რეზონანსი
(04.02.2022)

შუ შინი შვედეთის გუნდის მედლების ცხრილთან პოზიორობს ოლიმპიურ სოფელში 2008 წლის ზაფხულის თამაშებზე.

მსოფლიოში ბევრისთვის პეკინი შეიძლება უბრალოდ ჩინეთის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე დედაქალაქი იყოს.  მაგრამ ბევრი ჩინელისთვის ის ოლიმპიადის მუდმივი სიმბოლოა - პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომელიც ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. პეკინს ოლიმპიური სულისკვეთება აქვს და ოლიმპიური ოცნებისკენ მიისწრაფვის. 

უფრო სწრაფი, უფრო სუფთა და უფრო გამოცდილი

   შუ შინი პეკინში პირველად 1997 წელს 18 წლისა ჩავიდა პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში ჩასარიცხად.

   „პირველი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ პეკინში ბევრი შესაძლებლობა იყო, განსაკუთრებით, ჩემსავით ენის შემსწავლელი სტუდენტისთვის,“ - იხსენებს ის. 

   მისი მთავარი საგანი შვედური იყო. 2001 წლის ზაფხულში, როდესაც მთელი ქალაქი ზეიმობდა, რადგან პეკინმა 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება მოიპოვა, შუმ უნივერსიტეტი დაამთავრა.   

  2008 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზაციას, საერთო ჯამში, 98  ქვეყნიდან და რეგიონიდან 74,615 მოხალისე უწევდა დახმარებას, მათ შორის, შუც, რომელიც შვედური გუნდისთვის ასრულებდა თარგმანს ოლიმპიურ სოფელში. ოლიმპიადის დროს ის ესწრებოდა შეჯიბრებებს, ხვდებოდა ცნობილ სპორტსმენებს და აწ გარდაცვლილ კობი ბრაიანტთან ფოტოც კი გადაიღო.

   ის დღეები დატვირთული იყო, მაგრამ ამ გამოცდილებას შუ ყოველთვის თბილი ღიმილით იხსენებს. 2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ ის სხვადასხვა მიზნით რამდენჯერმე ესტუმრა ღონისძიებების ჩატარების ადგილს. უკესონის საკალათბურთო მოედანზე ახლახან კონცერტი გაიმართა.

   ის ასევე შეესწრო პეკინის განვითარებას, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი გაფართოვდა და ქალაქი უფრო დასუფთავდა.

   კარს მომდგარი პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის შუ შინი ხელმეორედ გახდა მოხალისე. „დაუჯერებელია, რომ ჩემი ქალაქი სულ რამდენიმე წელიწადში მეორეჯერ მასპინძლობს ოლიმპიურ თამაშებს, მე კი გამიმართლა, რომ ორივე ღონისძიებაზე მოხალისეობა მხვდა წილად“, - თქვა მან.  

   2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას 27,000 და პარალიმპიადას 12,000 მოხალისე ჰყავს, რომლებიც მილიონზე მეტი კანდიდატიდან შეირჩნენ. 

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადისა და პარალიმპიადის მოხალისეები პეკინის ძიატუნის უნივერსიტეტიდან პოზირებენ კამპუსში. პეკინი, ჩინეთის დედაქალაქი. იანვარი 2022. (სინჰუა/რენ ჯაო)

   შუმ ნახა, რომ მოხალისეთა გუნდში ბევრი ახალგაზრდა ადამიანი გაწევრიანდა. „ისეთი განცდა მქონდა, თითქოს საკუთარ თავს ვხედავდი 2008 წელს“, - აღნიშნა მან. 

   პეკინის ქუჩებში მანქანით გავლისას შუმ 2008 წლის ოლიმპიადის ბილიკების ნიშნებს მოჰკრა თვალი, როცა სხვა ადგილებში უკვე 2022 წლის ოლიმპიადის ბილიკების ნიშნებია დაყენებული. 

   „ბოლო 14 წელიწადში კავშირგაბმულობის ტექნოლოგია ჩვენს ქვეყანაში სწრაფად განვითარდა, რამაც კავშირი გაამარტივა. ჩინეთს მსხვილი ღონისძიებების ჩატარების უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ამიტომ მჯერა, რომ მოხალისეთა მიერ გაწეული მომსახურება უკეთესი იქნება“.

სიდიადიდან მდგრადობამდე

   სანამ შუ შინი გამალებით ეუფლება ზამთრის სპორტის ტერმინოლოგიას, ლი ძიულინი ეროვნული საციგურაო დარბაზის (ოვალი) გამოცდას ელოდება, რომელსაც „ყინულის ლენტი“ დაერქვა. ლი ამ ნაგებობის მთავარი ინჟინერია.

   საციგურაო სტადიონი „ოვალი“ პეკინის ჩრდილოეთით, ეროვნული სტადიონიდან 3,5 კილომეტრითაა დაშორებული, რომელსაც „ჩიტის ბუდე“ ჰქვია. აქ 14 წლის წინ, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის გახსნით ცერემონიაზე ჩინეთის კულტურა იყო წარმოდგენილი. 

   როდესაც ლი „ჩიტის ბუდის“ ინჟინერი გახდა 2003 წელს, ის 35 წლის იყო. 

  80 000-ადგილიანი სტადიონი მსოფლიოში ყველაზე ტევად ფოლადის კონსტრუქციად დასახელდა. 

   „პეკინის ეროვნული სტადიონის მშენებლობით ჩინეთის სამშენებლო ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო, რომელიც სხვადასხვაგვარ ინოვაციას მოიაზრებს, რომელთა უმეტესობაც ბოლო წლებში განახლდა და ეროვნული საციგურაო ოვალის მშენებლობაში იქნა გამოყენებული“, - განაცხადა მან.

  ხარჯის შესამცირებლად ექვსი ობიექტი 2008 წლის ოლიმპიადიდან 2022  წლის ზამთრის თამაშებზეც გამოიყენება. „ყინულის ლენტი“ ერთადერთი ობიექტია ყინულის სპორტული კომპლექსისთვის, რომელიც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის ნულიდან აშენდა. 

2021 წლის 22 იანვარს გადაღებულ ფოტოზე ჩანს ეროვნული საციგურაო ოვალის ინტერიერი პეკინში, ჩინეთის დედაქალაქში. (სინჰუა/ჯუ უაზონი)

   „პეკინი-2022“-მა ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი და დაბალნახშირბადიანი თამაშების ჩატარების პირობა დადო, ამიტომ ლი-სა და მის გუნდს ფოლადის გამოყენების შესამცირებლად რიგი ტექნიკური პრობლემის გადაჭრა მოუხდათ. „ყინულის ლენტს“ შეუძლია, დაიკვეხოს აზიაში უდიდესი ყინულის დიზაინით, სადაც ყინულის ზედაპირი 12 000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. ყინულის შესაქმნელად ნახშირბადის ორჟანგის სპეციალური მაცივებელი იქნა გამოყენებული, რომელიც ყველაზე ეკომეგობრული, ბუნებრივი მაგრილებელი აგენტია, რათა სათბური გაზების გამოფრქვევა შემცირდეს.  

  ლი-ს გუნდში დასაქმებულთა ერთ მესამედს, როგორც თავად ლი-ს, ზაფხულის და ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის წარმოებულ მშენებლობაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. 

   „ოლიმპიური სტადიონები გარკვეულ ეპოქებში ერის სიძლიერის გამოხატულება იყო, - ამბობს ლი, - „ჩიტის ბუდე“ ვიზიტორებს ხიბლავს თავისი სიდიადით, როდესაც ახალი „ყინულის ლენტი“ განვითარების ახალ შტრიხს - მდგრადობას - ასახავს. 

  „ჩემთვის დიდი პატივია ორივე მშენებლობაში რომ ვარ ჩართული“ - ღიმილით დასძინა ლი-მ. 

ოცნების დასაწყისი

   სამწუხაროდ, მოციგურავე იუ იუნძუნი ვერ მიიღებს მონაწილეობას „ყინულის ლენტში“, როდესაც ერთ კვირაში ოლიმპიური თამაშები დაიწყება.   

   მსოფლიო თასის ოქროს მედალოსანმა მოკლე მანძილზე, ციგურაობა 2001 წელს დაიწყო, როდესაც პეკინმა 2008 წლისთვის ოლიმპიადის გამართვის უფლება მოიპოვა. 

  „მახსოვს იმ დროს ხალხის სიხარული, - თქვა იუ-მ. - ვიცოდი, რომ ოლიმპიადა სპორტსმენებისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო და ამ დღეზე ოცნებობდნენ“.

   მომდევნო წლებში ის 2008 წლის ოლიმპიადის სამზადისს ადევნებდა თვალს, სანამ ერთხელაც ფეიერვერკებით გამოსახული გიგანტური ნაფეხურები არ გამოჩნდა ზაფხულის ღამის ცაზე, რათა ნანატრი სპორტული ღონისძიების დაწყება ეუწყებინა.  

   2008 წლის ოლიმპიადამ ჩვეულებრივ ხალხს გულში სპორტის ვნება აღუძრა. 

   მომდენო 2009 წელს იუ ჩინეთის ეროვნულ, მოკლე მანძილის მოციგურავეთა გუნდში აიყვანეს. მან 1000-მეტრიან დისტანციაზე კვებეკში მეორე ადგილი დაიკავა მსოფლიო თასის 2010/2011 სეზონზე, ხოლო 500-მეტრიან ესტაფეტაზე ოქროს მედალი მოიპოვა თავის გუნდთან ერთად 2011/2012 წლებში შანხაისა და ნაგოიის მსოფლიო თასებზე. 

იუ იუნძუნი (მარცხნივ) ჩინეთიდან მონაწილეობს მამაკაცთა 1500-მეტრიან წინასწარ შეჯიბრში 2011 წელს ისუს მოკლე მანძილზე მსოფლიო თასზე სოლთ-ლეიქ-სითიში, შეერთებულ შტატებში, 2011 წლის 21 ოქტომბერი. (სინჰუა/იან ლი) 

  მაგრამ სრულიად მოულოდნელად, როდესაც ფიქრობდა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა, მძიმე ტრავმები მიიღო. მას 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის გამოტოვება მოუწია და სპორტიდან წავიდა. 

  თუმცა მისი ოლიმპიური ოცნება არ ჩამკვდარა.

   საზღვარგარეთ ორწლიანი სწავლის დასრულების შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა და ჩინეთის სამხრეთ პროვინცია იუნანში, ზამთრის სპორტის პოპულარიზაციას მიჰყო ხელი, რაც ადგილობრივი მოკლე მანძილზე მოციგურავეთა გუნდის შექმნით დააგვირგვინა. იუ პეკინში დაბრუნდა და 2018 წელს ეროვნული გუნდის მწვრთნელის თანაშემწედ დაინიშნა. 

   2020 წელს იუ პეკინის იანძინის რაიონში საციგურაო კლუბის, სახელად მანჩიიუანის წევრი გახდა. ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც „ოცნების დასაწყისი“. ამ კლუბში ის ადგილობრივი, დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებს ფიგურულ ციგურაობაში გაკვეთილებს უტარებს და სასკოლო გუნდებს მომზადებაში ეხმარება. 

   ამას გარდა, ის წვრთნის 16 სპორტსმენს, რომლებსაც ისეთივე სპორტული ოცნება აქვს, როგორიც თვითონ ჰქონდა.

   „ჩვენს თაობაში მოკლე მანძილზე მოციგურავეები მეტწილად ჩრდილოეთ ჩინეთიდან იყვნენ, სადაც ზამთრის სპორტი პოპულარულია“, - იხსენებს იუ. მაგრამ მისი მოსწავლეები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან არიან, მათ შორის, ისეთი თბილი სამხრეთული პროვინციებიდან, როგორებიცაა იუნანი და სიჩუანი.

   მისი მოსწავლეები და სპორტსმენები იმ 346 მლნ ჩინელში შედიოდნენ, ვინც მონაწილეობდა ზამთრის სპორტულ სახეობებში მას მერე, რაც პეკინმა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე წარმატებით გააკეთა 2015 წელს განაცხადი, ჩინეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს თანახმად. 

   ჩინეთში ახლა 654 სტანდარტული საციგურაო მოედანია, რაც 2015 წელთან შედარებით 317 პროცენტით მეტია. გაიზარდა დახურული და ღია სამთო-სათხილამურო კურორტების რაოდენობაც და 2015 წლის დროინდელი 568 ობიექტიდან 803-ს მიაღწია. 

   როგორც იუ ამბობს, მას იმედი ჰქონდა, რომ იანძინი მოკლე მანძილზე ციგურაობის ბაზა გახდებოდა ჩინეთში.  

   იმედი აქვს ასევე, რომ ოდესმე მისი მოსწავლეები ბავშვურ ოცნებას აისრულებენ, როგორც თვითონ, და ოლიმპიურ არენაზე გამოვლენ. მაგრამ მას უფრო მეტი ადამიანის ნახვა სურს ზამთრის სპორტში. „დაე, ზამთრის თამაშები მათი ოცნების დასაწყისი იყოს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე