ნატალია ჯვარიძე
(03.07.2025)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეზღუდვები დაწესდა, თუმცა არა სრულად. ამავდროულად, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა „ეკონომისტს" განუცხადეს, რომ ამერიკამ შეაჩერა ყველა სახის დახმარების მიწოდება, მათ შორის საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ შეზღუდვები მხოლოდ რაკეტების ზოგიერთ ტიპს შეეხო.

„ჩვენ არ შეგვიწყვეტია უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა", - თქვა ბრიუსმა და დასძინა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს უკრაინის დასახმარებლად მრავალი „ძლიერი ვარიანტი" აქვს.

1 ივლისს, სიბიესისა და ენბისის წყაროებმა განაცხადეს, რომ პენტაგონის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ბრძანა უკრაინისთვის გარკვეული საბრძოლო მასალის, მათ შორის ათობით „პეტრიოტის" საჰაერო თავდაცვის რაკეტის მიწოდების შეჩერება. ამის მიზეზად აშშ-ის სამხედრო არსენალების ამოწურვა დასახელდა.

„ბლუმბერგის" წყაროების ცნობით, ევროპელი ოფიციალური პირები გაოგნებულები იყვნენ ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით.

სიბიესის თეთრი სახლის წყაროებმა განაცხადეს, რომ იარაღის მიწოდების შეჩერებამ გავლენა მოახდინა არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ სხვა ქვეყნებზეც. თანამოსაუბრეები აცხადებენ, რომ პენტაგონი ახორციელებს ყველა იმ ქვეყნის მასშტაბურ მიმოხილვას, რომელიც ამერიკულ იარაღს იღებს. ამგვარად, ვაშინგტონს სურს გადაამოწმოს, რომ წინა ადმინისტრაციის დროს პრიორიტეტები ამერიკი ინტერესების შესაბამისად იყო განსაზღვრული.

გამოცემა „პოლიტიკო" ექვს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კიევი აპირებს ვაშინგტონს სთხოვოს, ევროპას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული იარაღის შეძენის ნებართვა მისცეს. გამოცემის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყანა უკვე სწავლობს აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შეძენის გეგმებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს თანხა ალიანსის ქვეყნების მიერ ნატოს სამიტზე ცოტა ხნის წინ დამტკიცებულ თავდაცვის ხარჯებში ჩაითვლება. საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ არ არის მიღებული.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება პენტაგონის პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ელბრიჯ კოლბიმ მას შემდეგ მიიღო, რაც უწყებაში საბრძოლო მასალების არსებულ რაოდენობას გადახედეს. ანონიმური წყაროების თქმით, დახმარების შეჩერების შესახებ ახალი გადაწყვეტილება ეხება ისეთ იარაღს, როგორიც არის საარტილერიო ჭურვები, საჰაერო თავდაცვის რაკეტები და ზუსტი დაიზნების სისტემები, რომელთა მარაგიც მნიშვნელოვნად კლებულობს.

ცნობისთვის, საუბარია იმ საბრძოლო მასალაზე, რომელიც საჰაერო თავდაცვისა და ზუსტი დამრტყმელი იარაღის ნაზავს წარმოადგენს და რომელსაც უკრაინა ბოლო ორ წელზე მეტია აშშ-სგან იღებს.

ეს დახმარება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ორ ეტაპად ხორციელდებოდა. პირველ ეტაპზე თანხები ბაიდენის პრეზიდენტობის დასრულებამდე უნდა დახარჯულიყო, თუმცა მიწოდება მხოლოდ მას შემდეგ იგეგმებოდა, რაც კონკრეტული სისტემები მზად იქნებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე