ელზა პაპოშვილი
(17.06.2024)

პუტინის ულტიმატუმი „მშვიდობისათვის”  - როგორ და რა ფორმით შესაძლოა უკრაინის ომის ირგვლივ მოვლენები განვითარდეს. „კიევმა უნდა გაიყვანოს ჯარები რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ტერიტორიებიდან და უარი თქვას ნატოში გაწევრებაზე, რუსეთი კი საპასუხოდ დაუყოვნებლივ შეწყვეტს ცეცხლს”, – ასეთია ვლადიმერ პუტინის კიდევ ერთი ულტიმატუმი, რომელიც მან უკრაინას წაუყენა.

პუტინი ამტკიცებს, რომ მისი წინადადება მიმართულია უკრაინის ომის საბოლოო გადაწყვეტისა და არა გაყინვისთვის.

„უკრაინის ჯარები სრულად უნდა გავიდნენ დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქებიდან. უფრო მეტიც, თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ჯარები უნდა გაიყვანონ ამ რეგიონების მთელი ტერიტორიიდან. როგორც კი კიევი გამოაცხადებს, რომ მზად არიან ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და დაიწყებენ ჯარების რეალურ გაყვანას ამ რეგიონებიდან და ასევე ოფიციალურად შეგვატყობინებენ, რომ უარს ამბობენ ნატოში გაწევრიანების გეგმებზე, ჩვენ დაუყოვნებლივ, ფაქტობრივად იმავე წუთში, ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების ბრძანებას გავცემთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინს გრძელვადიანი მშვიდობისთვის უფრო ფართო მოთხოვნებიც აქვს, მათ შორის, უკრაინის არაბირთვული სტატუსი, სამხედრო ძალის შეზღუდვა ქვეყანაში და რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა.

მისი აზრით, ეს ყველაფერი უნდა გახდეს „ფუნდამენტური საერთაშორისო შეთანხმებების“ ნაწილი და რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციებიც უნდა მოიხსნას. თუ ასე არ მოხდა, პუტინი ამბობს, რომ ყველაფერი კიევისა და დასავლეთის მორალური პასუხისმგებლობა იქნება.

„დღეს ჩვენ ვთავაზობთ კიდევ ერთ კონკრეტულ, რეალურ სამშვიდობო წინადადებას. თუ კიევი და დასავლეთის დედაქალაქები უარს იტყვიან მასზე ისევე როგორც ადრე, მაშინ საბოლოოდ ეს მათი საქმეა, ეს იქნება მათი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა სისხლისღვრის გაგრძელებაზე”, – ამბობს ვლადიმერ პუტინი.

პუტინის ეს განცხადებები ე.წ. მშვიდობის თაობაზე ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მან მკაფიოდ წარმოადგინა თავისი პირობები უკრაინის ომის დასრულებისთვის, თუმცა ახლაც მას ახალი არაფერი უთქვამს. კრემლი ადრეც დაჟინებით მოითხოვდა, რომ კიევს ეღიარებინა რუსეთის ტერიტორიული მიღწევები და უარი ეთქვა ნატოში გაწევრების თაობაზე.  

ამის პარალლეურად კი არ არის გამორიცხული ვლადიმერ პუტინმა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს. ასეთ სცეარს უკრაინელები იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ რუსეთის არმია უკრაინაში დამარცხდება. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ლიტვინენკომ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ  “ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუ რუსეთი კატასტროფული დამარცხების ზღვარზე აღმოჩნდება,“ - განაცხადა ლიტვინენკომ.

მისი თქმით, ასეთმა დამარცხებამ, შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთის ფრონტების დაშლა, დეზერტირები ჯარიდან და პროტესტი მოსკოვში.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, არ არსებობს იმის ალბათობა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, სანამ რუსეთს ომში უპირატესობა აქვს.

ასევე, მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რომელსაც ნაკლები ძალა აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა სტრატეგიული ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რაც თითქმის უეჭველად, მესამე მსოფლიო ომის პროვოცირებას გამოიწვევს.

ლიტვინენკო ასევე განმარტავს, რომ რუსეთის დამარცხება უკრაინის ბრძოლის ველზე ავტომატურად არ გამოიწვევს მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას, რადგან პუტინი შეიძლება შეეცადოს დაარწმუნოს თავისი ხალხი, რომ ასეთი დამარცხება რეალურად გამარჯვებაა.  

რაც შეეხება პუტინის ე.წ. სამშვიდობო შეთანხმებას „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს არ განუხილავთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებები უკრაინაში მშვიდობის შესახებ, რადგან ყველამ იცოდა, რომ ეს სერიოზული წინადადებები არ იყო“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისი თქით, პუტინის მიერ წაყენებული პირობები, რომ უკრაინასთან სამშვიდობი მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დატოვებს თავის ოთხ რეგიონს, შეწყვიტავს ბრძოლას და უარს იტყვის ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე - მხოლოდ შვეიცარიაში დაგეგმილი მშვიდობის კონფერენციიდან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად. ყველამ იცის, რომ ეს წინადადება არასერიოზულია და კავშირშია შვეიცარიის მშვიდობის კონფერენციასთან“, - განაცხადა შოლცმა.  

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კი ამბობს, რომ უკრაინაში ომის გაყინვა მომავალში ახალ ომებს გამოიწვევს. 

"დღეს კონფლიქტის გაყინვა, როდესაც უცხოური ჯარები იკავებენ უკრაინის მიწას, არ არის გამოსავალი. სინამდვილეში, ეს არის მომავალი აგრესიული ომების რეცეპტი. ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინის ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას", - თქვა მან.

მისი თქმით, რაც ახლა სასწორზე დევს არის საერთაშორისო უსაფრთხოება, "ყველა საზღვრის ხელშეუხებლობა და ყველა ერის სუვერენიტეტი".   

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის  ყოფილი ხელმძღვანელი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების გარდა რუსეთმა უკრაინის ომში ყველაფერი გააკეთა, რაც კი მის შესაძლებლობებში შედიოდა. 

კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ორივე მხარე ემზადება გრძელი ომისთვის და პუტინმა  ეს კარგად იცის, შესაბამისად  ის ახლა ცდილობს ივაჭროს მაქსიმუმი, რაც შეიძლება მას ამ ომიდან ნაკლებად დაზიანებულს გამოიყვანს.   

„რუსეთში შოიგუს ცვლილება და ფინანსისტის  თავდაცვის მინისტრად მოყვანა იმის ნიშანი, რომ რუსეთი ცდილობს ქვეყანა  საერთოდ ომის რელსებზე გადაიყვანოს და გრძელი ომისთვის მოემზადოს. 

„პუტინმა კარგად იცის, რომ ამ ე.წ. სამშვიდობო გეგმაზე არავინ დათანხმდება და ამაზე განცხადებებიც გაკეთდა. უკრაინაც  დაახლოვებით იგივეს აკეთებს, მაგრამ ის ვიცით, რომ ევროპაზე და ამერიკაზეა დამოკიდებული. ბოლო დროს კი ევროპა ცდილობს ამერიკაზე მეტად იაქტიუროს და არ იყვნენ მთლიანად ამერიკის იმედად. 

„მიიღებს უკრაინა საკმაოდ მნიშვნელოვან დახმარებებს, რაც რუსეთში დიდი  ნერვიულობის საბაბი ხდება. ამიტომ დაიწყო პუტინმა  საუბარი რაღაცა გეგმებზე და ომის დასრულების მოლაპარაკებებზე. თუმცა ეს მაინც თამაშის ნაწილი მგონია, რადგან როგორც კი დასავლეთი ამაზე დათახმდება და ეს ყველამ კარგად იცის, ის შეეცდება სულის მოთქმას, ძალების აღდგენას, ჯარის გადახალისებას და მომზადებას. ამიტომ მის ამ განცახდებებს ყველა კარგად ხვდება და იციან პუტინს რა მიზანიცხ ამოძრავებს“,-ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე რაიმე გარადატეხას არ უნდა ველოდოთ. ასევე უკრაინის  მხრიდან არ ჩანს არანაირი იმპულსური მოქმედებები. ისინი ითხოვენ თავდაცვით საშუალებებს. მათი ამოცანაა ამ ეტაპზე ქვეყანა დაიცვან. 

„უკრაინა ცდილობს, რომ არ იფიქროს რაიმე  გრანდიოზულ შეტევაზე და ამას სწორადაც აკეთებს. კონტრშეტევები უკრაინის მხრიდან ლოკალურ დონეზე მუდმივად მიდის. წინსვლა და უკან სვლა მუდმივად ხდება. თუმცა ოპერატიული შეტევა რასაც ქვია,ამას თავისი წინაპირობა უნდა ჰქონდეს. მოწინააღმდეგე უნდა იყოს გაჩერებული. ასევე ჰაერში ბატონობა უნდა იყოს უკრაინის. ამისთვის კი ბევრი იარაღი და საჰაერო თავდაცვა სჭირდებათ. 

„არ მგონია, რომ უკრაინა მზად იყოს ფართომასშტაბიანი შეტევისთვის. ისინი ეცდებიან რუსების ამ ზაფხულს დასუსტებას და თავისი დროს დაელოდებიან. ეცდებიან მოსამზადებელი ოპერაციების განხორციელებას, რათა მიღწეული იქნას ის პირობები, რითაც თავის განვითარებას შეძლებენ“, - ამბობს კაპანაძე.    

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე