მარიამ ვეკუა
(12.06.2025)

ილონ მასკმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ოთხშაბათს დაურეკა, სოციალური ქსელებიდან ყველაზე კრიტიკული პოსტები წაშალა და საჯაროდ განაცხადა, რომ ნანობს გასულ კვირას ტრამპის შესახებ დაწერილ სიტყვებს - ამის შესახებ ინფორმაციას სი-ენ-ენი აქვეყნებს. ნათელია, რომ მილიარდერი რესპუბლიკელ კანონმდებლებთან კონტაქტის შემდეგ შერიგების გზას დაადგა.

სი-ენ-ენს ორმა წყარომ უთხრა, რომ ილონ მასკმა ორშაბათს საღამოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაურეკა. ოთხშაბათს დილას განაცხადა, რომ ნანობს სოციალურ ქსელებში პრეზიდენტის შესახებ გამოქვეყნებულ ზოგიერთ პოსტს, რომელიც გასულ კვირას მათი საჯარო დაპირისპირების დროს დაწერა.

სატელეფონო ზარის შემდეგ მასკმა თავი შეიკავა ტრამპთან სიტუაციის გამწვავებისგან და სოციალურ ქსელებში პრეზიდენტის შესახებ ყველაზე კრიტიკული პოსტები წაშალა - მათ შორის ის, რომელშიც ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ მოსაზრებას ეთანხმებოდა. ოთხშაბათს მასკმა იქს-ზე დაწერა, რომ ზოგიერთი პოსტი „ძალიან შორს წავიდა".

„ვწუხვარ პრეზიდენტ ტრამპის შესახებ გასულ კვირას გამოქვეყნებული ჩემი ზოგიერთი პოსტის გამო. ეს ძალიან შორს წავიდა," - დაწერა მან იქსზე.

ორშაბათის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია პირველად „ნიუ-იორკ-თაიმსმა" გაავრცელა, ხოლო პარასკევს ამის შესახებ ვრცელი სტატია „უოლ სტრიტ ჯორნალმა" გამოაქვეყნა.

სიენენი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რესპუბლიკელი კანონმდებლები და ტრამპის გავლენიანი მოკავშირეები გასულ კვირას საიდუმლოდ დაუკავშირდნენ მასკს და მოუწოდეს, არა მხოლოდ შერიგებულიყო პრეზიდენტთან, არამედ მხარი დაეჭირა მისი შიდა პოლიტიკის კანონპროექტისთვისაც.

ტექსტური შეტყობინებებითა და სატელეფონო ზარებით ტრამპის მოკავშირეები ცდილობდნენ დაპირისპირების დეესკალაციას. წყაროების თქმით, მასკი მზად იყო დიალოგისთვის, თუმცა არსებობდა გარკვეული წინააღმდეგობები.

ორშაბათს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მასკთან კონტაქტზე იყო და „ცდილობდა მასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა მოეგვარებინა".

„ვფიქრობ, ტემპერატურა იკლებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ორი შერიგდება," - განაცხადა ლუიზიანელმა რესპუბლიკელმა.

მიუხედავად იმისა, რომ მასკისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ ორი მილიარდერი, როგორც ჩანს, შერიგების გზაზეა, პრეზიდენტთან დაახლოებული ბევრი ადამიანი მაინც ფიქრობს, რომ მასკმა მხარი უნდა დაუჭიროს იმ კანონპროექტს, რომლის გამოც დაპირისპირება დაიწყო.

„ის ნამდვილად შეშფოთებულია, მაგრამ ყველას იმედი გვაქვს, რომ დათანხმდება. მის სიტყვებს დიდი წონა აქვს," - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.

გალღვება ყინული?

პარასკევს მასკთან სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა გასულ კვირას პრეზიდენტს ჰკითხა, სურდა თუ არა მასკთან ურთიერთობის დალაგება.

წყაროს თქმით, ტრამპმა ვენსს მოუწოდა დიპლომატიური დამოკიდებულება შეენარჩუნებინა.

საუბრის შესახებ ინფორმირებულმა წყაროებმა სი-ენ-ენს განუცხადეს, როგორც ჩანს, ტრამპმა და „ტესლას" დამფუძნებელმა უკვე დაიწყეს დაპირისპირების დეესკალაცია.

„როგორც ჩანს, მასკი იმ ეტაპზე უკვე უკან იხევდა, და პრეზიდენტი იმ დროისთვის ისეთი გაბრაზებული აღარ იყო, როგორც წინა დღეს," - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

„სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ თუ ილონი ცოტათი დამშვიდდებოდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა," - თქვა ჯეი დი ვენსმა პოდკასტში.

სი-ენ-ენის ინფორმაციით, მასკი ტრამპთან დაახლოებას იმ ფონზე ცდილობდა, როცა ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო რეიდები დაიწყო.

როგორც ჩანს, მასკმა მხარი დაუჭირა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას ლოს-ანჯელესში კონფლიქტში. მან გამოაქვეყნა პოსტის სკრინი, სადაც წერია, რომ კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა და ლოს-ანჯელესის მერმა კარენ ბასმა „ბოდიში უნდა მოუხადონ ლოს-ანჯელესის მოსახლეობას".

შეგახსენებთ, ნიუსომი და ბასი ტრამპის გადაწყვეტილებას რეიდების დაწყების შესახებ აქტიურად აპროტესტებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე