სომხეთის პარლამენტმა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, რასაც რუსეთიდან გამოხმაურება უკვე მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სომხეთში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვლიან, რომ ევროკავშირზე ორიენტირება ქვეყანას დამატებით დივიდენდებს მოუტანს.
„როგორც ჩანს, სომხეთში არსებობენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვლიან, რომ ევროკავშირზე ორიენტირება რაიმე დამატებით დივიდენდებს მისცემს ქვეყანას და ხალხის ინტერესებს", - აღნიშნა პესკოვმა.
სომხური მედიის ინფორმაციით, კანონპროექტი მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 7 იყო.
მისი ინიციატორია სამოქალაქო ინიციატივა „დემოკრატიული ძალების პლატფორმა", რომელმაც 2 თვეში 60 ათასი ხელმოწერის შეგროვება მოახერხა. ეს ხელმოწერები აუცილებელი იყო იმისთვის, რომ კანონპროექტი ეროვნულ ასამბლეას განსახილველად წარდგენოდა. კანონპროექტი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ 2024 წლის 9 იანვარს დაამტკიცა.
ყოფილ სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სომხეთი აქტიურად ცდილობს ევროპისკენ სვლას. როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესს რუსეთი კარგად დააკვირდება და სავარაუდოდ, სომხეთში მომდევნო არჩევნებს დაელოდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე რუსეთს მყისიერი რეაქცია არ აწყობს.
„ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, ვინაიდან სომხეთი დაადგა გრძელ, დიდ და ხანგრძლივ გზას ევროპისკენ. ჩვენ ეს გზა სულ ჩავკეტეთ, კარები გამოვიხურეთ. ის, რაც საქართველომ მრავალი წლის წინ გააკეთა, სომხეთმა ახლა დაიწყო. რა თქმა უნდა, ერთობლივი წარმატება უნდა ვუსურვოთ, როგორც საქართველოს, ისე სომხეთს, რადგან ეს უფრო მეტ ენერგიას გამოყოფს ეს და ევროკავშირისთვის უფრო საინტერესო იქნება.
„თუმცაღა ამ ყველაფერს რუსეთი დააკვრიდება. არამგონია პირდაპირი რეაქცია ჰქონდეს, მაგრამ გამორიცხული არცაა ეს. ვფიქრობ, რუსეთი სომხეთს აიძულებს თვითონვე შეაჩეროს, ან შეანელოს ევროკავშირისკენ სვლა, რადგან სომხეთი ეკონომიკურად მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული.
ჩემი აზრით, ახლა რუსეთს მყისიერი რეაქცია არ აწყობს, რადგან სომხეთში უკმაყოფილებას და ანტირუსულ განწყობებს გამოიწვევს, მაგრამ მორიგი არჩევნები, როცა მოვა, მაშინ ეცდება ნიკოლ ფაშინიანი შეცვალოს ნებისმიერი ფორმებით - ეს იქნება რაღაც ძალისმიერი მეთოდები, დაძაბულობის შექმნა, პარალელური პარტიების დაარსება, ინტერნეტ სივრცის გამოყენება ფაშინიანის წინააღმდეგ და ა.შ. რუსეთს უამრავი ფორმები აქვს, რომელსაც აქტიურად იყენებს, რათა პრორუსული ძალები გააძლიეროს.
საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთში პრორუსული ძალებია. იქ ხალხი ქუჩაში რუსული დროშებით გამოდის, მათ შორის ახალგაზრდები, ჩვენთან ამას ვერავინ გაბედავს. ასე რომ, მე ასე მგონია, რომ რუსეთი დაელოდება სომხეთში მორიგ არჩევნებს და შეეცდება ნიკოლ ფაშინიანის შეცვლას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე