დონეცკის ოლქში სტარტეგიული მნიშნელობის ქალაქ უგლედარის დაცემის შემდეგ, ერთი კვირაა უკრაინის არმია უკან იხევს. ზოგიერთი სამხედრო მიმომხილველი უკვე იმაზე ალაპარაკდა, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინელთა მთავარი დაცვის ხაზი გარღვევის პირასაა, ან უკვე გაირღვა. „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ანალიტიკოსები ამ შეფასებას გადაჭარბებულად მიიჩნევენ და დონბასში რუსების სწრაფი წინსვლის მიზეზებზეც საუბრობენ.
ანალიტიკოსთა შეფასებით, დონეცკის ოლქში რუსები წარმატებას ძირითადა ცოცხალ ძალაში საგრძნობი უპირატესობის ხარჯზე აღწევენ, რასაც ბუნებრივად თან ახლავს დიდი დანაკარგები. გარდა ამისა, თავისი როლი ითამაშა იმანაც, რომ უკრაინელებმა თავისი ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში გადაისროლეს.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, კურსკში უკრაინელთა შეჭრამ ბოლოდე არ გაამართლა, რადგანაც გათვლა იმაზე იყო, რომ რუსული სარდლობა მათ შესაჩერებლად სწორედ დონბასიდან გადაისროდა ნაწილებს, მაგრამ ასე არ მოხდა.
„სამწუხაროდ, დონეცკის მიმართულებაზე უკრაინელებს გარკვეულწილად ცუდი მდგომარეობა შეექმნათ იმიტომ, რომ რუსებმა ფაქტობრივად, უგლედარი აიღეს, რომელიც დონეცკის მიმართულებაზე მთავარი საკვანძო ელემენტი იყო", - განაცხადა სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისიამ „რეზონანსთან".
„უგლედარი შემაღლებულ ადგილას მდებარეობს და სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მისი დაცემა უკრაინისთვის დარტყმა, ვინაიდან ამის მოლოდინი არსებობდა", - აცხადებს გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
უკრაინულმა მხარემ 2 ოქტომბერს ოფიციალურად დაადასტრა, რომ ალყაში მოქცევის საფრთხის გამო, უკრაინული ქვედანაყოფები ქალაქ უგლედარიდან გავიდნენ. ამასთან, ზოგიერთი სამხედრო ბლოგერი იმასაც წერს, რომ ეს რუსების მიერ დონბასში უკრაინელთა მთავარი დაცვის ხაზი გარღვევას.
ვახტანგ მაისაის აზრით, ბევრი მიზეზია, რატომაც უკრაინელები ამ მიმართულებაზე მტერს ვერ აჩერებენ. თუმცა, მისივე თქმით, ყველაფრის მიუხევადავად, ფრონტის მთლიან ხაზზე დაბალანსებული სიტუაციაა.
„რუსების მთავარი მიზანია, რომ ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქების ტერიტორიები მთლიანად დაიკავონ და შემდეგ დნეპრის მიმართულებაზეც გადავიდნენ. რაღაც-რაღაცებში მათ წარმატება აქვთ და სამწუხაროდ, ამის აღიარება გვიწევს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სტაბილიზაციის მომენტების შექმნა მიდის. უკრაინელები ამაზე უკვე მუშაობენ და გარკვეულ ქმედებებსაც ახორციელებენ.
„პრინციპში, უკრაინელებს დონეცკის მიმართულებაზე აქვთ პრობლემები, თორემ სხვაგან არა. კურსკის ოლქში უკრაინელები პლაცდარმს კიდევ უფრო აფართოვებენ. დონეცკის მიმართულებაზე თუ ცუდი სიტუაციაა, კურსკში დადებითი მომენტი აქვთ. საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე მთლიან ფრონტზე დაბალანსებული მდგომარეობაა. ზოგადად, უკრაინელებს დიდი ოპერატიული ინიციატივა აქვთ.
„ბევრი მიზეზია, როს გამოც უკრაინელები დონეცკის მიმართულებაზე რუსებს ვერ აჩერებენ. პირველ რიგში ის, რომ ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფები კურსკში გადაისროლეს. ამიტომ ფრონტის სხვა მონაკვეთები გაშიშვლდა. კურსკის ოპერაციის გათვლა ის იყო, რომ რუსები კურსკის დასაცავად გაიყვანდნენ უკრაინიდან დანაყოფებს. კი, რუსებმა რამდენიმე ბრძოლისუნარიანი დანაყოფი მოხსნეს, მაგალითად 810-ე საზღვაო ბრიგადა, თუმცა ეს უბრალოდ ტაქტიკურ-ოპერატიული მანევრი იყო.რუსებმა ბრძოლისუნარიანი დანაყოფები უკრაინის ტერიტორიაზეძირითადად მაინც დატოვეს და შეტევები ისევ გააგრძელეს.
„უკრაინელების მხრიდან ამ სტრატეგიულმა ჩანაფიქრმა არ გაამართლა. თუმცა გეოსტრატეგიულად უკრაინელებმა სწორად გააკეთეს. ანუ კურსკის ეს პლაცდარმი რუსეთის სტრატეგიული ხელმძღვანელობისთვის მაინც ქმნის ერთგვარ დისკომფორტს", - განაცხადა ვახტანგ მაისიამ.
ვახტანგ კაპანაძის თქმით კი, უკრაინისთვის უგლედარის დაკარგა მოულოდნელი არ იყო და ახლა სხვა ტერიტორიას ამზადებენ თავდაცვისთვის. მისივე შეფასებით, ყველაფრის მიუხედავად, რუსებს დიდი წინსვლა მაინც არ აქვთ.
„საერთო ოპერატიული მდგომარეობით, დაცვის ხაზის გარღვევა არ მომხდარა. უკრაინელებმა უკან დაიხიეს, მაგრამ ეს ხაზის გარღვევას არ ნიშნავს. უკრაინელები გადაადგილდნენ შემდეგ ზღუდეზე, რომელიც წინასწარ მომზადებული ექნებოდათ, ვინაიდან უგლედარის დაკარგვა სავაუდო იყო.
„რუსებმა ორწელიწადნახევარი მოანდომეს 40-ათასიანი დასახლების აღებას. უკრაინელები კი ეს პერიოდი არ იდგნენ და არ ელოდებოდნენ როდის დატოვებდნენ უგლედარს. რა თქმა უნდა, ტერიტორიებს ამზადებნენ. მე როგორც ვიცი, კურახოვო არის შემდეგი თავდაცვის რაიონად გამზადებული, სადაც უკან დახეულმა უკრაინელებმა თავი მოიყარეს.
„კი, რუსებს ტემპი მომატებული აქვთ, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში 500 მეტრს რომ გაივლიან, ეს არ არის რაღაც მაღალი ტემპებით სვლა. ესაა ტაქტიკური ინიციატივა, რომელსაც რუსები ინარჩუნებენ, თუმცა, სავარაუდოდ, მალე ესეც გაურთულდებათ, რადგან, ფაქტობრივად, წვიმების სეზონების დაწყებამდე ბევრი აღარაფერი დარჩა.
„ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინას თავის სტრატეგიული რეზერვები გააჩნია, თუ არ ვცდები, 16 ბრიგადის შემადგენლობით, რომელიც ბრძოლაში არაა შეყვანილი. უკრაინას ჯერ ისე არ უჭირს, რომ ყველა ეს რეზერვი გამოიყენოს. ასევე ნუ დაგვავიწყდება, რომ კურსკის ოლქში რუსული დაჯგუფება ალყაშია და მის გასათავისუფლებლად მთელ ძალისხმევას იყენებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასე რომ, რუსებს დიდი წინსვლები არ აქვთ და ოპერატიულ გარღვევებზე საუბარი არაა.
„მიზეზი, რუსეთი რატომაც ახერეხებს გარკვეულ წინსვლას, არის ის, რომ მათ რაოდენობრივი უპირატესობა აქვთ. როგორ უკრაინელები იძახიან - „ხორცის შეტევები", მათ გამუდმებული შეტევები აქვთ პირადი შემადგენლობის მაქსიმალური გამოყენებით, დიდი დანაკარგის ხარჯზე და ასევე, კორექტირებადი საავიაციო ბომბების საშუალებით ყველაფრის მიწასთან გასწორებით. ამიტომ არის უკრაინისთვის მნიშვნელოვანი „ეფ-16"-ების მიღება, რომელიც საშუალებას მისცემთ უშუალოდ იმ რუსულ თვითმფრინავებს ებრძოლონ, რომლებიც ბომბებს ატარებენ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე