ბაჩანა ტყემალაძე
(23.03.2023)

უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტთან, სადაც ბოლო რამდენიმე თვეა ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს, მალე უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა დაიწყება. ინფორმაციას „გერმანული ტალღა" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბახმუტთან რუსული ძალების მხრიდან ძირითადად კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" შენაერთები იბრძვიან, ხოლო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინა შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას სამხრეთ ფრონტზე დარტყმით წამოიწყებს, რომელიც მელიტოპოლის მიდამოებში განხორციელდება, რადგან ამით მოხდება რუსეთის ძალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზის დაბლოკვა, რის შემდეგაც უკრაინაში არსებული რუსი მებრძოლები ალყაში მოხვდებიან.

„მათ ძალზე დიდი ძალა დაკარგეს. არაფერს არ ინდობენ მიზნის მისაღწევად. მალე შეტევას ვეღარ გააგრძელებენ, ჩვენ კი ამ სიტუაციას გამოვიყენებთ და კონტრშეტევაზე გადავალთ, როგორც ეს კიევთან, ხარკოვთან და კუპიანსკთან მოხდა", - განაცხადა სირსკიმ.

ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ, ჯერ კიდევ 21 მარტს განაცხადა, რომ უკრაინელებს ბახმუტთან სხვა ალტერნატივა არ ჰქონდათ, გარდა კონტრშეტევისა და აღნიშნულ რეგიონში ისინი სამხედრო ძალების საკმაოდ სერიოზულ კონცენტრაციას ახდენენ. მისი ამჟამინდელი ინფორმაციით კი კონტრშეტევა წესით ორეტაპიანი იქნება, პირველი აქტიური თავდაცვის ფორმატის კონტრშეტევა, ხოლო შემდეგ უკრაინა უშუალოდ შეტევაზე გადავა.

„მე ამაზე აქამდეც ვისაუბრე, რომ უკრაინა განახორციელებდა კონტრშეტევას, რადგან ბოლო დღეებია ისინი ძალიან მასშტაბურ სამხედრო კონცენტრაციას ახდენენ ამ რეგიონში.

ვფიქრობ, რომ ეს წამოწყება ორეტაპიანი იქნება, რათა ჯერ შეასუსტონ რუსი ჯარები აქტიური თავდაცვის ფორმატში განხორციელებული კონტრშეტევით, ხოლო შემდეგ უშუალოდ გადავიდნენ შეტევაზე.

მათ უნდა მოახდინონ რუსული ჯარების თანწყობების დეზორგანიზაცია და გაანადგურონ ლოჯისტიკური კვანძები, რის შემდეგაც დემორალიზებულ მოწინააღმდეგეზე განახორციელებენ მეორე პირდაპირ შეტევას. ვნახოთ, რა იქნება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ რეზონანსთან".

კონტრშეტევის საფრთხეს რუსეთშიც შესანიშნავად გრძნობდნენ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს აქტიურად სთხოვდა დახმარებას, რადგან არ გამორიცხავდა, რომ ბახმუტთან უკრაინის ძალები კონტრშეტევაზე გადავიდოდნენ, რის შემდეგაც ფლანგური დარტყმებით „ვაგნერს" ალყაში მოაქცევდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე