ნაზი ბერიძე
(30.03.2023)

ჩვენი ქვეყნის რუსეთ უკრაინის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ. რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა, აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ამაზე სახელმწიფო ექსმინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, „რეზონანსთან" ამბობს, რომ თურქეთს ომში ჩართვას არავინ აიძულებს, ეს უბრალოდ წინასაარჩევნო კამპანიაა ერდოღანის მხრიდან.

როგორც ის ამბობს, თურქეთის მიზანია საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გამყარება საერთაშორისო ასპარეზზე და ის ასევე ცდილობს მედიატორის როლის შესრულებას რუსეთ-უკრაინის ომში. ამით ერდოღანს უნდა, რომ მსოფლიო პოლიტიკაში თავისი წონა გაზარდოს.

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, რომელიც ხასიათდება კრიზისებითა და ომებით. ამ რთულ პირობებში ჩვენ შევძელით, აგვეშენებინა ძლიერი, დამოუკიდებელი თურქეთი და ამას მოფრთხილება სჭირდება. გავაგრძელებთ ყველაფრის კეთებას იმისთვის, რომ ომი ჩვენს მიწაზე არ მოვიდეს. ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ. რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი მიზანია, უკრაინასა და რუსეთს შორის სამართლიანი და მყარი მშვიდობა იყოს მიღწეული. იმედი მაქვს, რომ ეს ომი ჩვენი მტკიცე შუამავლობით დასრულდება", - განაცხადა ერდოღანმა.

პაატა ზაქარეიშვილი ომში თურქეთის პრივილეგიებზე საუბრობს და ერდოღანის განცხადებას ხსნის: „თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო, არა რიგითი, არა მაჩანჩალა, არამედ წამყვანი. თურქეთი შედის ნატოს წევრი ქვეყნების პირველ ხუთეულში არმიის რაოდენობით, აღჭურვილობით, გეოსტრატეგიული მდგომარეობით.

„ასე რომ, განცხადება თითქოს დასავლეთის ქვეყნები აიძულებენ თურქეთს რაღაცას, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. თვითონ თურქეთია დასავლეთი. ეს დააახლოებით ისეთი განცხადებაა, რომ ვაშინგტონმა ან ბრიუსელმა თქვას, ჩვენ დასავლეთი გვაიძულებდა ამის გაკეთებასო.

„თურქეთში მაისში ახლოვდება არჩევნები, შესაბამისად ერდოღანის ეს განცხადება თავისი ხმების მოსაპოვებლად გაკეთებულ გზავნილს ჰგავს იმ თურქი ამომრჩევლის მიმართ, ვისაც ეშინია ომის, ასევე თურქეთი თავის საგარეო პოლიტიკას იმყარებს ამ განცხადებით.

„ეს არის თურქეთის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და მიმართულია ორი ადრესატისაკენ, ერთი ეს არის თურქეთის ამომრჩეველი, რომელსაც ეშინია ომების, ეს არის მიმართული თურქი ამომრჩევლისაკენ, რომელსაც აქვს განცდა, რომ აგერ ახლოს მიდის ომი უკრაინასა და რუსეთში, რომლებიც თურქეთის მეზობლები არიან შავი ზღვიდან, ამიტომ მათ მიმართ არის მიმართული ეს განცხადება.

„მან თურქ მოსახლეობას შეატყობინა, რომ არ ჩაერთვება ომში, ეს განცხადება ჰგავს იმას, რომ როგორც საქართველოში პრორუსული ძალებია გააქტიურებული და ამბობენ, ომი იქნებაო, დაახლოებით ასეთივე პროპაგანდა მიდის დღეს თურქეთში. თურქეთი არ აპირებს ომში ჩართვას.

„და მეორე მხრივ განცხადება მიმართულია რუსეთის მიმართ. თურქეთს თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკაც აქვს. მას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი პოლიტიკა, აძლიერებს პოზიციებს შავ ზღვაზე. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, მას დამოუკიდებელი პოლიტიკა ჰქონდა აზერბაიჯანთანაც. მას არ შეუთანხმებია აზერბაიჯანის მხარდაჭერა ვაშინგტონთან, ბრიუსელთან ან ნატოს შტაბბინაში. მას უნდა რომ შეატყობინოს რუსეთს, მე არ ჩამითრევენ არაფერშიო."

თუმცა როგორც ექსპერტი ამბობს, დღეს თურქეთი კარგავს პოზიციებს და მას უნდა გაიმყაროს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება რეგიონში. და რუსეთს ატყობინებს, რომ ის არის გავლენიანი სახელმწიფო და ანგარიშგასაწევი ძალა.

„თურქული გაგებით, ჩინური გაგებით რუსეთი არის ძალიან სუსტი, ყველა იყენებს რუსეთის სისუსტეს. რუსეთმა ჩაიგდო თავი საშინელ მდგომარეობაში. ისეთი ომი წამოიწყო უკრაინაში, რომლითაც ანადგურებს რუსეთის პერსპექტივებს. ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა თურქეთი და ჩინეთი, გაუჩნდათ შანსები რუსეთის ხარჯზე გაძლიერდნენ. სი ძინპინი ჩავიდა მოსკოვში და უთხრა პუტინს, შენ კი ხარ ციხეში ჩასასმელი კაცი, მაგრამ მე შენი პატრონი ვარო. ანუ, რუსეთი კი არ გააძლიერა, არამედ ფაქტობრივად აიყვანა მძევლად. დაახლოებით ასეთია თურქეთის დამოკიდებულება. ყველას უნდა რუსეთის სისუსტეები სათავისოდ გამოიყენოს. თურქეთს სურს გააძლიეროს თურქული ინტერესები, როგორც ჩინეთს ჩინური ინტერესები. მათ უნდათ, რომ რუსეთი დასუსტდეს, და უნდა შეაქონ, შეაგულიანონ. ამით კიდევ უფრო ასუსტებენ თავიანთ სუსტ პოტენციურ მოკავშირეს.

„ეს გამოჩნდა როგორც სი ძინპინის, ისე ერდოღანის პოლიტიკაში. და ისინი აძლიერებენ თავის როლს რუსეთ-უკრაინის კონტექსტში. ვერავინ ვერ აიძულებს თურქეთს ჩაერთოს ამ ომში, ამ განცხადებით თურქეთი ცდილობს გააძლიეროს თავისი როლი უკრაინა რუსეთის მოლაპარაკებებში. ჩინეთმა ვერ მოირგო შუამავლის როლი, მაგრამ მოინდომა. თუ ჩინეთი მოირგებს ამ ფუნქციას, მაშინ თურქეთი შესუსტდება. შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგ დროს გასროლილი ტყვია თურქეთის მხრიდან.

„თუმცა უნდა ვთქვა ისიც, რომ თურქეთი იარაღით ამარაგებს უკრაინას, ამავე დროს ის არ ეხმარება რუსეთს შეიარაღებით. ეს მნიშვნელოვანია. ამ ფონზე ის ახლა თავს იმართლებს, ვითომ მისი ომში ჩართვა უნდოდათ. ვერავინ ვერ ჩართავს თურქეთს ომში, როცა თვითონ არის ომის წარმმართველი ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან. ვინაიდან ნატო კატეგორიულად წინააღმდეგია ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, ნატო არის თურქეთი, ნატო არის ამერიკა, ნატო არის საფრანგეთი, ბრიტანეთი და ა.შ. თურქეთი ვერ გახდება ცალკე ომის მონაწილე, თუ არა ნატოს ნებართვით. აქ ჩანს აბსურდულობა ამ განცხადებისა, სამაგიეროდ ჩანს ერდოღანის პოლიტიკური მოტივი, თურქეთს არ უნდა პოლიტიკური თამაშიდან გამოვიდეს. ვიღაცამ, ვთქვათ ჩინეთმა, არ ჩამოართვას რუსეთ-უკრაინას შორის შუამავლის ფუნქცია," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე