ნინო ქეთელაური
(08.12.2017)

 აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებამ ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის შეტაკებები გამოიწვია. მუსლიმების თქმით, გადაწყვეტილება "რეგიონისთვის ანთებულ ასანთს" და დიდი დაპირისპირების დასაწყისს ნიშნავს. ამის პარალელურად კი ისრაელი აშშ-ის მადლობას უხდის და საქართველოს მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას სთხოვს.

ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უკვე მიმართა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს, რასაც თურქეთსა და სხვა მუსლიმურ ქვეყნებში პროტესტი მაშინვე მოჰყვა. ასობით მოქალაქე გამოვიდა ანკარაში, სტამბოლსა და თურქეთის სხვა დიდ ქალაქებში და აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო. არეულობა აღმოსავლეთ იერუსალიმში, იუდეასა და სამარიას ზოგიერთ ქალაქში კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპის გადაწყვეტილების გამო პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებები გაისმა. საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ - "იერუსალიმი პალესტინაა", "მოვკვდებით ალ-აქსასთვის" და პოლიციელებს ქვებს ესროდნენ. სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გადაწყვეტილებას გმობს და აცხადებს, რომ ამ საკითხზე სატელეფონო მოლაპარაკებას გააგრძელებს როგორც ტრამპთან, ისე დასავლელ ლიდერებთან და რომის პაპთანაც. "ასევე, ვისაუბრებ ამ თემაზე ვლადიმერ პუტინთან. ეს თემა მხოლოდ მუსლიმებს არ ეხება. ეს თემა ქრისტიანებსაც ეხება," - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, "აშშ-მ გათელა იერუსალიმის შესახებ გაერო-ს 1980 წლის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არავის დაურღვევია."

"შეუძლებელია იმის გაგება, რისი თქმა სურდა ტრამპს ამ გადაწყვეტილებით. ის ახლა მიქსერის როლს ასრულებს და მთლიანად ანჯღრევს რეგიონს. ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისა და ებრაელებისთვის. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. ლიდერებმა არა კონფლიქტების პროვოცირება მოახდინონ, არამედ მშვიდობა უნდა დაამყარონ," - დასძინა ერდოღანმა.

იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის დასასრულად მიიჩნევს პალესტინური რადიკალური ორგანიზაცია "ჰამასის" ლიდერი ისმაილ ხანია და პალესტინელ ხალხს ისრაელის წინააღმდეგ ახალი აჯანყებისკენ ("ინტიფადა") მოუწოდებს.

"ჩვენ მოვუწოდებთ პალესტინის თავისუფალ ხალხს, პარასკევს "მრისხანების დღეზე" გამოვიდნენ და ახალი ინტიფადას დაწყება გამოაცხადონ. ჩვენი ხალხის აჯანყება დაიწყება ოკუპაციის წინააღმდეგ და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ჩვენი წმინდა მიწის გათავისუფლებით დასრულდება. ერთიანი იერუსალიმი მთლიანად პალესტინის დედაქალაქია. "ჰამასის" ყველა დანაყოფისთვის ბრძანებაა გაცემული, რომ ნებისმიერი საფრთხე მოიგერიონ," - განაცხადა "ჰამასის" ლიდერმა.

ამ პროცესში თავისთავად ჩართული აღმოჩნდა საქართველოც. "ისრაელის სახლის" დამფუძნებელმა იციკ მოშემ საქართველოს მთავრობას უკვე მიმართა, რომ ოფიციალურმა თბილისმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს. იციკ მოშეს განცხადებით, ეს არის ისტორიული გარდატეხის მიჯნა, როდესაც საქართველოს, როგორც აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორსა და ისრაელის მეგობარ ქვეყანას, ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, ერთ-ერთი პირველი იყოს ამ ეპოქალურ პროცესში.

რაც შეეხება ქართული მხარის პოზიციას, უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

"ამერიკის შეერთებულ შტატებს საკმაოდ მძლავრი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას, ჩვენ კი ვიდრე რაიმე მსგავს ნაბიჯს გადავდგამთ, უნდა დავფიქრდეთ, მით უმეტეს, ასეთ ცხელ წერტილთან მიმართებით," - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე კი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარს ღიად უჭერს. მისი თქმით, თუ სათანადო საგარეო პოლიტიკური პირობები შეიქმნება და პოლიტიკური პროცესები პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების სასარგებლოდ განვითარდება, საქართველო პროცესებს არ უნდა ჩამორჩეს და მას მხარი უნდა დაუჭიროს.

პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილი აცხადებს, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს ხელისუფლებას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"რაც შეიძლება მოკლე დროში საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად საქართველოს ამ პროცესში მონაწილეობის საკითხზე უნდა იმსჯელოს. საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რაც დაადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პარლამენტი მხარს დაუჭერს," - აცხადებს შალელაშვილი.

ტრამპის გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებენ ქართველი ებრაელებიც, რომლებიც ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ეს ისტორიული მოვლენაა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებამ ახლო აღმოსავლეთში, სადაც სიტუაცია ისედაც არასტაბილურია, შეიძლება დამატებითი მადესტაბილიზირებელი როლი შეასრულოს.

აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი ვარაუდობს, რომ დიდი ომის საფრთხე რიგი ფაქტორების გამო გამორიცხულია, თუმცა ისრაელისა და თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობა სერიოზულად გადაიხედება.

"გარკვეული ტერორისტული რადიკალური ჯგუფებისთვის შეიძლება ეს იყოს სიგნალი, რომ შეტევები განახორციელონ როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მის დიპლომატიურ ან სამხედრო წარმომადგენლობებზე სხვა ქვეყნებში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ამავე დროს, შეიძლება ისრაელთან ურთიერთობის გადახედვაც მოხდეს. მაგალითად, თურქეთ-ისრაელის. ერდოღანმა როგორც აღნიშნა, დიპლომატიური ურთიერთობაც კი შეიძლება გაწყვიტოს ისრაელთან, რაც ისრაელისთვის არცთუ მეორეხარისხოვანი იქნება, რადგან თურქეთი ერთ-ერთი ქვეყანაა რეგიონში, ვისთანაც მეტ-ნაკლებად ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. შეიარაღებული კონფლიქტისა და დიდი ომის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში არ არსებობს, რადგან ამ რეგიონში მთავარი დაპირისპირებული აქტორები კვლავ ირანი და საუდის არაბეთი არიან. ამ ქვეყნებს ისრაელთან, მართალია, ცუდი ურთიერთობა აქვთ, თუმცა მესამე ქვეყანასთან საბრძოლველად მათი გაერთიანება ნაკლებად წარმოსადგენია," - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 8 დეკემბერს, გაერო-ს უშიშროების საბჭო აშშ-ის მიერ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე სხდომას გამართავს. სხდომაზე ანგარიშით გამოვა გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში, რომელიც აცხადებს, რომ იერუსალიმის სტატუსის საკითხი მხოლოდ ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას.

ჩაწერა სახელი