უკრაინის ფრონტზე ყველაზე რთული სიტუაცია ზაპროჟიეს მიმართულებაზეა, რომელსაც ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსები უტევენ. ისინი თავს ესხმიან ზაპროჟიეს ოლქს, როგორც ჰაერიდან, ასევე რუსულმა ძალებმა ზაპროჟიეს ოლქის სოფელი ლევანდე დაიკავეს.
სამხრეთ თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ვლადისლავ ვოლოშინმა, Kyiv Independent-ისთვის მიცემულ კომენტარში უარყო, რომ რუსეთმა აღნიშნულ სექტორში სერიოზული შეტევა დაიწყო და განაცხადა, რომ რუსეთი მხოლოდ ადგილობრივ სახმელეთო თავდასხმებსახორციელებს.
რუსეთის მიერ ლევადნის სავარაუდო დაკავების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას, ვოლოშინმა განაცხადა, რომ სიტუაცია „საკმაოდ დინამიურად ვითარდება“ და რომ თითოეულ მხარეს შეუძლია ინიციატივა დაიბრუნოს.
ლევადნე სოფელ ველიკანოვოსილკას დასავლეთით, ქალაქ ზაპორიჟჟიადან 170 კილომეტრში მდებარეობს.
რუსეთმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ზაპოროჟიეს ოლქის 13 დასახლებას 329 ჯერ დაარტყა, შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს.
რუსეთის ჯარებმა შვიდჯერ მიიტანეს იერიში: ზაპოროჟიეზე, მალია ტოკმაჩკასა და ნოვოდარივკაზე. სხვადასხვა ტიპის 170 უპილოტო საფრენი აპარატით თავს დაესხნენ: ბილენკას, პრიმორსკეს, ლობკოვოს, გულიაიპოლეს, ნოვოანდრიივკას, ნოვოდანილივკას, რობოტინს, მალა ტოკმაჩკას, ლევადნეს და მალინივკას.
რუსების 19 საზენიტო რაკეტა მოხვდა: ნოვოკრაინკას, გულიაიპოლეს, ნოვოდანილივკას, რობოტინას და მალა ტოკმაჩკას. 133 საარტილერიო ჭურვი კი ლობკოვოს, გულიაიპოლის, ნოვოანდრიივკას, ნოვოდანილივკას, რობოტინოს, მალა ტოკმაჩკას, მალინივკასა და ლევადნოს ტერიტორიაზე გაისროლეს.
საცხოვრებელი კორპუსების და ინფრასტრუქტურული ობიექტების ნგრევის შესახებ 99 შეტყობინება შევიდა. არსებული ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში ხელისუფლება მაშველებთან და პოლიციასთან ერთად თავშესაფრებს ამოწმებს.
რუსულმა ძალებმა კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციები განახორციელეს, მაგრამ უკრაინული მხარე ახერხებს თავდასხმების მოგერიებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„იყო რუსეთის მხრიდან ჩვენი პოზიციების უკან დახევის მცდელობები, მაგრამ განსაზღვრულ ხაზებს ვიცავთ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები წარმატებებს აღწევენ პოკროვსკის მიმართულებით პოზიციების დაცვის კუთხით დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით კი, სადაც რუსები სასტიკ ქმედებებს ახორციელებენ, რთული პირობებია.
"ზოგადად, დონეცკისა და ზაპორიჟიეს მიმართულებები ძალიან მძიმე პირობების, მტრის სასტიკი ქმედებების წინაშეა, მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფების მედეგობა გადამწყვეტია. სწორედ ჩვენს მედეგობაზეა ყველაფერი დამოკიდებული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას წარვუდგინე „გამარჯვების გეგმა“, ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ერთად ვაიძულოთ რუსეთი, ეძიოს მშვიდობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტებისა და ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
„ერთად უნდა ვიმოქმედოთ - ყველა, ვისაც გააჩნია საჭირო ძალა, საჭირო გავლენა - რათა მყარი მშვიდობის გარანტირება მოვახდინოთ, რათა ვაიძულოთ რუსეთი, ეძიოს მშვიდობა. მაგრამ მოქმედება ახლა არის საჭირო, ამ თვეებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ „გამარჯვების გეგმა“ ოთხივე ქვეყანაში წარადგინა - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში - და ხაზი გაუსვა, რომ გეგმა მოიცავს „მშვიდობის დაახლოების ჩვენი სტრატეგიის ყველა დეტალს - გეოპოლიტიკურს, სამხედროს“.
