თეირანი ისრაელისგან პასუხის პასუხს ელოდება და არ გამორიცხავენ, რომ ეს იყოს ირანის ბირთვულ ობიქებეტზე მასშტაბური დარტყმა. აშშ-ში აცხადებენ, რომ ისრაელს გარანტია არ მიუცია ვაშინგტონისთვის, რომ ამას არ გააკეთებენ, რაც, ანალიტიკოსების თქმით, ასეთი შეტევის ალბათობას ზრდის და არაა გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი ისრაელმა სიმბოლურად დაამთხვიოს „ჰამასის" მასშტაბური ტერაქტის წლისთავს - 7 ოქტომბერს, რაც ახლო აღმოსავლეთში მკვეთრი ესკალაციის კატალიზატორი გახდა.
2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელზე მოულოდნელი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რასაც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 250 ადამიანამდე კი ტყვედ აიყვანა. საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ირანს 13 ბირთვული ობიექტი აქვს და არაა გამორიცხული, რომ ისრაელმა მათ შეუტიოს. გარდა ამისა, მოსალოდნელია ირანის ანალოგიური პასუხი ისრაელზე.
ამის პარალელურად საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოკავშირეებს მოუწოდა, რომ ისრაელს იარაღის მიწოდება შეუწყდეს, რასაც ისრაელის მთავრობის შეშფოთება მოჰყვა. ირანი და ლიბანი კი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან, თუმცა ისრაელი გაჩერებას არ აპირებს და მოწინააღმდეგის პოზიციებს შესვენების გარეშე უტევს.
აღსანიშნავია, რომ 27 სექტემბერს, ბეირუთის სამხრეთ უბანში ისრაელის ავიაიერიშს „ჰესბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა ემსხვეროლა. ამის საპასუხოდაც 1-ლ ოქტომბერს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა.
რა ხდება ახლო აღმოსავლეთში
ისრაელი ლიბანის მიმართულებით იერიშს აგრძელებს. „ცახალის" (ისრაელის თავდაცვის ძალები) ცნობით, 7 ოქტომბრის ღამეს ისრაელმა ბეირუთში საბრძოლო მასალის საწყობისა და სხვა ტეროტრისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მორიგი საჰაერო იერიში განახორციელა. მათივე თქმით, თავდასხმებამდე მათი მხრიდან მრავალი ნაბიჯი გადაიდგა, რათა „ზიანის მიყენების შანსი შემცირებულიყო, მათ შორის წინასწარ იქნა გაფრთხილებული ტერიტორიიის მოსახლეობა".
მათი ინფორმაციით, „ჰეზბოლა" თავის იარაღს და სამხედრო რესურსებს ბეირუთის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსების ქვეშ ათავსებს, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიბანში ისრაელმა სარაკეტო დარტყმებით „ჰამასის" ორი მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელა - ქალაქ ტრიპოლის მახლობლად იერიშს ემსხვერპლა საიდ ატალა ალი, ხოლო ქალაქ საადნაელთან იერიშს - ჰუსეინ ალ-ლავისი. „ჰამასმა" ოფიციალურად დაადასტურა ორივე მათგანის დაღუპვა.
5 ოქტომბერს კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას" გვირაბი გაანადგურეს, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის საზღვრამდე მისაღწევად იყენებდა.
„ჰესბოლა", თავის მხრივ, საპასუხო დარტყმებს ახორციელებს ისრაელზე. 5 ოქტომბრის სამხრეთ ისრაელზე სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი სახლები დაინგრა და დაზიანდა.
ისრაელი კი გაჩერებას არ აპირებს. თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი ჰერზი ჰალევი აცხადებს, რომ „ჰეზბოლას" პოზიციებზე დარტყმები „შემსუბუქებისა და შესვენების გარეშე გაგრძელდება".
ამის პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სირიაში ჩავიდა და თავის სირიელ კოლეგა ბასამ ალ-საბაღს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ „დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხია". მანამდე იგი ლიბანში იმყოფებოდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
ლიბანის პრემიერმა ნაჯიბ მიქათმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა „ცეცხლის შეწყვეტისა და ზავის მიღწევის მიზნით, ისრაელზე ზეწოლა მოახდინონ".
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ღაზის სექტორში საბრძოლველად ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა, რასაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა „სამარცხვინო" უწოდა.
მაკრონის ოფისმა ნეთანიაჰუს ეს განცხადება შეაფასა, როგორც „გადაჭარბებული და საფრანგეთისა და ისრაელის მეგობრობისგან მოწვეტილი. მათ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საფრანგეთი კვლავ ისრაელის მტკიცე მეგობარია".
აქვე აღსანიშნავია ერთი რამ - „სი-ენ-ენი" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელს ვაშინგტონისთვის არანაირი გარანტიები არ მიუცია და არც პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან დაუდია პირობა, რომ თეირანის დარტყმებზე პასუხად, ირანის ბირთვულ ობიექტებს არ დაარტყამს.
რა სცენარით განვითარდება მოვლენები
როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, სავსებით მოსალოდნელია, რომ ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყას, ამას კი შესაძლოა მოჰყვეს ის, რომ ირანმაც დაარტყას ისრაელის ბირთვულ ობიექტებს.
„საფრანგეთის პოზიცია გასაგებია, მაკრონს ისრაელთან დაკავშირებით ისედაც საკმაოდ ხისტი რეაქციები აქვს ხოლმე. ეს, რა თქმა უნდა, ისრაელის საერთაშორისო მხარდაჭერაზე გავლენას იქონიებს. დღევანდელი საკმაოდ ცვალებადი საერთაშორისო ურთიერთობების ფონზე, როცა ამერიკელების პოზიციები არცთუ ისე მყარია და ჩინეთი კიდევ უფრო მზარდად მიდის წინ, ევროკავშირის ზე-სახელმწიფოების - საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციები საკმაოდ მნიშვნელოვანია.
„ისრაელი პასუხს იმიტომაც აჯანჯლებს, რომ, როგორც ჩანს, ისეთი დარტყმის მიყენებას აპირებს, რომელიც სამუდამოდ დაუსვამს წერტილს ირანის ბირთვულ პროექტს. ალბათ ამაზეა საუბარი. ამის გამოა, რომ გადაიწია საპასუხო ზომები. თანაც, რადგანაც ისრაელმა ამერიკას პირობა არ მისცა, რომ არ დაარტყამს, აქედან გამომდინარე, დღე-დღეზე უნდა ველოდოთ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს.
„ირანს ბირთვული ობიქეტები ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსვალეთ ნაწილში აქვს. ამ ეტაპზე სულ 13 ობიექტია, რომელიც არის იდენტიფიცირებული. ასევე დადასტურებულია, რომ აქვს 20-25 ბირთვული ქობინი და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა 50-მდეც ჰქონდეს. ისრაელს 80 ბირთვული ქობინი აქვს და შესაძლოა განმეორდეს ინდოეთ-პაკისტანის 1999 წლის პრეცედენტი, როდესაც ორივემ მხარემ ერთდროულად მოახდინა ბირთვული აფეთქება და ორივე ბირთვული კლუბის წევრი გახდა. ამის ყველა ინდიკაცია აქვთ ორივე მხარეს.
„შესაძლოა ისრაელი ამ დრომდე კიდევ უფრო აზუსტებდა სადაზვერვო მონაცემებს, რომელთა გაანალიზების საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. შესაძლოა გადაწყვეტილება უკვე მიიღეს კიდეც, თუმცა ოპერატიულ-სტარტეგიულ გეგმას ახალ-ახალი ინფორმაციებით ხვეწენ, რომ მაღალი სიზუსტით დაარტყან", - განაცხადა მაისაიამ.
მისივე თქმით, გამორიცხული არაა ისრაელმა ეს დარტყმა 7 ოქტომბერს დაამთხვიოს.
„შესაძლოა, ისრაელმა 7 ოქტომბერს დაამთხვიოს დიდი შეტევა და ეს დღე შურისძიების დღედ აქციოს. 7 ოქტომბერი პუტინის დაბადების დღეა და როგორც ჩანს, „ჰამასმა" შემთხვევით არ განახორციელა ეს ოპერაცია ერთი წლის წინ სწორედ ამ დღეს.
„არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ჰამასი" და „ჰეზბოლა" წლისთავთან დაკავშირებით რაღაც ტერორისტულ თავდასხმას თავადაც აპირებდნენ ისრაელზე.
„ირანი ზავს ითხოვს და ეს გასაგებია, რადგან თავად დარტყმა უკვე განახორციელა და ერთი ადამიანი რომ მეორეს დაარტყამს, ბუნებრივია, მას ხელის შებრუნება და პასუხი აღარ აწყობს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე