რეზონანსი
(06.02.2022)

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს, გერმანიაში პოლიტიკოსები სულ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი მოქმედი შეზღუდვების მიმართ, რომელიც პანდემიის დამარცხებისაკენ არის მიმართული. ამის მიზეზია ეგრეთ წოდებული „ბუნებრივი იმუნიზირების“ პროცესი, რომელსაც ვირუსის ახალი ვარიანტი გვპირდება.

რობერტ კოხის ინსტიტუტი ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალ რეკორდს აქვეყნებს. 3 თებერვალს ზემოთ ხსენებული ინსტიტუტის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 208 498-ს წარმოადგენდა. დაინფიცირების ყოველკვირეული სიხშირე 1227, 5-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 000 მაცხოვრებლიდან ყოველკვირეულად კორონავირუსით საშუალოდ 1227,5 ადამიანი ინფიცირდება. ეს მაჩვენებლები რეკორდულია - პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიას ამდენი ინფიცირებული არ ახსოვს.

გერმანიის იუსტიციის მინისტრი, მარკო ბუშმანი 2022 წლის მარტისათვის კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა არსებული შეზღუდვის გაუქმებას ვარაუდობს. 

„თუმცა, ეს მოხდება იმ პირობით, რომ თებერვლის შუა რიცხვებში დაინფიცირებულთა რაოდენობა კლებას დაიწყებს“, - გაუზიარა ბუშმანმა საკუთარი პროგნოზი ჟურნალ „შპიგელს“. 

„უკვე დროა, დავფიქრდეთ, თუ რამდენად მიზანშეწონილია შეზღუდვების პოლიტიკის გაგრძელება“, განაცხადა „ფდპ“-ს (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) გენერალურმა მდივანმა, ბიიან დიირ-სარაიმ ტელეარხ „ცდფ“-ის ეთერში.

გერმანიაში ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შეზღუდვების გაუქმების შემთხვევაში გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 800 000-ს მიაღწევს. უმკაცრესი შეზღუდვები როგორც აცრილი, ასევე აუცრელი პირებისათვის ჯერ კიდევ ძალაშია. მაგალითად, დღემდე იკრძალება 10-ზე მეტი პირის დახურულ სივრცეში შეკრება, მაშინაც კი, თუ მათ შორის ყველა აცრილია ან კორონავირუსი უკვე აქვს გადატანილი. ამას გარდა, კაფეებსა და რესტორნებში მოქმედებს ეგრეთ წოდებული „2გ პლუს“ წესი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვიზიტი დაშვებულია მხოლოდ ვაქცინირებული პირებისათვის, რომლებმაც აცრის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად კორონავირუსზე ნეგატიური ტესტიც უნდა წარმოადგინონ.

საკითხავია ისიც, თუ რამდენად დიდი წვლილი შეაქვს პანდემიის დასრულებაში რეგულარულ დემონსტრაციებს, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმების წინააღმდეგ არის მიმართული. გერმანიის მასშტაბით პანდემიის პოლიტიკას ყოველდღიურად ათი ათასობით ადამიანი აპროტესტებს. თვალსაჩინოებისთვის, 31 იანვარს, ყოველკვირეული გაზეთის, „იუნგე ფრაიჰაიტის“ მონაცემებით, გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში 1000-ზე მეტი დემონსტრაცია გაიმართა, რომლებშიც საერთო ჯამში 300 000-ზე მეტმა პირმა მიიღო მონაწილეობა.

თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, მსგავსი დემონტრაციები აღიქმება, როგორც მემარჯვენეთა პოლიტიკის მანიფესტი. საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, როლანდ ვოელერმა (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია) 1-ლ თებერვალს ტელეარხ „მდრ“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დემონსტრანტებს შორის ბევრია ისეთი, ვინც შექმნის სიტუაციას თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამოსახატავად იყენებს. 

ამ მოსაზრებას ეთანხმება სოციოლოგი აქსელ ზალჰაიზერი და აცხადებს, რომ ანტიდემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანებები პირდაპირ შთააგონებენ მოსახლეობას, წინააღმდეგობა გაუწიონ მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს.

მაშ, რა იძლევა იმის საფუძველს, რომ კორონავირუსის პანდემია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები გერმანიასა და სრულიად ევროპაში მალე დავიწყებას მიეცემა?

პირველ რიგში, ვირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი გაცილებით მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი. გარდა ამისა, გენეტიკის სპეციალისტმა, ვენის მეცნიერებათა დოქტორმა ულრიხ ელინგმა „ნდრ“-ის ეთერში განაცხადა, რომ რადგანაც ახალი ვარიანტი მარტივად გადამდებია, იზრდება იმის შანსი, რომ მოსახლეობა „ბუნებრივ“ იმუნიტეტს შეიძენს, რის შედეგადაც ვირუსი მომავალში ორგანიზმისათვის დიდ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. 

მისივე სიტყვებით, ე. წ. „ნატურალურ იმუნიზირების“ პროცესს ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ გერმანიაში მოსახლეობის 70%/ზე მეტი ორჯერ არის ვაქცინირებული, ხოლო 50% კი უკვე „ბუსტერ“ დოზით აცრილი.

მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ ევროპის სხვა ქვეყნებიც, მათ შორის დანია, სადაც ევროპაში ყველაზე მაღალია აცრის მაჩვენებელი და სრულად ვაქცინირებულია

მოსახლეობის 81,4%.

დანიის ხელისუფლებამ კორონავირუსთან დაკავშირებული თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა აქაც მაღალია, შეინიშნება სამკურნალო დაწესებულებებში სიტუაციის საგრძნობი შემსუბუქება. 

„ვფიქრობ, რომ კრიტიკული ფაზა უკვე გადავლახეთ“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა. 

თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი პოზიტიური პროგნოზისაგან თავს იკავებს. 

„ვირუსის რომელიმე ახალი მუტაცია შესაძლოა ისეთივე აგრესიული აღმოჩნდეს, როგორც წინა ვარიანტები. ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა გერარდ კრაუზემ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გერმანიის მთავრობას პანდემიის დასრულებისაკენ უბიძგებს - შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი. სულ უფრო მეტი მიწების ადგილობრივი ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს უარს „2გ“ წესზე, რომლებიც მოსახლეობის აუცრელ ნაწილს შეზღუდვებს უწესებს. მაგალითად, შლესვიგ-ჰოლშტაინმა და ჰესენმა სავაჭრო ობიექტებში „2გ“ შეზღუდვაზე უარი თქვეს. 

მეკლებურგ-ვორპომმენი აპირებს მიბაძოს სხვა მიწებს და აგრეთვე გეგმავს სავაჭრო ობიექტების გათავისუფლებას „2გ“ წესისგან. პრემიერ-მინისტრმა მანუელა შვესიგმა (სოციალ-დემოკრატიული პარტია) ქალაქ შვერინში შეზღუდვები შეამსუბუქა, რადგან თვლის, რომ ისინი ტურიზმისთვის და საერთოდაც ეკონომიკისთვის, დამღუპველია. „ცსუ“-ს (ქრისტიანულ-სოციალური გაერთიანება) თავმჯდომარემ, მარკუს ზოედერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ იმავე მიზეზით შესაძლებელია „2გ პლუს“  წესის გაუქმება კვებით ობიექტებში.

„თანდათან უნდა განვმუხტოთ სიტუაცია და მოვემზადოთ ნორმალურ რეალობაში დასაბრუნებლად“, - განაცხადა ბავარიის პრემიერ-მინისტრმა ტელეარხ „რტლ“-თან ინტერვიუში.

ზოგადი შეფასებით, კორონავირუსის პანდემიის პოლიტიკა გერმანიაში თანდათან რეალურ მიზანს კარგავს, რადგან შეზღუდვები უზარმაზარ ეკონომიკურ ზარალს იწვევს, ვირუსის დამარცხებაში კი უფრო და უფრო ნაკლები წვლილი შეაქვს. 

„რადგანაც ვირუსის მოსპობა საბოლოოდ შეუძლებელია, საბოლოოდ საქმე მაინც არჩევანზე მიდგება. უნდა გადაწყდეს, რა უფრო მეტ ზარალს მიაყენებს მოსახლეობას - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, თუ შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები“, - განაცხადა ბიიან დიირ-სარაიმ „ცდფ“-ის ეთერში.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე რობერტ კოხის ინსტიტუტმა კორონავირუსით ინფიცირების 10 186 644 შემთხვევა დაარეგისტრირა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გერმანიაში ჯამში 7 789 600-ს შეადგენს.

თინათინ ბახტაძე

სპეციალურად „რეზონანსისთვის“ ბერლინიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე