თამთა ჩაჩანიძე
(04.10.2024)

ისრაელი ჰეზბოლას "უფრო მეტი სიურპრიზით" ემუქრება. ქვეყნის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბან-სირიის დამაკავშირებელი 3.5-კილომეტრიანი გვირაბი გაანადგურეს და „ჰეზბოლას" კომუნიკაციების მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს. ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით კი, ირანის შეტევა "სრულიად კანონიერი" იყო და საპასუხოდ ისრაელს არ შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ჰეზბოლას ან ჰამასს.

კავკასიის საერთაშორის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ისრაელი, ირანის დარტყმას უპასუხოდ არ დატოვებს და როგორც ჩანს, ამისთვის სერიოზულად ემზადება. მაისაია რამდენიმე სცენარს განიხილავს, თუმცა ფიქრობს, რომ თუ სიტუაცია პინგ-პონგს დაემსგავსა, პროცესი უმართავი გახდება.

"ალბათ ისრაელი 1978 წლის ეფექტს გაიმეორებს - შევა, სამხრეთ ლიბანს დაიკავებს, გაამყარებს პოზიციებს და ბუფერულ ზონას შექმნის. 1978 წელსაც ასე გააკეთა, რაც იყო პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის საბრძოლო რაზმების, ეს კი "ჰეზბოლას" წინააღმდეგაა. ალბათ ეს "სიურპრიზი" თუ იქნება.

"ირანის მხრიდან კი შესაძლოა ის პასუხი იყოს, რომ თავისი რეგურალურმა შეიარაღებულმა ნაწილებმა გოლანის სიმაღლეებზე მიიტანოს შეტევა და დაიკავოს. მეორე, ლიბანში თავისი რეგურალური და გასამხედროვებული ჯგუფები გადაისროლოს, გაამყაროს და იქიდან დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია. ალბათ, ასეთ შემთხვევაში, მოსალოდნელია "ჰუსიტების" ჩართვაც, მათ საკმაოდ ძლიერი პოტენციალი აქვთ და უფრო ორგანიზებული ძალაა. აქვთ საკმაოდ მაღალი დონის შიარაღება და დაადასდტურეს, რომ დასავლეთის დიდ სახელმწიფოებთანაც კი შეუძლიათ სერიოზული დაპირისპირება.

"ჰეზბოლას" ლიდერშიპის პრობლემა არ აქვს, დაჯგუფებას თავისი პოლიტიკური ინსტიტუტები და თავისი საკადრო რეზერვის მართვის სისტემა აქვს და თუ ისრაელი ერთ თავს წააჭრის, ახალი თავი ამოვა.

"სიტუაცია ისე წავიდა, რომ ყველა სცენარი მოსალოდნელი და გასათვალისწინებელია. როგორც ჩანს, ისრაელი თავის პოტენციალს ამზადებს და ირანს ვალში არ დარჩება. როგორც ჩანს, ცდილობს, რომ უფრო მიზნობრივი და უფრო ზუსტი დარტყმები, რათა ირანი გეოპოლიტიკური თამაშიდან გამოიყვანოს,

"როგორც ჩანს, ისრაელი სერიოზული დარტყმებისთვის ემზადება, ამის მერე სიტუაცია როგორ განვითარდება ძნელი სათქმელია. საინტერესოა ისრაელის ქმედების მერე რა პოზიციას დაიკავებს ირანის ხელისუფლება, თუ სიტუაცია პინგ-პონგის თამაშივით წავიდა, ეს უკვე ორმხრივი სახელმწიფოებრივი დაპირისპირებაა და შესაძლოა ვიხილოთ ბირთვული ესკალაციაც კი",-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".

4 ოქტომბერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა 3.5 კილომეტრის სიგრძის გვირაბს დაარტყეს, რომელიც ლიბანსა და სირიას შორის გადიოდა და რომელსაც „ჰეზბოლა" ირანული იარაღის კონტრაბანდისთვის იყენებდა.მგვირაბს ჰეზბოლას ერთ-ერთი ქვედანაყოფი აკონტროლებდა, რომელსაც ირანიდან და მისი მარიონეტებიდან ლიბანში იარაღის გადატანა ევალება.

დარტყმამ გაანადგურა გვირაბი, სადაც იარაღის ტრანსპორტირება და შენახვა ხდებოდა, ასევე მის სიახლოვეს მდებარე შენობები, იარაღის საწყობები და სხვა ინფრასტრუქტურა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანის დედაქალაქ ბეირუთზე გუშინ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად ჰეზბოლას კომუნიკაციების მეთაური, მუჰამედ რაშიდ სკაფის ლიკვიდაცია განახორციელეს. ისრაელისა არმიაში აცხადებენ, რომ ის „ჰეზბოლაში" 2000 წლიდან იმყოფებოდა და დაჯგუფების მაღალ ლიდერებთან დაახლოებული პირი იყო. „ჰეზბოლას"ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადება, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციები გრძელდება და ისრაელს კიდევ მეტი „სიურპრიზი" აქვს ჰეზბოლასთვის.

„ჰეზბოლა" ძალიან მძიმე დარტყმებს იღებს ერთმანეთის მიყოლებით. ჩვენ გავანადგურეთ ჰასან ნასრალა და კიდევ მეტი სიურპრიზი გვაქვს, რომელთაგან ზოგიერთი უკვე განხორციელდა და ზოგიერთი განხორციელდება", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, „ჰეზბოლას" სარაკეტო ძალების დივიზიამ მძიმე დარტყმა განიცადა.

„მაღალი ხარისხის და ზუსტი ოპერაციის შედეგად მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. სამეთაურო-საკონტროლო შტაბი, კომუნიკაციები, [ელიტარული რადვანის ძალების] მთელი ხელმძღვანელობა და ნასრალას ქვემოთ სარდლობის მთელი მეორე და მესამე დონე აღმოიფხვრა", - აღნიშნა იოავ გალანტმა.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები დღეს ახორციელებს ოპერაციას რამდენიმე სოფელში და ეს პროცესი გაგრძელდება ყველგან, სადაც საჭირო იქნება, რათა გაანადგურონ მთელი ინფრასტრუქტურა, საიდანაც „ჰეზბოლა" განხორციელებას გეგმავდა.

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანის შეტევას ისრაელზე სრულიად კანონიერი იყო და რაც ირანმა გააკეთა „მინიმალური სასჯელი" იყო ისრაელისთვის იმ „გასაოცარი დანაშაულებისთვის", რაც მან ჩაიდინა.

„ჩვენი შეიარაღებული ძალების ოპერაცია რამდენიმე ღამის წინ იყო სრულიად ლეგალური და ლეგიტიმური", - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ირანის უზენაესმა ლიდერმა ისრაელს „ვამპირის" რეჟიმი უწოდა, აშშ-ს კი „ცოფიანი ძაღლი" რეგიონში. მისი თქმით, ირანი არ იყოყმანებს და არ გააჭიანურებს ქმედებებს, როდესაც საქმე ისრაელს შეეხება.

„ირანის მტერი ისაა, ვინც პალესტინის სახელმწიფოს, ლიბანისა და სხვა მუსლიმური ერების მტერია", - აღნიშნა ხამენეიმ.

ამასთან, მისი თქმით, „ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა „ლეგიტიმური ქმედება" იყო.

„პალესტინელ ხალხს აქვს კანონიერი უფლება დაიცვას საკუთარი თავი. წინ აღუდგეს დამნაშავეებს - საოკუპაციო ძალებს. არ არსებობს არც ერთი სასამართლო ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია დაადანაშაულოს პალესტინელი ხალხი სამშობლოს დაცვაში", - განაცხადა ხამენეიმ.

ამასთან, მისი მტკიცებით, ისრაელს არ შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს „ჰეზბოლას"ან „ჰამასს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე