ნატალია ჯვარიძე
(26.03.2025)

„ნატო-ს რომელიმე ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში ალიანსი მას დაიცავს", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნატოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ რუსეთი რჩება.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ალიანსისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ რუსეთი რჩება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ომის ეკონომიკაზე გადადის და ეს მათ მიერ შეიარაღებული ძალების განვითარების უნარზე დიდ გავლენას მოახდენს.

რაც შეეხება პოლონეთისა და ნატო-ს ტერიტორიის დაცვას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს შერჩება, იგი ალიანსის პასუხს მთელი ძალით მიიღებს. ჩვენი პასუხი გამანადგურებელი იქნება. ეს ვლადიმერ პუტინისთვის და ყველასთვის, ვისაც ჩვენზე თავდასხმა სურს, ნათელი უნდა იყოს", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

რონდელის ფონდის მკვლევარის, კახა გოგოლაშვილის ვარაუდით, ნატოს თუ ვინმეს დაცვა მოუწევს, ეს იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნები. მისივე თქმით, ალიანსი ამისთვის მზადაა.

„იმედია ნატოს არავის დაცვა არ მოუწევს, თუმცა დღეს ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არის ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუმინეთი ნაწილობრივ და ალბათ პოლონეთი. ესენი არიან ისინი, ვინც პირველი რიგის რისკის ქვეშ არიან რუსეთის მხრიდან თავდაცვის კონტექსტში.

დანარჩენ ქვეყნებს ამდაგვარი არაფერი არ ელოდებათ. თუ ვინმეს რამე რესურსი აქვს, ეს არის ნატო. მისი სამხედრო ბიუჯეტი არის დაახლოებით 20-ჯერ უფრო დიდი, ვიდრე რუსეთის და მისი შეიარაღებული ძალები ასევე, რამდენიმეჯერ უფრო მეტად აღემატება რუსეთისას.

უბრალოდ აქ საუბარია პოლიტიკურ მზადყოფნაზე. კარგად იცით, რომ ეს მოდის ტრამპის გამონათქვამებიდან. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა - თუ არ გადაიხდიან ჩვენ დავიცავთ, ან არ დავიცავთ. აქედან მოდის ყველაფერი და სწორედ ამიტომ მოუწია გენერალურ მდივანს განცხადების გაკეთება, რომ ისინი ნებისმიერი ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავენ, თუ მას ვინმე თავს დაიესხმევა", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაია აზრით, ნატოს ბალტიისპირეთის გარდა ფინეთის და პოლონეთის დაცვაც მოუწევს. მისივე თქმით, ნატო ამისთვის 70%-ით მზადაა.

„საქმე თუ აქამდე მივიდა, ალბათ ფინეთის, პოლონეთის და ბალტიისპირეთის დაცვა მოუწიოს ნატოს, ვინაიდან რუსეთის მხრიდან ყველაზე მეტად ესენი არიან რისკის ქვეშ. რუმინეთი ნაკლებად მგონია, რადგან იქამდე რუსეთმა იქამდე მოლდოვა და უკრაინის დასავლეთ ნაწილი უნდა დაიპყროს. ჩემი პირადი მოსაზრებით, ამისთვის ნატო სავარაუდოდ, 70%-ით მზადაა, 30%-ით კი არა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე