თეონა ვეშაგური
(31.01.2022)

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, კიევში დაკავებულია პირთა ჯგუფი, რომელიც დედაქალაქსა და ქვეყნის ოთხი ოლქის ქალაქებში გეგმავდა მასობრივ, ძალადობრივ აქციებს. ანალიტიკოს კახა გოგოლაშვილის აზრით, რუსეთი მიხვდა, რომ უკრაინაზე არ გამოუვა პირდაპირი თავდასხმა, რის გამოც ის მეტი სიხშირით განახორციელებს ჰიბრიდულ შეტევებსა, თუ პროპაგანდულ საქმიანობას - უთანხმოების გასაღვივებლად მოსახლეობაში და ქვეყანაში კრიზისის შესაქმნელად.

როგორც „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გააგრძელებს ძირგამომთხრელ საქმიანობას, თუმცა, ახლა ქვეყანას გააჩნია საკმაოდ დიდი გამოცდილება და დასავლეთის მხარდაჭერა.

„უკრაინის წინააღმდეგ ამ სახის ჰიბრიდულ შეტევებს დიდი ხანია ახორციელებს რუსეთი. ეს მოიცავს როგორც კიბერშეტევებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურაზე, ასევე, ინსტიტუციურ ორგანოებზე. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე და მის მოსახლეობაში ეწევა ძილგამომთხრელ საქმიანობას. ახლა ალბათ უფრო გააძლიერებს პროპაგანდას რადგან როგორც ჩანს, მიხვდა, რომ პირდაპირი აგრესია, აღარ გამოუვა.

„იმდენად მობილიზებული დახვდა დასავლეთი და იმდენად დიდი მხარდაჭერა გამოაცხადა უკრაინის მიმართ, რომ რუსეთი გაათმაგებული ძალით გააგრძელებს ჰიბრიდული ომის წარმოებას ქვეყნის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული სხვადასხვა სახის პროვოკაციები, მაგრამ, არ მგონია ამან რაიმე კატასტროფული მასშტაბები მიიღოს მთელს უკრაინაში.

„ცალკეულ ქალაქებასა და რეგიონებში, სადაც მეტია რუსულენოვანი მოსახლეობა, შეიძლება ადგილი ქონდეს პროვოკაციებს, მათ შორის საბოტაჟსაც. ყველაზე დიდი რისკები კი მაინც დონბასსა და ლუგანსკშია.

„რაც შეეხება უკრაინის თავდაცვის ბერკეტებს, მას უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ საკითხში. მათ შეუძლიათ სხვადასხვა სახის გავლენის აგენტები გამოავლინოს და გააძევოს ქვეყნიდან, ამასთან, თავი დაიცვას კიბერშეტევებისგან.

"ამ საკითხებზე დიდი ხანია რაც მუშაობს უკრაინის უშიშროება და არა მარტო უშიშროება, კიბერშეტევებისაგან თავდასაცავად დასავლეთიც ეხმარება. ამასთან, საკმაოდ დიდი დახმარება გაუწია აშშ-მა და ესტონეთმა. ასე რომ, უკრაინასაც საკმაოდ კარგად შეუძლია მობილიზება იმისათვის, რომ დიდი ზიანი ვერ მიაყენოს რუსეთმა", - განაცხადა გოგოლაშვილმა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დენის მონასტირსკიმ კიევში ორშაბათს, 31 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღკვეთილია დესტაბილიზაციის მიზნით დაგეგმილი აქციები.

მისი თქმით, დაკავებულთა გეგმის მიხედვით, კიევის ცენტრში უნდა შეკრებილიყო 5 ათასამდე ადამიანი, მათ შორის, დაახლოებით 1500 „ტიტუშკა", რომლებსაც სამართალდამცავებთან ჩხუბი უნდა დაეწყოთ და სისხლი უნდა დაღვრილიყო. მონასტირსკის ინფორმაციით, ორგანიზატორებს მზად ჰქონდათ „ბუტაფორიული სისხლიც". პოლიციის ინფორმაციით, პირველი ასეთი აქცია დღეს უნდა გამართულიყო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან.

მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, მსგავსი აქციები დაგეგმილი იყო რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე სუმსკის, ჩერნიგოვის, ჩერკასკის და პოლტავის ოლქებშიც. დენის მონასტირსკიმ დაგეგმილი აქციები შეადარა 2014 წლის აქციებს, როცა ლუგანსკში, დონეცკსა და ყირიმში რუსეთიდან ჩაჰყავდათ თითქოსდა ადგილობრივი მოსახლეობის ნების გამომხატველი ე.წ. აქტივისტები, რომლებიც ძალადობის პროვოცირებას ახდენდნენ.

ბრიფინგზე ისაუბრა ეროვნული პოლიციის უფროსმა, იგორ კლიმენკომაც. მან განმარტა, რომ არეულობა დედაქალაქის ცენტრში, კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უნდა მოეწყოთ, ხოლო თებერვალში კიდევ ოთხ რეგიონულ ცენტრში უნდა განხორციელებულიყო. მისი თქმით, კიევში აქციის ორგანიზატორი და მისი თანაშემწე დაკავებულია.

აღკვეთილი აქციების ორგანიზატორი და მისი თანამოაზრე, რომლებიც 30 იანვარს, კიევში დააკავეს, უკრაინის მოქალაქეები არიან. გამოძიება იკვლევს რუსეთის სპეცსამსახურებთან მათ შესაძლო კავშირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე