ბაჩანა ტყემალაძე
(19.03.2023)

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შესაძლო ახალი ომი სულ უფრო რეალური ხდება. ამაზე პრაქტიკულად უკვე ღია ტექსტით საუბრობენ ორი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები. ამასთან, შეიარაღებული დაპირისპირება, 2020 წლის ომისგან განსხვავებით, შესაძლოა არა ყარაბაღში, არამედ უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე დაიწყოს.

19 მარტს ყარაბაღში მდებარე სოფელ თალიშში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის სოფელ თალიშში საკმაოდ რადიკალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ სომხური მხარე დღემდე არ ასრულებს სამშვიდობო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალედბულებებს და სომხეთის ოფიციალური სამხედრო ფორმირებები უკანონოდ იმყოფებიან ყარაბაღში, რომელსაც აზერბაიჯანი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს. ალიევის ერთმა ფრაზამ კი - „არ იქნება სამშვიდობო ხელშეკრულება" - ანალიტიკოსთა მნიშნელოვან ნაწილს აფიქრებინა, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლება უკვე გარდაუვალია.

ამასთან დაკავშრებით საგანგებო განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მასში ნათქვამია, რომ „თავისი აგრესიული გამოსვლებითა და მოქმედებებით, აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში სომხეთა გენოციდისა და სომხეთის წინააღმდეგ ახალი აგრესიისათვის ემზადება."

„აზერბაიჯანი აგრძელებს სხვადასხვა ფორმატში მიღებული სამმხრივი და ოთხმხრივი დეკლარაციების უხეშ დარღვევებს. არ არსებობს ამ დეკლარაციის არც ერთი პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანის მხრიდან არ დარღვეულა. დაწყებული ლაჩინის დერეფნის უკანონო დახურვით და გაგრძელებული სომხეთის მოქალაქეების უკანონო დაკავებებით.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დაარღვია 2023 წლის 18 თებერვალს აღებული ვალდებულებებიც - მან უარი თქვა ყარაბაღის სომეხ მოსახლეობასთან დიალოგსა და მათი უფლებების, თუ გარანტიების განხილვაზე.

„ყველაფრის მიუხედავად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 19 მარტს კიდევ გაიმეორა, რომ საზღვრის დემარკაცია უნდა მოხდეს აზერბაიჯანის მიერ წამოყენებული პირობით და იგი დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა რაღაც ისტორიულ რუკებზე.

„აზერბაიჯანს არა მხოლოდ ოკუპირებული აქვს სომხეთის სუვერენული ტერიტორიები, არამედ ამ ტერიტორიებს „დასავლეთ აზერბაიჯანის" სახელსაც არქმევს და პრაქტიკულად მთელი სომხეთის ტერიტორიას აზერბაიჯანულ მიწას არქმევს.

„ეს ყველაფერი საბოლოოდ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი სომხეთს სერიოზულად ემუქრება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ვითარების ესკალაციაზე განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა. 14 მარტს ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ესკალაციის შანსი სომხეთის საზღვართან და მთიან ყარაბაღში ძალიან დიდია. ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთის მხარეს აღნიშნულ საკითხზე აქვს „გარკვეული მონაცემები".

ანალიტიკოსთა ვარაუდით, კონფლიქტის განახლების შემთხვევაში საბრძოლო მოქმდებები შესაძლოა სომხეთის სიუნიკის რაიონში დაიწყოს, სადაც გადის ნახიჭევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშრებელი სახმელეთო გზა.

აზერბაიჯანს ამ გზის გახსნა სურს, მაგრამ სომხები კორიდორის გახსნაზე უარს აცხადებენ. სომხეთის ხელისუფლება დიდი ხანია ამტკიცებს, რომ მზად არიან განბლოკონ გზა და უზრუნველყონ სხვადასხვა მარშუტები თავიანთი ტერიტორიის გავლით, მაგრამ არა „დერეფანი", რადგან ეს ტერმინი ამ ტერიტორიაზე კონტროლისა და სუვერენიტეტის დაკარგვას გულისხმობს.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დაძაბვასა და ახალი ომის წამოწყებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს სომეხ პოლიტოლოგს გურგენ სიმონიანს, რომელიც „ჯემ-ნიუსთან" ამბობს, რომ ბაქო ვერ აყალიბებს საფუძველს სამხედრო ინტერვენციისთვის. ანალიტიკოსი ასევე ამბობს, რომ უფრო სავარაუდოა რაიმე სახის სამხედრო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის მიმართულებით.

„ყოველთვის არის საომარი მოქმედებების განახლების ალბათობა, რადგან არ არსებობს სამშვიდობო შეთანხმება და აზერბაიჯანმაც არ შეცვალა საკუთარი პოლიტიკა. მაგრამ ეს რისკები გაცილებით დაბალია, ვიდრე 2021 და 2022 წლებში.

„აზერბაიჯანელებს შეუძლიათ გაათამაშონ ასეთი სცენარი - ჯერ დაარტყან ყარაბაღს და შემდეგ თქვან, რომ თითქოს სომხეთის ტერიტორიიდან იყო საპასუხო დარტყმა. ამგვარად შეიქმნიან საბაბას, რომ შეუტიონ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას", - ამბობს სიმონიანი.

იგი ასახელებს რამდენიმე მიზეზს, რის გამოც ესკალაცია ნაკლებად სავარაუდოა:

- თურქეთს არ შეუძლია აზერბაიჯანისთვის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა.

- რუსეთს არ შეუძლია მეორე ფრონტის გახსნა.

- სომხეთის შეიარაღებული ძალები დღეს შეუდარებლად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე 2020 წლის ომის შემდეგ.

- ბაქომ ომის შემდეგ ზარალის სრულად ანაზღაურება ვერ მოახერხა. ასევე, რუსეთმა საკუთარი პრობლემების გამო ვერ შეძლო აზერბაიჯანისთვის იარაღის იმ მოცულობით მიწოდება, როგორც ამას ადრე აკეთებდა.

- ირანის თავდაცვა მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა მომზადებული მის საზღვართან.

- შეერთებული შტატები და ევროპა მწვავედ და მიზანმიმართულად რეაგირებენ ბაქოს ქმედებებზე.

ქართველი ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთნ" ამბობს, რომ კონფლიქტის განახლების ალბათობა არის, მაგრამ იგი გამორიცხავს ფართომაშტაბიან შეტაკებებს, რადგან არც ერთ მხარეს არ აწყობს მსგავსი დაპირისპირება.

„მგონია, რომ აზერბაიჯანი ცდილობს ძალისმიერი მეთოდებით და პოლიტიკური ზეწოლით აიძულოს სომხეთი, რომ დათმობებზე წავიდეს. მათ პირველ რიგში უნდათ, რომ აზერბაიჯანსა და ნახჩევანს შორის იყოს ეკონომიკური დერეფანი, ანუ აზერბაიჯანს სურს საზღვრის დემარკაცია. ამასთან დაკავშირებით ალიევს არ გამოურიცხავს ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერა, მაგრამ მას თავისი პირობები აქვს და მხოლოდ ამაზე დათანხმდება.

„საბოლოოდ გამოვრიცხავ ფართომასშტაბიან შეტაკებებს. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს რუსეთი ჯიბეში ჰყავს და შეუძლია ომში გამარჯვება, ეჭვი მეპარება, რომ ეს რაიმე დიდში გადაიზარდოს. ჩვენ შეიძლება ვიხილოთ მცირე ეპიზოდური დაპირისპირებები, მაგრამ აზერბაიჯანმა იცის, რომ დასავლეთი ამას არ მოუწონებს, ასევე გაუმწვავდება ურთიერთობა ირანთან. რომ შევაჯამოთ, აზერბაიჯანს ომი შეუძლია, მაგრამ არ აწყობს, ხოლო სომხეთს ომი არც შეუძლია და არც აწყობს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე