ნატო დღეს ყოველწლიურად ბირთვულ წვრთნებს Steadfast Noon-ს იწყებს. ალიანსის ინფორმაციით, სწავლებაში, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, საჰაერო ძალების რვა ბაზიდან დაახლოებით 2 ათასი ჯარისკაცი ჩაერთვება. საჰაერო მანევრები მოიცავს 60-ზე მეტ თვითმფრინავს. მათ შორისაა თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებსაც აშშ-ის ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლიათ.
ამასთან, წვრთნების დროს ნამდვილ საბრძოლო მასალას არ გამოიყენებენ.
წელს მანევრები ჩატარდება ბელგიისა და ნიდერლანდების საჰაერო ძალების ბაზებზე, ასევე, დიდი ბრიტანეთის, დანიის და ჩრდილოეთის ზღვის საჰაერო სივრცეებში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „სქაი ნიუსთან" ინტერვიუში კითხვაზე, რა გზავნილს გაუგზავნის წვრთნები კრემლს, უპასუხა: „გადამწყვეტია, რომ გამოვცადოთ და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა. ჩვენ ასევე მკაფიოდ გავუგზავნეთ მესიჯი ჩვენს მოწინააღმდეგეებს, რომ მზად ვართ, ნებისმიერ საფრთხეს ვუპასუხოთ".
გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ნატოს ბირთვული წვრთნები მიმართულია რუსეთის მუქარის საპასუხოდ.
„ნატოს ბირთვული წვრთნები ყოველწლიურ გეგმიურ სწავლებაზე ადრე ჰქონდა, ცივი ომის პერიოდში და ახალი არაა. რომელიც ახლა აღადგინა, ვლადიმერ პუტინის ბირთვული მუქარებიდანაა გამომდინარე. ეს ყველაფერი ადეკვატურია.
„ახლა რუსეთმაც საპასუხო ღონისძიებებიც უნდა განახორციელოს და სწავლებები უკვე ჩაატარა, რაც მათ ძვირი დაუჯდებათ, დამატებითი ხარჯები იქნება. აქ მნიშვნელოვანი არაფერია, უბრალოდ ნატომ რუსეთის საპასუხოდ ბირთვული სწავლებები დაიწყო. ამ წვრთნების ზუსტ სცენარს ვერ გეტყვით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს თავდაცვითი სწავლება იქნება და ასევე, რუსულ მუქარაზე რეაგირება", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".
სამხედრო ანალიტიკოს ლაშა ბერიძის აზრით, ნატო ბირთვული წვრთნებით ცდილობს მტერს დაანახოს, რომ ისინი თავდასაცავად მზად არიან და იარაღი სადღაც, საწყობში ისე არ უდევთ.
„ზოგაგად, წვრთვნებს ის დატვირთვა აქვს, რომ შენ მტერს აჩვენო, ყოველთვის მზად ხარ თავდასაცავად და მარტო მათ არ აქვთ ბირთვული იარაღი. ეს არის ამ წვრთვნების ერთ-ერთი დანიშნულება და ამით აჩვენებ, რომ ეს ტყუილად არ გიდევს სადღაც საწყობში.
„მითუმეტეს, ახლა, როცა რუსეთი ყოველდღიურად აწარმოებს ბირთვულ შანტაჟს დასავლეთზე. რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, ყველა წვრთნის მიზანი ესაა. თორემ შეიძლებოდა ნატოს ეს საიდუმლოდაც ჩაეტარებინა, მაგრამ ღიად იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მზადყოფნა ეჩვენებინათ.
„რამდენიმე ხნის წინ რუსეთმაც ჩაატარა სწავლებები. შეიძლება კიდევ განახორციელოს მსგავსი რამ, ანუ ძალის დემონსტრირება", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე