თამთა ჩაჩანიძე
(26.03.2023)

ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება, თუმცაღა რუსების შეტევის ინტენსივობა აშკარად შემცირებულია. ოკუპანტებს დაწოლა ავდიივკასკენ გადააქვთ, თუმცა წარმატებას აქაც ვერ აღწევენ. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ახლა რუსებს ახალი სტრატეგია აქვთ - გარკვეულ ლოკაციებზე შეტევას ცდილობენ, თუ არ გამოუვიდათ, მერე სუსტ წერტილებს ეძებენ და შეტევას ამ მიმართულებებზე აგრძელებენ. თუმცა უკვე აშკარად თვალში საცემია, რომ მათი იერიშების სიმწვავე შენელდა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს.

ამის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელანსკიმ განაცხადა, რომ შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების დეფიციტის გამო, უკრაინას კონტრიერიშის დაწყება ჯერ არ შეუძლია. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, ზელენსკიმ ამით ფაქტიურად დაადასტურა, რომ კონტრშეტევა იქნება. მანამდე სოციალურ ქსელებში ეჭვქვეშ აყენებდნენ იმას, რომ კონტრიერიში საერთოდ იქნებოდა.

ამასთან, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ზელენსკის განცხადება საინფორმაციო ომის ნაწილიც იყოს და ამავდროულად მინიშნება დასავლეთისთვის, რომ იარაღის მიწოდება დააჩქაროს. მანამდე გერმანულმა გამოცემა „ბილდმა" და „პოლიტიკომ" თავის წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ კიევი დასავლურ იარაღის სრულად გამოყენება უკვე ორ თვეში შეეძლება და შეტევაც მაისში დაიწყება.

რა ხდება ფრონტის ხაზზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ტონი რადაკინთან გამართული საუბრის შემდეგ „ფეისბუქზე" წერს, რომ „თავდაცვის ძალების უზარმაზარი ძალისხმევის წყალობით", ბახმუტში სიტუაციის სტაბილიზებას ახერხებენ.

როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ახლა ძირითადი ცხელი წერტილები ბახმუტი, ავდიივკა, კრემენნაია, კუპიანსკი და სვიატოვოა.

„ახლა დაპირისპირების ძირითადი აქტიური მიმართულებები კუპიანსკი, სვიატოვო, კრემენნაია და ბახმუტი-ავდიივკას მმართულებაა. როდესაც მიმართულებაზე საუბრობენ, როგორც წესი, ძირითადი და დამხმარე დარტყმის მიმართულებაზეა აქცენტი. როცა მთავარი დარტყმა ბახმუტზე იყო, დამხმარე მიმართულება იყო სოლედარი. მას შემდეგ, რაც აქ წარმატებას მიაღწიეს, რუსებმა ავდიივკისკენ გადაინაცვლეს და ეს მიმართულება თითქოს დამატებით შესაძლებლობად და უფრო წარმატებულ ლოკაციად გამოიკვეთა.

„ჩემი აზრით, რუსებმა დარტყმა გარკვეულწილად ავდეევკისკენ გადაიტანეს. აქაც ალყის შეკვრას ცდილობენ, თუმცა შეკვრის წერტილები გაცილებით უფრო დაშორებულია, ვიდრე ბახმუტთან.

„რუსები ავდიივკასთანაც ისეთ წარმატებას ვერ აღწევენ, როგორიც მათ სურდათ. ახლა ძალისმევა უფრო ჩრდილოეთისკენ გადასწიეს. ვითარება ასეთია, რომ მცდელობაა და თუ არ გამოუვიდათ, მერე უკვე სუსტ წერტილებს ეძებენ და შეტევას ამ წერტილბზე აგრძელებენ.

„ბახმუტი ალყაში არაა, 2 კმ-იანი ღრიჭოა დარჩენილი. არის გზა, რომლითაც გაჭირვებით, მაგრამ ბახმუტის დამცველები მომარაგებას მაინც ახერხებენ. ბახმუტის დაცვის სისტემა მოშლილი არაა, მუშაობს და წინააღმდეგობას აგრძელებს. რუსებმა მდინარე ბახმუტკას გადალახვა შეძლეს და ბრძოლა ძირითადად ქალაქის სამხეთში და ცენტრისთვის მიდის. ასევე რუსებმა „აზომის" ქარხანა ფაქტიურად სრულად აიღეს, თუმცა გარკვეული წინააღმდეგობების კერები დარჩენიულია.

„ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება, მაგრამ არა იმ ინტენსივობითა და კონცენტრაციით, როგორიც ადრე იყო. ნუ დაგვავიწყდება, რომ 5 ათასმა მსჯავრდებულმა „ვაგნერთან" კონტრაქტის ვადა დაასრულა და თავისუფლები არიან. იქიდან „ვაგნერში" რამდენი დარჩება, კიდევ საკითხავია. გარკვეულწილად ამ დაჯგუფების დასუსტებაც ხდება", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რამდენიმე სერიოზული მიზეზის გამო, ყველა ფრონტზე რუსების შეტევა ნელდება.

„ბახმუტში და ფრონტის სხვა მონაკვეთებზე რუსების შეტევები შენელდა. უკრაინელებმა გარკვეულწილად შეძლეს, რომ ოკუპანტების შეტევები მოეგერიებინათ. ყველაზე ცხელი წერტილები ბახმუტი და ავდიივკაა, სადაც პოზიციური ბრძოლები მიდის, თუმცა რუსები წინ წაწევას ვერ ახერხებენ.

„რუსების ტემპის შენელებას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შემართება აღარ ჰყოფნით, რომ შეტევითი ოპერაციები განახორციელონ. ძალების შევსება სჭირდებათ და როგორც ჩანს, ესეც შეზღუდულია. ამასთან, პრიგოჟინისა და შოიგუს დაპირისპირება თანდათან მწვავდება, რაც ვითარებაზე გავლენას ახდენს. საოკუპაციო ძალებს შეიარაღების მიწოდების კუთხითაც გაუჩნდათ პრობლემა, არა მხოლოდ ბახმუტში, არამედ მთელი ფრონტის ხაზზე",- განაცხადა მაისაიამ.

შეუძლია თუ არა უკრაინას კონტრიერიშის დაწყება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ მედიასთან განაცხადა, რომ იარაღის უკმარისობის გამო, უკრაინას კონტრიერიშის დაწყება ჯერ არ შეუძლია. მისივე თქმით, საჭიროა დამატებითი დახმარება - საბრძოლო მასალით და ავიაგამანადგურებლებით, ამიტომ სამხედროები უკრაინის პარტნიორებისგან მათ გადმოცემას ელიან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ყოველდღე სამჯერ მეტ ჭურვს უშვებს, ვიდრე უკრაინა.

„ჯერ არ შეგვიძლია დაწყება. მათ (ჯარისკაცებს) ჯერ ვერ გავგზავნით", - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინის კონტრიერიშთან დაკავშირებით, რომელიც გაზაფხულზე იგეგმება.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ზელენსკის განცხადება შეიძლება ერთის მხრივ საინფორმაცი ომის ნაწილი იყოს და მეორეს მხრივ დასავლეთისთვის მინიშნება, რომ იარაღის მიწოდება კიდევ უფრო დააჩქარონ.

„ზოგადად, ომის დროს, მნიშვნელოვანი ადგილი საინფორმაციო დაპირისპირებას უჭირავს. როცა უმაღლესი მთავრსარდალი ამ განხადებას აკეთებს, ეს მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანას უფრო ჰგავს, რომ ახლა იარაღი არ გვაქვს და ველოდებითო. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ამას მეორე დანიშნულებაც ჰქონდეს, რომ დასავლეთს იარაღის მიწოდება დააჩქარებინოს.

„გააჩნია რა მასშტაბის კონტრშეტევაზე საუბრობენ. ის, რომ ბახმუტის მიდამოებში უკრაინელები მცირე ზომის კონტრშეტევებს ახოციელებენ, განსაკუთრებით ჩასოვ იარიდან, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინას ფართომასთაბიანი კონტრშეტევის ძალა აქვს. ჩემი აზრით, ჯერ იარაღს ელოდებიან. „ლეოპარდების" გარკვეული ნაწილი უკრაინამ უკვე მიიღო, მაგრამ ამას დანაყოფების ფორმირება სჭირდება. ამერიკული ტანკები კი შესაძლოა შემოდგომისკენ მიიღოს.

„ჯერჯერობიით ის სურათი არ იხატება, რომ უკრაინას ოპერატიული დონის კონტრდარტყმისთვის რაღაც დიდი ძალები ჰყავს მობილიზებული. თუმცა მას ძალები კრამატორსკის, სლავიანსკის, ჩასოვ იარის მიმართულებაზე ჰყავს კონცენტრირებული და სუაბარი იყო, რომ ამით ის ლოკალური მასშტაბის კონტრშეტევის განხორციელებას აპირებდა, ძირითადად იქთკენ მიმართული იქნებოდა, რომ რუსებს ავდიივკა და ბახმუტი ალყაში არ მოექციათ.

„უახლოეს მომავალში ალბათ ამ ლოკალურ კონტრშეტევებზე იქნება საუბარი, რადგან ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის უკრაინის არმია, როგორც ჩანს, ჯერ მზად არაა. კი, ახლა უკრაინამ „ლეოპარდები" მიიღო, მაგრამ არა საჭირო რაოდენობით, იგივე საბრძოლო მასალასაც ეხება. ახლა უკრაინა ფაქტიურად დასავლეთის მხარდაჭერაზე გახდა დამოკიდებული", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით კი, გამორიცხული არაა უკრაინამ იერიში მოულოდნელადაც დაიწყოს.

„სხვათა შორის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შეტევასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებისგან თავი მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ, რომ მოწინააღმდეგემ არ გამოიყენოსო. უკრაინა გარკვეული შეტევისთვის მზადაა და ყოველთვის შეუძლია, რომ მტერს წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ კონტრიერიშისთვის მას დამატებით მომზადება სჭირდება. შესაძლოა ეს იერიში მაისზე უფრო ადრეც დაიწყოს, ვნახოთ.

„ზელენსკის ეს ნათქვამი თავისთავად იმას ნიშნავს, რომ უკრაინისგან კონტრიერიში იქნება და იმ განცხადებებს აბათილებს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბახმუტის გამო ამას ვეღარ შეძლებდნენ. ეს ასევე ერთგვარი გაფრთხილებაცაა, რომ არ დანებდება. ერთი რამაც ფაქტია - რუსეთის საოკუპაციო ჯარებს პრობლემები აქვთ, თუნდაც მართვასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

„რუსები უკვე იმ დონეზე არიან მისული, რომ საინფორმაციო სივრცეში გაჟღერებულ ნებისმიერ ინფორმაციას ამუშავებენ. თუმცაღა უკრაინისგან იმ სიმძლავრის კონტრიერიშს ველოდები, რომ დონეცკის გათავისუფლება მოხდეს და შესაძლოა ისეთი მიმართულება იქნეს არჩეული, რომ ამის პარალელურად ყირიმის გათავისუფლებაზეც იფიქროს.

„შეტევისთვის ორივე მხარე ემზადება. რუსებიც ემზადებიან და დამატებით 400 ათასი ადამიანიც გაიწვიეს. მზადება აქვს უკრაინასაც. დღეს ფაქტიურად 1943 წელია, როცა გერმანია და საბჭოთა კავშირი შეტევისთვის ემზადებოდნენ და საქმე იმაზე იყო, შეტევას ვინ დაასწრებდა.

„ძნელი სათქმელია ეს შტევა ომის ბედი გადაწყეტს თუ არა, მაგრამ გარკვეულ კონტურებს გამოკვეთს, თუ რა და როგორ წავა", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე