნატო-ს ავიაგამანაგურებელმა რუსეთის ცხრა სამხედრო თვითმფრინავი მიაცილა უსაფრთხო ზონამდე, რომლებიც ბალტიისპირეთის ზღვის თავზე დაფრინავდნენ.

ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ კალინინგრადის ოლქი რუსეთის „ანკლავია" და მსგავს მანევრებს მოსკოვი ხშირად მიმართავს. ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია რუსეთის მანევრებს იმ სამხედრო წვრთნებს უკავშირებს, რომელსაც ნატო ახლა ატარებს.

„კალინინგრადის ოლქი რუსეთის ანკლავია, რომელთანაც რუსეთის ფედერაციას უშუალო სახმელეთო საზღვარი არ აქვს. კალინინგრადის ოლქი რუსეთის ერთ-ერთი მილიტარიზებული ადგილია, რომელიც ევროპის ჩრდილოეთშია.

"ამიტომაც ამ ოლქში ხშირად ხდება რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენა. ხოლო ბალტიისპირეთში უკვე თითქმის ათ წელზე მეტია ნატო-ს წევრი ქვეყნების გამანადგურებლთა ჯგუფი მორიგეობს; რამდენიმე თვეში იცვლებიან ესპანეთი, ბრიტანეთი, გერმანია და სხვა.

„მსგავსი შემთხვევები ყოველთვის იყო, მითუმეტეს ადრე ცივი ომის დროს, თუმცა არის ერთი ნიუანსი, რომ გაცილების დროს თვითმფრინავებს ხიფათი არ უნდა შეექმნათ, - ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ მივიდნენ, არ უნდა მოხდეს ისეთი საჰაერო მანევრის ჩატარება, რაც პრობლემას შექმნის," - აღნიშნა ალადაშვილმა.

მისი განცხადებით, რუსულმა გამანადგურებელმა ნატო-ს თვითმფრინავებს რამდენჯერმე სახიფათოდ ჩაუფრინა, მათ შორის მანძილის სიშორე მხოლოდ 5-6 მეტრი იყო.

„მაგალითად 1989 წელს ბალტიისპირეთის ზღვის თავზე მიფრინავდა საბჭოთა კავშირის განამადგურებელი „სუ-27" და ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავი. საბჭოთა გამანადგურებელი ისე ახლოს მივიდა ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავთან, რომ „სუ-27-ს" „პროპელერებით" კუდის ნაწილი მოაჭრა. ორივე თვითმფრინავმა მიიღო დაზიანება, მაგრამ თავიანთ აეროდრომებზე დაბრუნდნენ.

„ახლაც იყო რამდენიმე ინციდენტი; რუსულმა გამანადგურებლემა ნატო-ს თვითმფრინავებს 5-6 მეტრში ჩაუფრინა, ძალიან სახიფათოდ. მაშინდელი ცივი ომისგან განსხვავებით, ახლა თითქმის ყველა თვითმფრინავი ვიდეოაპარატურით არის აღჭურვილი, რომელზეც აისახება ეს ყველა ფრენა და ის თუ რა ხდება გარშემო. დასამტკიცებელი საბუთი დღეს უფრო ადვილად მოსაპოვებელია, თუკი რომელიმე მხარემ უსაფრთხოების წესები დაარღვია და მეორე თვითმფრინავს მიუახლოვდა," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ბალტიისპირეთში ლიტვა-პოლონეთის მსხვილმასშტაბიანი წვრთნები დაიწყო და რუსეთის გააქტიურებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს.

„ბალტიისპირეთში დაიწყო რამდენიმეკვირიანი ნატო-ს მსხვილმასშტაბიანი წვრთნები. ბალტიისპირეთში ნატო-ს ნებისმიერ გააქტიურებას რუსეთის კონტრზომები მოყვება-ხოლმე. ასე რომ, ეს გააქტიურება რუსული სადაზვერვო თვითმფრინავებისა და საერთო ქმედებეზე, გამოწვეულია სწორედ იმ წვრთებიდან, რაც ახლა ბალტიისპირეთში დაიწყო.

„ეს არის ლიტვა-პოლონეთის წვრთნები და შესაბამისად, მოიცავს გარკვეულწილად სამხედრო, საზღვაო და სახმელეთო ტიპის შენაერთების თანმწყობრ მოქმედებას, თავდაცვითი ამოცანების შესასრულებლად. წვრთნების სცენარი, ვინ მონაწილეობს, რა ხერხებს იყენებს ნატო-ს კვალიციური შენაერთები, - ეს არის რუსეთის სამხედრო სარდლობის უპირველესი დაინტერესების წყარო და მიზნები," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ჩაწერა სახელი