მარიამ ბოლქვაძე
(15.05.2019)

 ახლო აღმოსავლეთში ამერიკასა და მის მოკავშირეებს, ერთი მხრივ, და ირანსა და მის სატელიტებს შორის, მეორე მხრივ, დაპირპისპირება ომის ზღვარზეა - საუდის არაბეთი აცხადებს, რომ სამშაბათს მის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების მიერ განხორციელდა.

ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა საუდის არაბეთის მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ორი დღის წინ კი ორმუზის სრუტეში, რომლის მეშვეობითაც ნავთობით ლამის ნახევარი მსოფლიო მარაგდება, ოთხ ტანკერზე მოხდა თავდასხმა, მათ შორის ორი საუდის არაბეთს ეკუთვნის, ერთი ნორვეგიას, მეოთხე კი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს.

კიდევ უფრო ადრე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რითაც მისი შემოსავლის ძირითად წყაროს, ნავთობის ექსპორტს, "განულების" საფრთხე დაემუქრა.

საზღვაო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, საჰაერო იერიშს კი საკუთარ თავზე იემენის შიიტი მეამბოხეები იღებენ, რომელთაც მხარ ირანი უჭერს.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ამერიკულ პრესაში დაიწერა, თითქოს ტრამპი რეგიონში 12 ათასი სამხედროს გაგზავნა საპირებდა, რაც ამ უკანასკნელმა მოგვიანებით უარყო.

„ეს სიცრუეა, გასაგებია? გაინტერესებთ, ამ ნაბიჯს გადავდგამდი თუ არა? რა თქმა უნდა, კი, მაგრამ ეს ნამდვილად არ დაგვიგეგმავს და იმედია, ამის დაგეგმვა არც დაგვჭირდება; თუმცა, თუ ამ ნაბიჯის გადადგმას გადავწყვეტთ, 12 000 ჯარისკაზე ბევრად მეტ სამხედროს გავგზვნით იქ," - განუცხადა ტრამპა ჟურნალისტებს.

ირანის ლიდერის, აიათოლა ჰამენეის თქმით, ამერიკასთან ომი არ იქნება, თუმცა არც დათმობას აპირებს.

აშშ-ში მიაჩნიათ რომ ორმუზის სრუტეში თავდასხმა არა საკუთრივ ირანელებმა, არამედ მათ მიერ დაგეშილმა ძალებმა განახორციელეს - სავარაუდოდ, რომელიმე შიიტურმა დაჯგუფებამ. მთავარი ეჭვმიტანილი კი არის იემენის მეამბოხე შიიტური კოალიცია, რომელთაც ჰუსიტებს ეძახიან.

ამერიკა მთავარ დამნაშავედ მაინც ირანს მიჩნევს, თუმცა ორშაბათს ვაშინგტონში აღიარეს, რომ ჯერჯერობით, ამის დამამტკიცებელი საკმარისი საბუთები არა აქვთ.

ირანი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ჰუსიტების აღიარებენ, რომ მათ დრონებით განახორციელეს რამდენიმე თავდასხმა საუდის არაბეთის მნიშვნელოვან ობიექტებზე, რაც იემენის სამოქალაქო ომში საუდის არაბეთის მონაწილეობაზე საპასუხო რეაქცია იყო.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, უკვე ოთხი წელია იემენში ჰუსიტებს ებრძვის.

ჰუსისტები საუდის არაბეთის ქალაქებს რამდენჯერმე დაესხნენ თავს, მათ შორის საბჭოთადროინდელი ბალისტიკური რაკეტებით.

არაბეთის გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი თანამშრომლობენ ადგილობრივსა და უცხოელ, მათ შორის, ამერიკელ, ფრანგ, ნორვეგიელ პარტნიორებთან, რათა დანაშაულის ჩამდენთა ვინაობა რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს.

როგორც "როიტერზს" ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა უთხრა, ძალიან მცირეა იმის ალბათობა ტრამპის სტრატეგიამ ირანს კაპიტულაციისკენ უბიძგოს.

„ირანი არ დაიჩოქებს", - განაცხადა დიპლომატმა, ანონიმურობის დაცვის მოთხოვნით და დაამატა, რომ ქვეყანამ, შესაძლოა, განაგრძოს ბირთვული ომი და ვაშინგტონს სამხედრო ძალის გამოყენების გარდა, სხვა გზა არ დაუტოვოს.

„სურს კი ტრამპს, რომ ირანთან ომი წამოიწყოს, განსაკუთრებით კი, საარჩევნო კამპანიის წელს?" - იკითხა მან "როიტერზთან" საუბრისას.

ჩაწერა სახელი