ლეხ კაჩინსკის დაღუპვასთან დაკავშირებით პოლონეთში ჩატარებული გამოძიების შედეგებს მოსკოვში "მორიგ სისულელეს" უწოდებენ
ნინო ქეთელაური
(12.01.2018)

 პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ახალი დასკვნა რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობის გამწვავების მიზეზი ხდება. საუბარია გამოძიებით დადგენილ ახალ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, თვითმფრინავში, სადაც ქვეყნის პირველი პირი პოლონეთის ლეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, სამი აფეთქება ავარიულ დაშვებამდე მოხდა, რასაც რუსული მხარე "ბლეფს" და "მორიგ სისულელეს" უწოდებს.

როგორც ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრანც კლინცევიჩი აცხადებს, ახლა პოლონეთის ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს, ვინ და რა მიზეზით მოაწყო ტერაქტი "ტუ 154"-ში, შემდეგ კი მსოფლიოს ამის შესახებ უამბოს.

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკში დაშვებისას ჩამოვარდა. ბორტზე 96 ადამიანი იმყოფებოდა, 8 ეკიპაჟის წევრი და 88 მგზავრი. ავარიული დაშვების მიზეზებს პოლონური და რუსული მხარეები იძიებდნენ.

2011 წელს საერთაშორისო საავიაციო კომიტეტმა ტექნიკური გამოძიების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ თვითმფრინავის საავარიო დაშვება რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოხდა, რა დროსაც ის ხეებს წამოედო. ამავე დასკვნამდე მივიდა პოლონეთის მაშინდელი საგამოძიებო კომისიაც, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ეჟი მილერი ხელმძღვანელობდა.

აღნიშნულ დასკვნებს არ ეთანხმებოდა პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ძმა იაროსლავ კაჩინსკი, რომელმაც 2015 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ახალი საგამოძიებო კომისია შექმნა. კომისიამ მუშაობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო და აპრილში დაადგინა, რომ თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო მანამდე, სანამ ის ხეებს წამოედებოდა.

პოლონეთის სამთავრობო კომისიამ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ხელახალი გარემოებების შესწავლისას დაადგინა, რომ მანამდე, სანამ "ტუ 154" ხეებს წამოედებოდა, თვითმფრინავის სალონში სამი აფეთქება მოხდა.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბლეფს უწოდებს და აცხადებს, რომ მოსკოვი "უკვე დაიღალა მსგავსი სისულელეებით". მისივე თქმით, თავის დროზე პოლონურმა და რუსულმა მხარეებმა გამოძიება უკვე ჩაატარეს, თვითმფრინავი შიგნიდან "ძალიან ფრთხილად" და "დეტალურად" შეისწავლეს. მან ასევე გაიხსენა, რომ თვითმფრინავი ვარშავიდან აფრინდა.

"თუ აფეთქება თვითმფრინავში მოხდა, ესე იგი ასაფეთქებელი აფრენისას შეიტანეს და რა გამოდის, ეს რუსულმა სპეცსამსახურებმა გააკეთეს? პასუხი თქვენთან ეძებეთ", - უთხრა პუტინმა ამ თემაზე საუბრისას პოლონელ ჟურნალისტს.

პოლონური მხარე კი აცხადებს, რომ პოლონეთის სამთავრობო კომისიის დასკვნა პოლონეთისა და რუსეთის ურთიერთობას გაართულებს, რასაც ქართველი ანალიტიკოსებიც ეთანხმებიან.

პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია აღნიშნავს, რომ თუ ამ გამოძიების შედეგს საერთაშორისო საზოგადოება მიიღებს როგორც უტყუარ დასკვნას, შესაძლოა, ეს პოლონურ-რუსულ ურთიერთობაზე ათწლეულების განმავლობაშიც კი აისახოს.

"თუ პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობის ისტორიას გადახედავთ, დინამიკა ყოველთვის ცვალებადი იყო, განსაკუთრებით ლეხ კაჩინსკის ამბების შემდეგ. ერთი პერიოდი თითქოს ჩანდა, რომ ისინი თანამშრომლობდნენ, მაგრამ რეალურად ამ ტრაგედიამ კიდევ უფრო გაზარდა უნდობლობა რუსეთის მიმართ.

"თუ ამ გამოძიების შედეგები საბოლოოა და მას საერთაშორისო საზოგადოების წამყვანი ქვეყნები, მაგალითად, გერმანია, აშშ მიიღებენ როგორც უტყუარ დასკვნას, ბუნებრივია, ეს დიდ გავლენას იქონიებს პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობაზე. როგორც იცით, პოლონეთის დღევანდელი მთავრობაც კაჩინსკის ბანაკიდანაა და ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესება შეიძლება ათწლეულების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს. ამის მერე რუსეთმა რაც უნდა ამტკიცოს, აზრს კარგავს. მას ყოველთვის თავის დაცვის პოზიციაში ყოფნა მოუწევს", - აცხადებს კორნელი კაკაჩია.

მოსალოდნელია თუ არა, რომ ახალ დასკვნას დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტაც კი მოჰყვეს? - კაკაჩია ამბობს, რომ ეს გამორიცხული არ არის.

"არ ვიცი, პოლონეთის ხელისუფლება ამისთვის რამდენად მზად იქნება, მაგრამ თუ ამ ქვეყნის საზოგადოება გამოძიების უტყუარობას ირწმუნებს, მაშინ არ არის გამორიცხული მოვლენების ასეთი განვითარებაც. თუმცა ეს ცოტა სასპეკულაციო თემაა და წინასწარ ამის განსაზღვრა რთულია", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

ჩაწერა სახელი