თამთა ჩაჩანიძე
(14.03.2025)

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე ინფორმაცია სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის პირით შეუთვალა. როგორც კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, პუტინი ტრამპის ინიციატივას "მხარს უჭერს", თუმცა, "გააჟღერა რამდენიმე კითხვა, რომელსაც ერთობლივად უნდა გაეცეს პასუხი".

ამის პარალელურად, შესაძლო ზავის მონიტორინგისთვის უკრაინამ სადამკვირვებლო ჯგუფის შექმნა დაიწყო. დიდი შვიდეული რუსეთს მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ახალი სანქციებით ემუქრება.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდება, რადგან ეს მისი თქმით "ომის დასასრული არ არის, სიტუაცია იქნება არაპროგნოზირებადი და ასეთ მოკლე დროში შეუძლებელია სამხედრო მდგომარეობისა და ქვეყნის დასაცავად პროცედურების მოხსნა".

როგორც სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, პუტინის გეგმა ის იყო, რომ დათანხმებოდა ცეცხლის შეწყვეტას, შემდგომ პროვოკაცია მოეწყო, ეს უკრაინისთვის გადაებრალებინა და ჩაეშალა ტრამპისეული გეგმა, თუმცა რუსეთში ახლა პუტინის გარემოცვა ცეცხლის შეწყვეტაზე უარზეა და ის ჩიხურ მდგომარეობაშია, ვერც კი-ს ამბობს და ვერც არა-ს.

„ტრამპმაც და პუტინმაც გამოიჩინეს პოლიტიკური ეტიკეტის ნორმები. შორიდან მოუარა, თუმცა, ჩემი აზრით, ამით პუტინმა ფაქტიურად უარი სტკიცა, ტრამპმა კი თქვა, რომ იმედია რუსული მხარე კიდევ უფრო კარგად განიხილავს საკითხსო. როდესაც 30 დღის ცეცხლის შეწყვეტის საკითხი დადგა, რუსეთში ერთი ამბავი ატყდა, პოლიტიკურმა ელიტამ ხისტად თქვა თავიდანვე უარი და პუტინს უკანდახევა და მოკიბულ-მოკიბული პასუხი მოუწია. თან ტრამპს არ ეუხეშა, რადგან ტრამპის მიერ სამხედრო დახმარების შეჩერებამ, პუტინის წისქვილზე დაასხა წყალი, რაც კურსკის დაბრუნებაში დაეხმარა კიდეც.

„მე ასეთი აზრი მრჩება, რომ პუტინი სწორედ იმ გეგმაზე იყო აგებული, რომ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმებოდა, რათა შემდგომში პროვოკაცია მოწყო, ეს უკრაინული მხარისათვის გადაებრალებინა და ამით ფაქტიურად ეს ამბავიც ჩაეშალა და უკრაინაც ტრამპის თვალში ცეცხლის შეწყვეტის დამრღვევად წარმოეჩინა. როგორც ჩანს, პუტინი ამაზე მზად იყო, მაგრამ ის საკუთარი პოლიტიკის მძევალი აღმოჩნდა და მისმა გარემოცვამ და უახლოესმა დაჯგუფებამ ისეთი ალიაქოთი ატეხეს, რომ პუტინს აშკარად შეეშინდა და ისეთი ტიპის პასუხი გასცა, რომ აჩვენა, აი, მე კი მინდოდა, მაგრამ ჩვენებმა ვერ გამიგესო.

„რაშიზმის მთავარი იდეოლოგი და არქიტექტორი მარგარიტა სიმონიანი საერთოდ კაბიდან ამოვარდა ისეთი ტონით დაიწყო ლაპარაკი - ეგ გეგმა რომ განხორციელდეს, ეს სამშობლოს ღალატი იქნებაო, მარტო მისი პოზიცია გვაფიქრებინებს, რომ პუტინი იძულებული გახდა ის ეთქვა, რაც თქვა.

„ტრამპი იმუქრებოდა, რომ სანქციებს მიიღებდა, მას ეგონა, რომ პუტინი დათანხმდებოდა. ახლა რამდენად მზადაა რუსეთს უპასუხოს, ამის თქმა მიჭირს, ისეთი აზრი მრჩება, რომ ასეთი ნაბიჯებისთთვის მზად არაა. ახლა ტრამპი ერთგვარ ფრუსტრაციაშია, რას მოიმოქმედებს, არ ვიცი, რა დამატებით ზეწოლას განახორციელებს რუსეთზე, ამ ეტაპზე თქმა ძნელია. უკრაინას სამხედრო დახმარება და კომუნიკაციები რომ აღუდგინა, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციების მიწოდება, ეს კარგია. ახლა აშშ ალბათ პირდაპირი დამიზნების ამერიკულ ბომბებს მიაწვდის, რომლის რადიუსი 1000 კმ-ის ფარგლებშია",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციას უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, მაგრამ მან გაახმოვანა კითხვები, რომლებსაც პასუხი ერთობლივად უნდა გაეცეს.

„გუშინ მოისმინეთ პრეზიდენტ პუტინის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას მან თქვა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, მაგრამ გააჟღერა რამდენიმე კითხვა, რომლებსაც ერთობლივად უნდა გაეცეს პასუხი. ამიტომ, დიახ, მართლაც, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოხატა ბატონი ტრამპის პოზიციის მიმართ", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, რუსეთს და შეერთებულ შტატებს ესმით, რომ ორივე ქვეყნის ლიდერებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბარი აუცილებელია.

„ორივე მხარეს აქვს გაგება, რომ ასეთი საუბარი აუცილებელია", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის დრო დადგინდება მას შემდეგ, რაც სტივ უიტკოფი ტრამპს პუტინის გზავნილს გადასცემს.

„საუბრის დროს განვსაზღვრავთ მას შემდეგ, რაც ბატონი უიტკოფი მოსკოვში მიღებული ყველა ინფორმაციას თავის სახელმწიფოს მეთაურს გადასცემს", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინამ დაიწყო ჯგუფის შექმნა, რომელიც კონტროლს განახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაწესდება.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ ეროვნული გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც შეიმუშავებს მოქმედების შესაბამის ალგორითმებს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის სათანადო კონტროლისთვის. ეს უკიდურესად რთული პროცესია", - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, ფრონტის ხაზი დღეს 1 300 კმ-ზე მეტია.

„რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილებისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამიტომ, ახლა ყველაფერი მიმართული იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინული მხარე მომზადდეს შესაბამისი გუნდებით, შესაბამისი განვითარებით, მოდალურობით, მათ შორის უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის შესახებ შეთანხმების ან გეგმის შესახებ სამომავლო ხედვით და, რა თქმა უნდა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის პაკეტის პარამეტრებით და მოცულობით", - განაცხადა სიბიგამ.

„დიდი შვიდეულის" ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, მიჰყვეს უკრაინის მაგალითს და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსკოვს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრებიან, - ინფორმაციას ბრიტანული „როიტერზი" ავრცელებს.

„დიდი შვიდეულის" წევრებმა მოუწოდეს რუსეთს, ნაცვალგების საფუძველზე იმოქმედოს ცეცხლის შეწყვეტაზე თანაბარი პირობებით დათანხმებითა და მისი სრული განხორციელებით", - აღნიშნულია „დიდი შვიდეულის" ქვეყნების კანადაში გამართული შეხვედრის ფარგლებში შემუშავებული განცხადების საბოლოო პროექტში.

„დიდი შვიდეულის" ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პროექტს, რომელიც მაღალი რანგის დიპლომატებმა დაამტკიცეს, მინისტრების მხრიდან მწვანე შუქი სჭირდება.

ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაცული უნდა იყოს და რომ საჭიროა უსაფრთხოების ძლიერი და სანდო მექანიზმები, რათა უკრაინამ აგრესიის ნებისმიერი განახლებული აქტის შეკავება და მისგან თავის დაცვა შეძლოს, განაცხადეს წყაროებმა.

დონალდ ტრამპი მოსკოვში საკუთარ სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და პუტინს შორის 13 მარტს გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, უიტკოფსა და პუტინს შორის „ძალიან კარგი და პროდუქტიული დისკუსია" შედგა და დიდი შანსია, რომ „ეს სისხლიანი ომი" მალე დასრულდეს.

„ჩვენ გუშინ ძალიან კარგი და პროდუქტიული დისკუსია გვქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და დიდი შანსია, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდება. თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედრო რუსულ არმიას სრულ ალყაში ჰყავს, ისინი ძალიან ცუდ და მოწყვლად პოზიციაში არიან. მე მკაცრად მოვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა იქნებოდა, ისეთი, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ღმერთმა დალოცოს ყველა მათგანი!" - წერს ტრამპი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე