თეონა ვეშაგური
(01.02.2022)

უკრაინაში რუსეთის შესაძლო ინტერვენციის საფრთხის გამო, ევროპაში ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი იქმნება. ამისათვის სამშაბათს კიევს ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი და პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი ესტუმრენ. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს არის აქამდე გადადგმული ყველაზე რეალური ნაბიჯი რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაკავებლად.

ახალი კავშირის შექმნის ინიციატორი უკრაინა იყო. ამის შესახებ ინფორმაცია „ფესიბუკში" უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ გაავრცელა.

„მე ჩემი კოლეგებისა და მეგობრების, ლიზ ტრასისა და ზბიგნევ რაუს მადლიერი ვარ. ისინი სწრაფად გამოგვეხმაურენ და გაჩაღდა სამმხრივი მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროების ხაზით, რომელშიც ყველა ქვეყანა თანაბარ მნიშვნელოვან წვლილს დებს.

„არსი ისაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ საუფრთხოებასა და აყვავებას სადღაც მომავალში, როდესაც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები გავხდებით. ეს ყველაფერი უკვე დღეს გვჭირდება.

„ჩვენ ვქმნით უსაფრთხოებისა და აყვავების სარტყელს და ვაძლიერებთ ბალტია-შავი ზღვის ღერძს. ასე გაჩნდა „ლიუბლინის სამკუთხედი" პოლონეთსა და ლიტვასთან ერთად, „კვადრიგა" თურქეთთან, „ასოცირებული ტრიო" საქართველოსთან და მოლდოვასთან. ყველა მათგანი წარმატებით ვითარდება, ძლიერდება და უკვე დღეს მოაქვთ უკრაინისათვის კონკრეტული უპირატესობები", - წერს კულება.

სამშაბათს კიევს ჯერ პოლონეთის პრემიერი ეწვია და დღის მეორე ნახევარში კი - ბრიტანეთის პრემიერიც.

მათეუშ მორავეცკიმ თავის უკრაინელ კოლეგა დენის შმიგალთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვარშავა დაეხმარება უკრაინას გაზისა და იარაღის მიწოდებით, ასევე ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებით. მისივე თქმით, ისინი ახლოს ცხოვრობენ რუსეთთან რაც ვულკანის ძირში ცხოვრების ტოლფასია.

ამასთან, მორავიეცკიმ მოუწოდა გერმანიას, უარი თქვას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ზე, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.

„ამ მილსადენის გაშვებით ბერლინი ავსებს პუტინის პისტოლეტს, რომელიც შეუძლია გამოიყენოს მთელი ევროპის შანტაჟისთვის", - განაცხადა მორავეცკიმ.

მან ყურადღება გაამახვილა ახალ თავდაცვით ფორმატზე, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში პოლონეთს, უკრაინასა და ბრიტანეთს შორის.

ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა კი განაცხადა, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას მათგან, „ვინც მის განადგურებას ცდილობს".

უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან"ამბობს, რომ ბევრი კითხვის ნიშნის მიუხედავად, მსგავსი ალიანსის შექმნა მისასალმებელია.

„რა თქმა უნდა, კარგია ამ ალიანსის შექმნა, რადგან ეს ყველაზე რეალური გადადგმული ნაბიჯია რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაკავებლად. ამ ფუნქციების შესრულება კი ნამდვილად არ შეუძლია ნატო-ს ეს გამოჩნდა კიდეც, იმიტომ, რომ უკრაინა არ არის მისი წევრი სახელმწიფო და მასზე ვერ განხორციელდება გათვალისწინებული ვალდებულებები.

„როგორც ჩანს, ბრიტანეთმა და პოლონეთმა მონახეს ოპტიმალური ვარიანტი, რომ რეალური დახმარება აღმოუჩინონ უკრაინას სამმხრივი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის სახით. ნატო არ არის ერთადერთი სამხედრო ალიანსი და შესაბამისად, მასზე არაა ასეთი ალიანსების ჭიპლარი გადაჭიმული. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ აშშ-მა, ავსტრალიამ და ბრიტანეთმაც გააკეთეს ჩინეთის წინააღმდეგ.

„ამასთან, არსებობს კიდევ ერთი საკითხი - ის, თუ რამდენად ჩაერთვებიან ბრიტანეთი და პოლონეთი საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. მაგრამ ეს ალბათ უფრო პოლიტიკური დეკლარაციაა, რომელიც რუსეთზე ფსიქოლოგიური კუთხით არის გათვლილი", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

რაც შეეხება უკრაინის ნატოსთან დაახლოვების საკითხს, ექსპერტი თვლის, რომ მსგავს ალიანსში გაწევრიანებამ, შესაძლოა, უკრაინა პირიქით, დააცილოს ნატო-ს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე