ნატალია ჯვარიძე
(19.06.2024)

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, ეს დოკუმენტი მრავალი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საფუძველი იქნება. „რია-ნოვოსტის" ინფორმაციით, ფხენიანში, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ყოვლისმოცველ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

სტრატეგიული პარტნიორობის ახალი დოკუმენტი 1961 წლის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებას, 2000 წლის მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შეთანხმებას და 2000 და 2001 წლის მოსკოვისა და ფხენიანის დეკლარაციას ჩაანაცვლებს.

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ ჩრდილოეთ კორეამ და რუსეთმა მათი პარტნიორობა ოფიციალურ ფაზაში გადაიყვანეს და ის არც იმას გამორიცხავს, რომ სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებიც შეუერთდნენ. როგორც იგი აღნიშნავს, ისინი ერთობლივად ეცდებიან დიდი წინააღმდეგობა გაუწიონ დემოკრატიული სახელმწიფოების წარმომადგენლებს.

„ეს ბუნებრივი მოვლენა იყო, რადგან მათ ეს ურთიერთობა ფორმალურად უკვე აიყვანეს და შეიძლება ითქვას, რომ შეიქმნა ავტორიტარული რეჟიმების ახალი ალიანსი და სამწუხაროდ ამას თავისი საფუძველი აქვს.

„ამრიგად, სიტუაცია საკმაოდ რთულია და მე ვიტყოდი, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს დიდი გამოწვევაა. ძალიან ცუდი ამბავია, რადგან შესაძლოა ამათ ავტორიტარული რეჟიმის სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მე ამასაც არ გამოვრიცხავ.

„ეს სტრატეგიული პარტნიორობა ითვალისწინებს რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ხელშეწყობას და შესაძლოა ჩრდილოეთ კორეა ბირთვული კლუბის წევრად ვიხილოთ. მეორე კიდევ, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინის ომში ეხმარება და უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის და ეს უკვე გამოიკვეთა.

„მესამე არის ის, რომ ავტორიტარული რეჟიმები ერთიანდებიან და თუ შეიძლება ითქვას ერთ რაღაც გეოპოლიტიკურ ალიანსში ექცევიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ისინი ერთობლივად ეცდებიან წინააღმდეგობა გაუწიონ დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლებს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი ამ საქმიდან რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდება: „მე აქ გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, რადგან ყველაფერი რაც სტრატეგიულმა ქვეყნებმა ერთმანეთისთვის გააკეთონ, ეს ორი ქვეყანა აქამდეც აკეთებდა. ასე რომ, რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებას არ მოველი. რუსეთისგან ასეთი ქმედება მოსალოდნელი იყო და ეს უბრალოდ მოხდა", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე