შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ისრაელში თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემას და ამერიკელ ჯარისკაცებს გზავნის. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აღნიშნული ნაბიჯის მიზანი ისრაელის დაცვაა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ კი განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თავის ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხეში აყენებს აშშ-ის სარაკეტო სისტემების სამართავად მათი ისრაელში განლაგებით.
ამასთან, პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ეს განლაგება არის უფრო ფართო კორექტირების ნაწილი, რომელიც აშშ-ის სამხედროებმა განახორციელეს ბოლო თვეებში ისრაელის მხარდასაჭერად და ამერიკელი პერსონალის დასაცავად ირანის და ირანის მიერ მხადაჭერილი ჯგუფების თავდასხმებისგან.
„როიტერი" წერს, რომ ისრაელის საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამერიკის სამხედრო განლაგება ისრაელში, წვრთნების მიღმა, იშვიათია. შეერთებული შტატების ჯარები ბოლო თვეებში დაეხმარნენ ისრაელს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო გეგმებისა და გამანადგურებლებისგან თავის დაცვაში, როდესაც ის ირანის თავდასხმის ქვეშ მოექცა, მაგრამ, ისინი ისრაელის ფარგლებს გარეთ იყვნენ ბაზირებული.
შავი ზღვის უნივერისტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ამერიკის კონფლიქტში მეტ ჩართულობას ნიშნავს, რაც ერთი მხრივ სიტუაციას დაძაბავს და მეორე მხრივ, დადებითად აისახება.
„შესაძლოა ეს კონფლიქტში ამერიკის მეტ ჩართულობას ნიშნავდეს. აქამდე ამერიკა ახლო აღმოსავლეთის პრობლემების გადაწყვეტაში სამხედრო თვალსაზრისით, ჩართული იყო, თორემ, დიპლომატიური ძალისხმევით, ბუნებრივია, ის როგორც შუამავალი, სულ მოლაპარაკების მხარეს იყო. ამერიკამ ახლო აღმოსავლეთში ჯარი გაგზავნა, რათა „ჰუსიტები" მოეგერიებინათ. ახლა კი იძულებული გახდა ისრაელისთვის დაეხმარება გაეგზავნა, რადგან „ჰეზბოლა" სარაკეტო დაბომბვებს ახორციელებს.
„მართალია, ისრაელი თავს წარმატებით ართმევს, თუმცა, არსებობს კიდევ საფრთხე, რომ ირანმა კვლავ მიიტანოს ისრაელზე სარაკეტო იერიშები. აქედან გამომდინარე, ამერიკა ცდილობს, რომ კიდევ უფრო მეტად დააფიქსიროს საკუთარი სამხედრო ყოფნა ახლო აღმოსავლეთში. მითუმეტეს, ვაშინგტონს არაბულენოვან ქვეყნებში მოკავშირეები ჰყავს და სამხედრო ბაზები არაბეთის ნახევარკუნძულზე განთავსებულია. ამერიკას სურს, რომ ის იყოს ისრაელის და სხვა არაბულენოვანი ქვეყნების მოკავშირეების უსაფრთოხების გარანტიც.
„ერთი მხრივ, ეს სიტუაციის დაძაბვას გამოიწვევს, მაგრამ მეორე მხრივ, ირანი და „ჰეზბოლა" იძულებულები გახდებიან, რომ ანგარიში გაუწიონ ახალ რეალობას ახლო აღმოსავლეთში. მაგალითად, ივივე ტერიტორიაზე „ჰუსიტების" გააქტიურებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ რამდენჯერმე ამერიკამ მათი პოზიციები დაბომბა და ახლა შედარებით ეს „ჰუსიტები" განეიტრალებულები არიან. ახლა საჭიროა „ჰეზბოლას" განეიტრალება. ამერიკა იძულებულია, რომ უფრო მეტად ჩაერიოს ამ პრობლემის გადაჭრაში", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, სავარუდოდ, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის იდეას მიჰყვება, რაც ომის მასშტაბის გაფართოებას გამოიწვევს.
„ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ ნაბიჯით ამერიკა კონფლიქტში უფრო მეტად ერთვება. ის, როგორც ისრაელის სტრატეგიული მოკავშირე ვალდებულია მისი სამხედრო უსაფრთხოება დაიცვას. დონალდ ტრამპს ჰქონდა იდეა, რომ ისრაელისა და ამერიკის ერთობლივი დარტყმა ირანზე განეხორციელებინა. როგორც ჩანს, ეს იდეაც ძალაში რჩება.
„მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბაიდენი გრძნობს ტრამპი გაიმარჯვებს, რადგან ბაიდენმა თავის უსაფრთხოების სამსახურს ბრძანება მისცა, რომ ტრამპი დაიცვან, როგორც ამერიკის პრეზიდენტი. ჯარის შეყვანის გადაწყვეტილებაც ტრამპის იდეის თანხვედრია. ასე რომ, ძალიან ბევრი უცნაურობა ერთმანეთს ემატება.
„აქედან გამომდინარე, ეს ამერიკის ომში ჩართვას ნიშნავს მ კუთხით, რომ ამერიკა ვალდებულებას იღებს ისრეალი ირანის თავდასხმებისგან დაიცვას. ირანი იძულებული იქნება ამერიკასაც დაარტყას. შესაბამისად, ომის მასშტაბიც გაიზრდება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე