თამთა ჩაჩანიძე
(27.08.2019)

 23 აგვისტოს შუადღისას ბერლინში ტირგარტენის პარკში კანცლერის ოფისისა და რაიხსტაგის შენობასთან ახლოს 41 წლის მამაკაცი მოკლეს, რომელიც პარასკევს მაჰმადიანთა ტრადიციულ ოცვაზე მიდიოდა. გერმანული მედია გამოძიების ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს სავარაუდოდ შეკვეთილი მკვლელობაა, რომლის კვალიც შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურებამდე მიდიოდეს. თუ ეს ეჭვი გამართლდა, რუსულ-გერმანული ურთიერთობებიც შესაძლოა ისე დაიძაბოს, როგორც რუსულ-ბრიტანული ურთიერთობები სოლსბერის ცნობილი ინციდენტის შემდეგ.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მკვლელმა მსხვერპლს პირველი ტყვია ზურგში ესროლა, ხოლო შემდეგ საკონტროლო გასროლა თავის არეში მოახდინა. გერმანული მედიის ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს შემთხვევა „სიკვდილით დასჯას" წააგავდა.

თავდამსხმელმა მაშინვე დაიწყო კვალის დაფარვა - მოიხსნა პარიკი და მდინარე შპრეეში იარაღთან და ველოსიპედთან ერთად გადაყარა. შემდეგ კი წინასწარ მომზადებული მოპედით გაქცევა სცადა. მკვლელი მცირე ხნის შემდეგ დააკავეს, მოგვიანებით კი მყვინთავებმა მდინარიდან დამნაშავის გადაყრილი ნივთები ამოიტანეს.

ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა, თავდაპირველად გერმანული გამოცემები წერდნენ, რომ ის ეთნიკური ჩეჩენი იყო, 26 აგვისტოს კი გამოცემა „ბილდმა" დაწერა, რომ მკვლელი ციმბირიდან იყო და მას „ვადიმ სერგეევიჩი" ერქვა. იგი ბერლინში მოსკოვიდან ჩავიდა. გერმანიის უსაფრთხოების სამსახურებს კი მკვლელის პასპორტის ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მსხვერპლი საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი, პანკისის ხეობაში მცხოვრები ზელიმხან ხანგოშვილია. იგი ჩეჩნეთის ომის აქტიური მონაწილე იყო და 60 მებრძოლისგან შემდგარ სამხედრო დაჯგუფებას მეთაურობდა. ომის შემდეგ რუსების წინააღმდეგ პარტიზანულ ბრძოლებში მონაწილეობდა და „კავკასიის იმარატის" მხარდამჭერი იყო.

2008 წელს აგვისტოს ომის დროს ზელიმხან ხანგოშვილმა პანკისის ხეობაში 200-კაციანი მოხალისეთა ჯგუფიც ჩამოაყალიბა საქართველოში შემოჭრილი რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა პირადად ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია.

2002 წელს იგი რუსეთში ძებნილთა სიაში აღმოჩნდა, თუმცა მის მიმართ რუსეთის ხელისუფლებას რა კონკრეტული ბრალდებები აქვს, გერმანელი გამომძიებლებისთვის უცნობია.

ხანგოშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, სავარაუდოდ იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტულ განყოფილებასთან თანამშრმლობდა, 2012 წელს მან თავის თავზე აიღო შუამავლის როლი ლოპოტას ხეობაში ჩეჩენი ექსტრემისტებისა და საქართველოს უსაფრთხოების ზალებს შორის. 2016 წელს კი ხანგოშვილი თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით უკრაინის გავლით გერმანიაში ჩავიდა.

სააგენტო „დპა" წერს, რომ საქართველოში ხანგოშვილმა უსაფრთხოების მიზნით, ახალი პასპორტი თორნიკე ქავთარაშვილის სახელით აიღო (ქავთარაშვილი მისი დედის გვარია)

გერმანიის პროკურატურამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაკითხვის დროს მშვიდად იქცეოდა. იგი მკვლელობას არ აღიარებს და მტკიცებულებებს უარყოფს. ერთი ვერსიით, ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მალევე აპირებდა გერმანიიდან გაქცევას, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მას ორმხრივი მგზავრობის ბილეთი ჰქონდა აღებული და რუსეთში აპირებდა გაფრენას. გერმანული გამოცემების ცნობით, ბერლინში მის მიერ დაქირავებულ ბინაში დიდი ოდენობის თანხა აღმოაჩინეს.

საქმის გამოძიებაში გერმანული კონტრდაზვერვა ჩაერთო. გერმანული მედიის ცნობით, ჯერჯერობით რუსეთის ხელისუფლება გერმანიის ტერიტორიაზე შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობის ჩადენაში პირდაპირ არ დაუდანაშაულებიათ, თუმცა გამოძიებამ პრაქტიკულად ყველა სხვა ვერსია გამორიცხა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ გერმანიაში ერთგვარი წმენდის ჩატარების ვერსიაზე მუშაობს.

ბერლინში ჩეჩნური საზოგადოება აღნიშნული ფაქით უკიდურესად შეშფოთებულია რადგან ხანგოშვილი იმყოფებოდა ჩეჩნების საზღვარგარეთ მცხოვრებთა სიაში.

ბერლინის მკვლელობა საეჭვოდ წააგავს 2009 წელს ვენაში მომხდარ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის ყოფილი პირადი მცველის, უმარ ისრაილოვის მკვლელობას. ზელიმხან ხანგოშვილის მსგავსად, ისრაილოვიც დღისით, ხალხმრავალ ადგილას - სუპერმარკეტიდან გამოსვლისას მოკლეს. მაშინ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 4 ადამიანიდან 3 დააკავეს და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ავსტრიის პროკურატურა ეჭვობდა, რომ ამ კვლელობასთან ჩეჩნეთის ხელმძღვანელობას და პირადად რამზან კადიროვს ჰქონდა კავშირი და მის დაკითხვასაც ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.

გერმანული მედია კი ბერლინის მკვლელობის ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე წერს - ბერლინის ჩეჩნური სათვისტომოს წევრთა ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი რუსული სპეცსამსახურის „დასახვრეტთა სიაში" იყო შეყვანილი. მათივე ცნობით, ეს სია პირადად რამზან კადიროვის შედგენილია, მასში შეყვანილია 300-მდე ჩეჩენი, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და ყოველ მათგანზე რუსულ სპეცსამასხურებს ნამდვილი ნადირობა აქვთ გამოცხადებული.

ჩაწერა სახელი