თამთა ჩაჩანიძე
(30.03.2023)

უკრაინა უახლოეს მომავალში დიდ კონტრშეტევას ამზადებს, ამას მოწმობს ოფიციალური პირების თუ დასავლელი ლიდერების განცხადებები. სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინის არმიას რუსეთის ჯარებთან მიმართებაში ოთხი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, რაც იმის წინაპირობაა, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება შესაძლებელია.

შესაძლო დიდ კონტრშეტევაზე საუბარი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტრეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, აქტუალურია შეტევის სამი შესაძლო სცენარი - ბახმუტის, ზაპოროჟიასა და ხერსონის მიმართულებით.

29 მარტს განცხადება თავად უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმაც გააკეთა, რომ კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით, რაც შესაძლოა აპრილ-მაისში ვიხილოთ. ჟურნალისტმა უკრაინის თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, თუ როდის იქნება შესაძლებელი ფრონტზე გერმანული „ლეოპარდის" ტანკების ნახვა, რომელთა ნაწილიც უკრაინამ უკვე მიიღო.

„მათ კონტრიერიშისას ნახავთ, ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილების შესაბამისად. ის უკვე იგეგმება რამდენიმე მიმართულებით. იმაზეა დამოკიდებული თუ როდის იქნება ყველაზე ხელსაყრელი მომენტი, როგორც გადაწყვეტენ. ასევე, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. გაზაფხულზე ჩვენი მიწა ძალიან სველია. მხოლოდ მუხლუხიანი ტექნიკის გამოყენება შეიძლება. ვფიქრობ, მათ ამ ორ თვეში ვნახავთ, აპრილ-მაისში", - განაცხადა რეზნიკოვმა.

შეტევაზე 25 მარტს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ კონტრშეტევის დაწყება, რომელიც დაგეგმილი იყო 2023 წლის გაზაფხულზე.

მიმდინარე წლის 10 მარტს კი იტალიური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ორი თვის განმავლობაში განახორციელონ მოსალოდნელი კონტრშეტევა რუსული არმიის წინააღმდეგ.

სამხედრო ანალიტიოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" შეტევის იმ სამ შესაძლო სცენარზე საუბრობს.

„როგორც ჩანს, უკრაინა სატანკო მუშტს შეკრავს. სამი საარმიო კორპუსი უნდა შექმნილიყო, დასავლეთიდან მიღებული ტექნიკით თანაყწობის შემდეგ, მერე შესაძლოა დიდ შეტევაზე გადავიდნენ. ჩემი აზრით, ჯერ კონტრშეტევა იქნება და როცა შესაბამის პლაცდარმს შექმნიან, მერე უკვე ალბათ ფართომასშტაბიან შეტევაზე გადავლენ.

„უკრაინის გენშტაბი შეტევის რომელ სცენარს აირჩევს, ეს გამოჩნდება, მაგრამ რამდენიმე სცენარს განვიხილავ - ერთის მხრივ, სავარაუდოდ ალბათ ბახმუტის მიმართულება უნდა იყოს, უკრაინის ე.წ. მანერჰჰეიმის ხაზის გასწვრივ იქნება შეტევა, რომ გაარღვიონ და რუსული ძალები განდევნონ.

„შესაძლოა ზაპოროჟიას მხრიდანაც წავიდნენ, მაგრამ ამ მხარეს რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული არმია დგას და შესაძლოა შეტევა გართულდეს. ბახმუტთან გასამხედროებული ფორმირებებია, ე.წ. პიატნაშკები და „ვაგნერის" ჯგუფი და მათი გარღვევა უფრო იოლია.

„მესამე შესაძლო სცენარი არის შეტევა ხერსონიდან, რომ ფრონტის ხაზი გაარღვიონ და რუსებს მომარაგების სახმელეთო გზა გადაუჭრან, რომელიც მათ ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს.

„რა სცენარითაც არ უნდა წავიდეს მოვლენები, ყველა ვარიანტში უკრაინამ შეტევის ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი და სამხედრო ექსპერტი პეტრ ნეძელსკიმ უკრაინაში მიმდინარე ომის იმ კომპონენტებზე ისაუბრა, რომლებიც მოწმობენ უკრაინის არმიის უპირატესობას რუსეთის საოკუპაციო ძალებზე. ექსპერტი ოთხს საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ესაა უკრაინელი მებრძოლების დიდ შემართება და მოტივაცია, ძლიერი სამეთაურო ბაზა, ომის დიდი პრაქტიკა, და, რა თქმა უნდა, დასავლეთის მხარდაჭერა როგორც შეიარაღების, ისე სხვა საკითხებში.

როგორც ექსპერტმა განაცხადა, დღეს ომში ის კი არ იმარჯვებს, ვისაც მრავალრიცხოვანი ცოცხალი ძალა ჰყავს, არამედ ის, ვინც სამხედრო ოსტატობით გამოირჩევა და ვისაც თანამედროვე იარაღი აქვს. ის ჯგუფები, რომლებიც რუსეთმა ფრონტზე მობილიზაციის შედეგად გამოიყვანა, „აბსოლუტურად მოუმზადებლები არიან, რასაც დონბასში მათი გვამებით მოფენილი მინდვრები მოწმობს".

„რუსების არტილერია საბჭოთადროინდელი და მოძველებულია. დღეს ომს საარტილერიო დუელის ხასიათი აქვს. დაზვერვა საშუალებას იძლევა, რომ მტრის კონცენტრირების ლოკაციები განისაზღვროს და იერიში იქნას მიტანილი",- განაცხადა პეტრ ნეძელსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ ომი გაგრძელდება, რადგან ოკუპანტებს „სამობნილიზაციო ხორცი" ჯერ კიდევ აქვთ. დასავლეთისგან განსხვავებით, რომელმაც უკრაინას თანამედროვე ტანკები გადასცა, რუსეთი ფრონტზე მოძველებულ ტე-55 და ტე-62 ტიპის ტანკებს აგზავნის.

„თუ ყველა ამ კომპონენტს გავითვალისწინებთ, მაშინ შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ რუსეთის არმიას დავამარცებთ", - ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი პეტრ ნეძელსკი და დარწმუნებულია, რომ უკრაინაში დამარცხების შემდეგ, რუსეთის დაშლის შეუქცევადი პროცესები დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე