აშშ-ში ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად საუბრობენ უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ეს კი კიევში ამძაფრებს ეჭვებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებიდან ჩამოშორება სურს. მოსკოვშიც მიანიშნებენ, რომ ეს მათთვისაც მისაღებია და მნიშნელოვნად გააადვილებს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას.
უკრაინელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ ვაშინგტონისა და მოსკოვის დაახლოებამ, შესაძლოა, ისინი საკუთარი ქვეყნის მომავლის შესახებ მოლაპარაკებებს ჩამოაშოროს. სტატიას ამ შინაარსით გამოცემა „პოლიტიკო" ავრცელებს.
მათივე შეფასებით, მოსკოვი შეუერთდა ვაშინგტონს, რომელიც უკრაინას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. გამოცემის ცნობით, ინტერესების ასეთი მოულოდნელი თანხვედრა უკრაინაში შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აპირებს ვაშინგტონი და კიევი ომის შეწყვეტის საკითხში ერთმანეთს დააჯახოს.
ამასთან, უკრაინის ერთ-ერთმა ყოფილ მინისტრმა, რომელიც ანონიმურობის პირობით ესაუბრა „პოლიტიკოს", განაცხადა: „მე განვიხილავ ამას, როგორც იმის პირველ მტკიცებულებას, რომ ტრამპი და პუტინი ეთანხმებიან ერთმანეთს იმაში, რომ ზელენსკი უნდა წავიდეს".
ოფიციალური კიევის ასეთი შეშფოთება გამოიწვია უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის მიერ 1-ლ თებერვალს „როიტერსისათვის" მიცემულმა ინტერვიუმ, სადაც მან განაცხადა, რომ აშშ მოელის უკრაინაში არჩევნების ჩატარებას, მითუმეტეს, თუკი მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა. ამასთან, მისივე თქმით, უნდა ჩატარდეს როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნები.
მოგვიანებით კელოგმა უკვე ტელეკომპანია „ნიუსმაქსთან" უნტერვიუში უკვე შეარბილა პ[ოზიცია. მისი თქმით, უკრაინა მზად უნდა იყოს არჩევნების ჩასატარებლად ომის მიმდინარეობის დროს, რადგან ამის უნარი „ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანია".
კელოგის თქმით, არჩევნები ტარდება „ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში", ასევე აშშ-შიც „არჩევნები ტარდებოდა ომების პიკის დროს". თუმცა აქვე ააღნიშნავს, რომ ახლა არჩევნები, სავარაუდოდ, ვერ ჩატარდება, რადგან უკრაინის კონსტიტუციით ეს შეუძლებელია.
„ვფიქრობ, ახლა უკრაინელებს არ შეუძლიათ არჩევნების ჩატარება, რადგან ეს მათ კონსტიტუციაშია ჩაწერილი, მათ, უკრაინელებს, არ შეუძლიათ არჩევნების ჩატარება საომარი მოქმედებების დასრულებამდე", - განაცხადა კელოგმა.
ამასთან, მისი თქმით, არჩევნების ჩატარება არ ნიშნავს, რომ „ზელენსკი ახლა უნდა წავიდეს".
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით კი, არჩევნები მხოლოდ საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება.
„არჩევნები ომის ცხელი ფაზის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება. ჩვენ დემოკრატიას ვიცავთ და არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოდით გულწრფელები ვიყოთ: ახლა საომარი მდგომარეობის დასრულება ზუსტად ის არის, რაც პუტინს სურს", - განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი ლეგიტიმურობის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ის პრეზიდენტად უკრაინელების 73%-მა აირჩია.
ამასთან, მისი თქმით, ომის დროს არჩევნების ჩატარება საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს.
„საქმე არა მხოლოდ იურიდიულ საკითხებს, არამედ ადამიანურ ფაქტორებსაც ეხება. როგორ მისცემენ ხმას ჯარისკაცები სანგრებში? ან მილიონობით უკრაინელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე? თუ მათ ხმას მნიშვნელობა აღარ აქვს? ან 8 მილიონი უკრაინელი, რომელიც ომის გამო საზღვარგარეთ აღმოჩნდა?" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მორიგი არჩევნების ჩატარება 2023 წელს უწევდა. მაშინ უკვე მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ზელენსკის მთავარი ოპონენტი პრეზიდენტის პოსტზე შესაძლოა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი გამხდარიყო. თუმცა, რადგანაც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნებს კონსტიტუცია კრძალავს, მისი ჩატარება ომის დასრულებამდე გადაიდო, ზალუჟნი კი თანამდებობიდან გადადგა.
ახალი არჩევნები და მოსალოდნელი სცენარები
ვახტანგ მაისაია გამორიცხავს, რომ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე არჩევნები ჩატარდეს.
„სანამ ზავი არ დაიდება, იქამდე არჩევნების ჩატარებაზე ლაპარაკი ზედმეტია, გამორიცხულია. ომის პირობებში არცერთი ხელისუფლება არჩევნებზე არ მიდის. არჩევნების ჩატარების წინაპირობისთვის აუცილებელია საზავო ხელშეკრულების გაფორმება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნება. დაზავების შედეგად ჩატარდება არჩევნები და ახალ ხელისუფლებას შეეძლება სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება რუსეთთან. ასეთია კელოგის მიერ გაფორმებული გეგმის დეტალები.
„კულუარული ინფორმაციებიდან მოიაზრება, რომ თითქოს ტრამპის ფავორიტია იულია ტიმოშენკო, თუმცა რამდენად რეალურია არ ვიცი. შესაძლოა მართალიც იყოს, რადგან მას რესპუბლიკელებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის ტრამპთან. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ტრამპმა ფსონი ტიმოშენკოზე დადოს.
„ამასთან, უკრაინაში დიდი პოპულალურობით სარგებლობს ვალერი ზალუჟინი და მას და ტიმოშენკოს შორის, რომ დაიწყოს რბოლა, ზალუჟინი ერთი ხელის მოსმით დაამარცხებს. ზალუჟინი ბრიტანეთის და ევროკავშირის სავარაუდო ფავორიტია", - აღნიშნავს მაისაია.
ვახტანგ მაისაია საუბრობს ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე და აღნიშნავს, რომ ეს ორივე მხარისთვის მისაღები ვერ იქნება, განსაკუთრებით კი, რუსეთისთვის.
„სხვათა შორის დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის დეტალები უკვე გაჟღერდა და მას კით კელოგი მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე წარადგენს. ასეთი ნიუანსებია - 20 აპრილისთვის უნდა დასრულდეს საბრძოლო მოქმედებები და 9 მაისისთვის უნდა გაჟღერდეს ზავის დადებასთან დაკავშირებული დეტალები. თუ ეს შეთანხმება შედგება, ტრამპი რუსეთს ჰპირდება, რომ ამერიკა რუსულ ენერგომატარებლებს სანქციებს მოუხსნის. უკრაინას დროებითი ვეტო დაედება ნატოში გაწევრიანებაზე, თუმცა ამერიკა ხელს შეუწყობს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. უკრაინის არმიამ კურსკის ოლქი უნდა დატოვოს და უკრაინამ უნდა აღიაროს რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიები. ასევე ამერიკა იძლევა უსაფრთხოების, მათ შორის სამხედრო უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის. როგორც ჩანს, ნატოში შესვლის შეჩერებასთან დაკავშირებით, ამერიკა სამხედრო უსაფრთხოების გარანტიებს აიღებს. ამას პლუს, ამერიკა გამოყოფს 486 მილიარდ დოლარს უკრაინის აღდგენისთვის. დაახლოებით ასეთი სქემა აქვს ტრამპს, მაგრამ ეს რამდენად მისაღები იქნება უკრაინელებისთვის, დრო გვიჩვენებს. მე მგონია, რომ უკრაინისთვის ცოტა სენსიტიური იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა.
„მეეჭვება ტრამპის გეგმას მხარეები დათანხმდნენ, მათ შორის არც რუსეთი, რადგან უკრაინა მიიღებს პირობას, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს და ამასთან ძალიან ახლოს არის. ევროკავშირის წევრობა ნატოსგან განსხვავებით არ მოითხოვს ტერიტორიულ მთლიანობას. თუ რუსეთი ამ პირობებს დათანხმდება, გამოდის, რომ ის დამარცხდება, რადგან ომი ფორმალურად ამის გამო დაიწყო. ანუ უკრაინა ევროკავშირის წევრი მაინც გახდება და რუსეთმა ამხელა რესურსი ტყუილად დახარჯა.
„კი, შეიძლება უკრაინამ დროებით დაკარგოს ის ტერიტოეიები, მაგრამ რუსეთისთვის ამ ეტაპზე ეს დიდი სარგებელი არ იქნება. მეორე მომენტი არის ის, რომ შესაძლოა ამერიკასა და უკრაინას შორის განმტკიცდეს სამხედრო პოლიტიკური კავშირი და გამორიცხული არაა, ორმხრივი ალიანსი შეიქმნას, რაც, თავისთავად, რუსეთის რეჟიმისთვის მიუღებელი იქნება. ამასთან, რუსეთმა დააანონსა, რომ ოთხი რეგიონი უნდა წაართვას უკრაინას, თუმცა ამ შეთანხმებით ვერც ერთ რეგიონს ვერ მიიღებს, გარდა იმ ოკუპირებული ტერიტორიებისა.
ფაქტობრივად, რუსეთი არაფრის გარეშე რჩება. მას საკუთარი ელიტა ამას არ აპატიებს, რადგან მან იმდენად დაარწმუნა ისინი, ვისაც პუტინის სჯერა, რომ რუსეთი უკრაინას დაასრულებს, რომ ეს გადაწყვეტილება პუტინს ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე