ისრაელის მასშტაბური იერიშის საპასუხოდ ირანი "დიდი ფასის გადახდით" იმუქრება, ამასთან, აშშ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. რის საპასუხოდაც, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ ის მზადაა მოვლენების "ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის", მათ შორის "სრულმასშტაბიანი ომისთვის".
ისრაელის საჰაერო დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ქალაქ ნატანზში მდებარე ბირთვული ობიექტი იყო, სადაც ირანი ურანის გამდიდრებას აწარმოებს. ამ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს. ორგანიზაციის ცნობით, კონტაქტზე იმყოფებიან ირანის ხელისუფლებასთან ობიექტზე რადიაციის დონის, ასევე ირანში მყოფი ინსპექტორების საკითხებთან დაკავშირებით.
ისრეალში განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე დროებით დახურა, საჰაერო სივრცე დახურა ასევე ირანმა და იორდანიამ.
სპეცოპერაციას პირველი გლობალური შედეგებიც მოჰყვა, მსოფლიოში ნავთობის ფასი 9%-ით გაიზარდა. „როიტერზის" ცნობით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ეს ყველაზე მაღალი ნიშნულია, რომლის ერთ-ერთ მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მომარაგების ჯაჭვის მოსალოდნელი გაწყვეტა სახელდება.
ავიადარტყმების შედეგად თეირანში დაიჭრა სულ მცირე 50 ადამიანი, მათ შორის 35 ქალი და ბავშვი. ირანული მედიის ცნობით, შეტევა განხორციელდა თეირანის და სხვა ქალაქების საცხოვრებელ რაიონებზეც. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სოლიდარობას უცხადებს ირანელ ხალხს და აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არა მათ, არამედ რეჟიმს ებრძვის. მისი თქმით, სჯერა, რომ ირანელი ხალხის გათავისუფლების დღე ახლოსაა.
ოპერაცია „აღმავალი ლომი" ისრაელმა 13 ივნისს გამთენიისას განხორციელა, ირანი ადასტურებს, რომ ისრაელმა მათ შორის იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურების საცხოვრებელ კომპლექსზე, ასევე დაარტყა სულ ცოტა 6 სამხედრო ბაზას. ქვეყნის მედიის ცნობით, მოკლულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენშტაბის უფროსი ჰოსეინ სალამი, გენშტაბის ცენტრალური სარდლობის მეთაური ღოლამ ალი რაშიდი. გავრცელებული ცნობებით, იერიშს ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური ამირ ალი ჰაჯიზადეც.
ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ბირთვულ საკითხებზე მომუშავე სულ მცირე ექვსი მეცნიერია ლიკვიდირებული, ესენი არიან: ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ფერეიდუნ აბასი, თეირანში მდებარე „ისლამური აზადის უნივერსიტეტის" პრეზიდენტი, მოჰამედ მეჰდი და თეირანის „შაჰიდ ბეჰეშტის უნივერსიტეტის" აკადემიკოსები აბდოლჰამიდ მინუჩერი, აჰმად რეზა ზოლფაღარი, ამირჰოსეინ ფექჰი და ხალილ მოთალებზადეჰი.
მალევე ირანის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობაში ცვლილებები განხორციელდა. ჰაბიბოლა საიარი გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, ხოლო აჰმად ვაჰიდი - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურად დაინიშნა.
ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის ტერიტორიაზე 100-ზე მეტ სამიზნეზე 300 ბომბით მასშტაბური საჰაერო იერიში განახორციელა, რაშიც 200-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი მონაწილოებდა. ოპერაციის მიზნად ისახავდა ბირთვული ობიექტების, ბალისტიკური რაკეტების საწარმოების და სამხედრო მეთაურების განადგურებას.
ცახალი ამბობს, რომ ოპერაცია ჩატარდა ზუსტი სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე.
„ღამის განმავლობაში, ისრაელის საჰაერო ძალების 200-ზე მეტმა გამანადგურებელმა, ზუსტი სადაზვერვო მონაცემებით ირანის ტერიტორიაზე განლაგებულ 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. სამიზნეებს შორის იყო ირანის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობის თავშესაფრები", - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურ განცხადებაში.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ოპერაციის მიზანი ირანიდან მომდინარე ბირთვული საფრთხის თავიდან აცილება იყო. ისრაელის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნის ზღვარზეა, რაც ისრაელს საფრთხეს უქმნის.
პრემიერ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ნატანზში, ირანის ურანის გამდიდრების ძირითად ობიექტზე თავდასხმა განახორციელეს, ამასთანავე, მისი თქმით, ასევე დაარტყეს ირანის წამყვან ბირთვულ მეცნიერებს, რომლებიც ბომბების შექმნაზე მუშაობნენ და ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ბირთვს წარმოადგენდნენ.
„ამ ნაბიჯებმა ირანი მოკლე დროში ბირთვული იარაღის შექმნასთან უფრო ახლოს მიიყვანა. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ეს საფრთხეები მომავალ თაობას დავუტოვოთ. რადგან თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, სხვა თაობა აღარ იარსებებს. თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, უბრალოდ აქ აღარ ვიქნებით. ჩვენ ისტორიის გაკვეთილები გავითავისეთ. როდესაც მტერი ამბობს, რომ შენს განადგურებას აპირებს, დაუჯერე მას. როდესაც მტერი შენი განადგურების შესაძლებლობებს განავითარებს, შეაჩერე იგი", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის.
„დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა ნათლად, რომ ირანს არასდროს არ უნდა მიეცეს უფლება, ბირთვული იარაღი მოიპოვოს. მადლობას ვუხდი მას ჩვენი ქვეყნისადმი მუდმივი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა და წინასწარ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ისრაელი ირანზე დარტყმებს აპირებდა. მისი თქმით, აკვირდება ნებისმიერ საპასუხო ქმედებას, რისთვისაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა მაღალი დონის მზადყოფნაშია და აშშ მზადაა დაიცვას საკუთარი თავი და ისრაელი, თუ ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს.
„ირანს არ შეიძლება ბირთვული ბომბი ჰქონდეს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავბრუნდებით. ვნახოთ. ხელმძღვანელობაში რამდენიმე ადამიანია, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან", - განაცხადა ტრამპმა "ფოქს ნიუსთან".
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ტრამპი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს გონივრული წინადადება წარუდგინა და პასუხს უახლოეს დღეებში ელოდება.
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი იმუქრება, რომ ისრაელმა თავის თავს "მწარე ბედი მოუმზადა, რასაც აუცილებლად მიიღებს", - აღნიშნა ხამენეიმ.
ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, აბოლფაზლ შეკარჩიმ შეერთებული შტატები ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აშშ და ისრაელი დარტყმებისთვის „დიდ ფასს" გადაიხდიან.
„შეიარაღებული ძალები აუცილებლად უპასუხებს ამ სიონისტურ თავდასხმას", - განაცხადა შეკარჩიმ.
ისრეალის პრემიერის ოფისის მრჩეველმა დმიტრი გენდელმანმა რუსულ "ტასს" განუცხადა, რომ "ისრაელი მზადაა მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის, ირანთან სრუმასშტაბიანი ომისთვის". ამასთან, გენდელმანმა დასძინა, რომ ქვეყანა პირველ რიგში ეყრდნობა საკუთარ სამხედრო ძალებს, როგორც შეტევისას ისე თავდაცვის დროს.
კითხვაზე, გააფრთხილა თუ არა ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსალოდნელი ოპერაციის შესახებ, გენდელმანმა უპასუხა, რომ „ისრაელი მჭიდრო კონტაქტშია ყველა მოკავშირესთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე