ტატა შოშიაშვილი
(06.08.2019)

 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მას შემდეგ, რაც მოსკოვში გამართული არასანქცირებული საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ რამდენჯერმე ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დაშალა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბრიტანული დელეგაციის ხელმძღვანელი როჯერ გეილი გამოვიდა ინიციატივით, რომ ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხი გადაიხედოს, რადგან ოფიციალური მოსკოვი არ იცავს საერთაშორისო ნორმებით დადგენილ კანონებს.

ამის შესახებ ევროსაბჭოში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, კრისტოფერ ივონმა დაწერა თავისი „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე.

„რამდენიმე კვირის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რუსეთის უფლებების აღდგენას და უკვე ნათელი გახდა, რომ რუსეთი არ აპირებს არც თავისი ვალდებულებების შესრულებას და არც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სტანდარტებზე დამორჩილებას. სურათი, რომელსაც თვალს ვადევნებდით (მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირებაზე უარის თქმის შემდეგ დედაქალაქში გამართული აქციის დაშლა), წარმოუდგენელი და დაუშვებელია.

სისასტიკე, რომლითაც მამაკაცები იყენებდნენ ხელკეტებს, რომლებიც შეიძლება, სულაც არ იყვნენ პოლიციის ოფიცრები, ცალსახად დაუშვებელია ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნისთვის", - აცხადებს გეილი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 25 ივნისს გვიან ღამით, ცხრასაათიანი დებატებისა და განხილვის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.

2014 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის რუსეთის დელეგაციისათვის უფლებამოსილების შეჩერების მიზეზი ყირიმის ანექსია იყო და მიუხედავად იმისა, რომ კრემლი დათმობაზე წასვლას, სავარაუდოდ, არ აპირებს, ასამბლერაში მაინც დააბრუნეს.

რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სასანქციო პროცედურების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული. დოკუმენტის სახელწოდებაა „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებისა და ხმის მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება". მისი ავტორი რეგლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელი, ბელგიელი სოციალისტი დეპუტატი პეტრა დე სუტერია.

რუსეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების დამადასტურებელ რეზოლუცისაც მხარი დაუჭირა 118-მა დელეგატმა, წინააღმდეგი იყო - 62, 10-მა დელეგატმა კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. წინააღმდეგთა შორის იყო საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის დელეგაციები.

ჩაწერა სახელი