„ავხსენით ლონდონში, როგორი შორი მანძილის დარტყმები გვჭირდება ახლა და როგორია ჩვენი ხედვა, რათა ფრონტი გავაძლიეროთ. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ემანუელთან [მაკრონთან], და საფრანგეთი უკვე ბევრ რამეში დაგვეხმარა ჩვენი პარტნიორების გასაერთიანებლად, ახლა სწორედ ასეთი ლიდერობის იმედი გვაქვს. იტალია - ჯორჯიას [მელონის] ძალიან პრინციპული პოზიცია, ჩვენი მოტივების, ევროპის საჭიროებების მკაფიო გაგება. მადლობელი ვარ ოლაფის [შოლცის] დღევანდელი საუბრისთვის - სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ასპექტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ახლა ფრონტის ხაზზე ინიციატივა შუაზეა გაყოფილი.
კაპანაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ კურსკის ოლქში ინიციატივა ხელში უკრაინას აქვს აღებული, ხოლო რუსების კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა, რუსები ჯიუტად ახორციელებენ ზაპროჟიეს მიმართულებით შეტევებს.
„ახლა უკრაინში წვიმების სეზონი დაიწყება და რუსები საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ამიტომ არ მგონია, რომ ამ ხნის განმავლობაში მათ ფრონტის ხაზზე რაიმე ხელშესახებ წარმატებას მიაღწიონ. როცა ეს პაუზა შეიქმნება, აღმოჩნდება რომ რუსები ღია ველზე დარჩებიან, უკრაინელები კი დასახლებულ პუნქტებში, ეს კი მათ ბევრად მეტ უპირატესობას აძლევთ.
„მე ეჭვი მეპარება, რომ ზამთრამდე რამე კონკრეტული და გარდამტეხი სიტუაცია წარმოიქმნას. თუმცა, ორივე მხარე გაზაფხულის კამპანიისთვის მომზადებას შეეცდება.
„ზელენსკის გეგმა არის სწორედ ეს, რომ იმუშაოს უკრაინამ რუსების გამოფიტვაზე. მნიშვნელოვანი დარტყმები აქვს მიყენებული უპილოტო საფრენი აპარატით უკრაინას რუსების სამხედრო ლოჯისტიკაზე. ფაქტია, რომ რუსები თანამედროვე ომის პირობებში არ არიან ტექნიკური თვალსაზრისით მომზადებულები.
„საუბარია ისეთ საწყობებზე დარტყმებზე, რომელიც სტაციონაური საწყობებია, რომელიც წესით ბეტონში უნდა იყოს ჩამჯდარი და მას უპილოტო საშუალებები ვერაფერს უნდა უშვრებოდნენ“,-ამბობს გენერალი.
მისივე თქმით, ეს დარტყმები, რომელიც ამ ხნის განმავლობაში უკრაინის მხრიდან განხორციელდა, ეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ჩავარდნას ნიშნავს. გენერლის თქმით, ამ დარტყმებით ჩრდილო კორეიდან მიღებული რაკეტების განადგურება მოხდა.
„უკრაინა ახლა საკუთარ დრონებს აწარმოებს და ამ მხრივ რუსებზე ბევრად წინ არის. ექსპერტების გათვლებით, რუსებს ომის დასრულებიდან ექვსი-რვა წელი სჭირდება იმისთვის, რათა აღიდგინოს ის შესაძლებლობები რაც მას სჭირდება.
„ეს იქნება ის დრო, რომელიც უნდა დასჭირდეს დასავლეთს რათა უკრაინას დაეხმაროს და იმაზე ძლიერი გახდეს, ვიდრე ახლა არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მოთხოვნები უკრაინის მხრიდან ლოგიკურია, რაც გრძელვადიან დაპირისპირებაზეა გათვლილი.
„უბრალოდ რუსეთის მონაწილეობა აქ გამოკვეთილი არ არის. თანდათანობით უფრო მეტი დასავლელი ხელმძღვანელები უკრაინის დახმარებაზე იწყებენ საუბარს. დარწმუნებული ვარ, რომ თანდათან დარტყმების განხორციელების უფლებაც უკრაინას კიდევ უფრო მეტი ქვეყნის მხრიდან მიეცემა.
„ამ ეტაპზე მაინც მგონია, რომ ამერიკა, გერმანია და სხვა რამდენიმე დიდი ქვეყანა მაინც დარჩება თავის აზრზე და უკრაინას დამატებით სიღრმეში მათი იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს“, - ამბობს გენერალი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე