რეზონანსი
(30.01.2022)

გასული წლის ბოლოს გერმანიაში ხელისუფლების შეცვლამ დისკუსია გამოიწვია ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთის პოლიტიკის, განსაკუთრებით კი პუტინის გეოპოლიტიკური გეგმებისადმი გერმანიის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, გერმანულ მედიაში ხშირად ჩნდება კითხვები „სპდ“-ს (სოციალ-დემოკრატიული პარტია) რუსულ კურსთან დაკავშირებით. ანალიტიკოსების აზრი ამ საკითხზე ერთმანეთისგან გარკვეულწილად განსხვავდება, თუმცა ისინი ერთხმად მოუწოდებენ გერმანიის მთავრობას აღმოსავლური პოლიტიკის გამკაცრებისაკენ.

„სპდ“-ს პარტიული თავმჯდომარე, ლარს კლინგბაილი ორშაბათს, 31 იანვარს პარტიის წევრებთან ერთად გამართავს თათბირს გერმანიის ხელისუფლების ახალი რუსული კურსის თაობაზე. თათბირის მთავარი თემა იქნება გერმანიის ხელისუფლების სტრატეგია პუტინის პოლიტიკასთან მიმართებით, რომელმაც უკრაინის კრიზისის ფონზე განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა.

კლინგბაილისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების გარდა შეხვედრას დაესწრებიან ბუნდესტაგში „სპდ-ს ფრაქციის ხელმძღვანელი როლფ მიუცენიხი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელმძღვანელი მარტინ შულცი და ფედერალური კანცელარიის შეფი ვოლფგანგ შმიდტი.

„სპდ“-ს ხელისუფლება ყოველთვის გამოირჩეოდა საბჭოთა კავშირის მიმართ ლოიალური პოლიტიკით. ვილი ბრანდტი, გერმანიის კანცლერი 1969-1974 წლებში, ატარებდა ეგრეთ წოდებულ განტვირთვის პოლიტიკას, რაც მუქარისა და სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე მოსკოვთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებას გულისხმობდა და ამ კუთხით გარკვეულ შედეგებსაც მიაღწია. მაგალითისთვის, 1970 წელს ბრანდტმა მოსკოვში მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომელიც გერმანიის ომის შემდგომი საზღვრების ხელშეუხებლობას აკანონებდა.

უკრაინის კრიზისის ფონზე სოციალ-დემოკრატები აგრძელებენ ამ ტენდენციას. მაშინ, როდესაც რუსეთი რეგულარულად ახდენს უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზებას, სოციალ-დემოკრატები დგანან ჩრდილში, თავს იკავებენ რაიმე კონკრეტული ნაბიჯებისგან და კატეგორიულად გამორიცხავენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. თუმცა, უკრაინის კრიზისისა და მერკელის ხელისუფლების განმავლობაში პუტინის მიერ განხორციელებული ნაბიჯების გათვალისწინებით, ეჭვი ჩნდება სოციალ-დემოკრატების ტრადიციული კურსის სისწორეში. 

როგორც პეტერ ბრანდტი, სოციალ-დემოკრატი და ვილი ბრანდტის უფროსი ვაჟიშვილი 22 იანვარს გაზეთ „ველტთან“ ინტერვიუში აცხადებს, „სპდ“-ს პოლიტიკის კურსში მისი ჩამოყალიბების დღიდან დღევანდლამდე არაფერი შეცვლილა. 

„სამწუხაროდ, „სპდ“ ვეღარ დაიკვეხნის ამ კურსში დახელოვნებული პოლიტიკოსებით, რომლებიც კომპლექსურ სტრატეგიას და გეგმას ფლობენ რუსული აგრესიის ასარიდებლად“, -აცხადებს ბრანდტი.

სიტუაციის დაძაბულობის ფონზე განტვირთვის პოლიტიკის სისწორეში ეჭვი შეაქვს ბუნდესტაგის წევრს და „სპდ“-ს წარმომადგენელს ნილს შმიდსაც. 

„რუსეთი დაუბრუნდა პოლიტიკას, რომელიც ზეგავლენის სფეროებზე და მათზე გაბატონების პრინციპზეა დაფუძნებული. ეს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრინციპებს. მიუხედავად ამისა, მეეჭვება, რომ განტვირთვის პოლიტიკის მეშვეობით შევძლოთ, პუტინის გეგმებს წინ აღვუდგეთ“, - გამოთქვამს თავის შეხედულებას შმიდი 22 იანვარს „ველტ“-თან ინტერვიუში.

გერმანულ გაზეთ „ნტვ“-ს ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას, პოლიტოლოგი ანდრე ჰერტელი პასუხობს, რომ ამ თეორიაში სიმართლის მარცვალი არსებობს. 

„თუმცა, უნდა გავიაზროთ, რომ პუტინი არ არის ფანტასტი, არამედ რეალურად მოაზროვნე პოლიტიკოსი. ის ცდილობს პოსტსაბჭოთა ტერიტორიის კონტროლს, რათა მათ ნატო-სა და ევროკავშირში შესვლის საშუალება არ მისცეს და ამგვარად ისევ თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს“, - ამბობს ჰერტელი. 

გარდა ამისა, იგი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და ნატო-ს მიმართ ცილისწამება პუტინის ტაქტიკის ნაწილია, რომელიც დასავლეთის „გახლეჩას“ ემსახურება. 

„ის ძალიან კარგად ხვდება, რომ აშშ-ის ინტერესებში არ შედის ევროპაში დამკვიდრება, პირიქით, იგი ცდილობს, ევროპაზე პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს და საკუთარი რესურსები სხვა, მისთვის უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს მოახმაროს. როდესაც საქმე თავდაცვით პოლიტიკას ეხება, აშშ და ევროკავშირი ვერასოდეს მოქმედებენ ერთ გუნდად“, -ირწმუნება ჰერტელი. 

მისი შეფასებით, გერმანიის ახალმა მთავრობამ უნდა გააქარწყლოს პუტინის შთაბეჭდილება ევროპის სისუსტეზე. ჰერტელის მოსაზრებას ამტკიცებს შეხედულება, რომ მერკელის ხელისუფლების დროს პუტინი ევროკავშირის თავდაცვითი პოლიტიკის სისუსტეში დარწმუნდა.

„პუტინი კარგად იცნობდა მერკელს და მის პრობლემებს. მან იცოდა, რომ მერკელისთვის პრიორიტეტული სხვა საკითხები იყო, ისეთი, როგორიცაა ბრექსიტი, ემიგრაცია და ევროკავშირის შიდა პრობლემები, რომლებსაც ბოლოს პანდემიაც დაემატა. მან ასევე უწყოდა მერკელის სამხედრო ძალების სისუსტე და დამოკიდებულება აშშ-ზე ამ თვალსაზრისით“, - აცხადებს ჟურნალისტი და ანალიტიკოსი მიქაელ თუმანმა გაზეთ „ცაიტ“ -თან ინტერვიუში.

ამ მოსაზრებას იზიარებს ანდრე ჰერტელიც. მისი დაკვირვებით, გერმანიამ საკუთარი ძლიერების დემონსტრირება უნდა მოახდინოს და პუტინი საკუთარ სიძლიერეში დაარწმუნოს. 

ჟურნალისტი დანიელ ბრიოსლერი ეთანხმება ამ შეხედულებას და მიიჩნევს, რომ გერმანიას შეუძლია გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს მეშვეობით იერიშიც კი მიიტანოს რუსეთის წინააღმდეგ: 

„თუკი რუსეთი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, მილსადენი ცარიელი დარჩება“, გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას ბრიოსლერი 3 იანვარს გაზეთ „ზიუდდოიჩე ცაითუნგში“.

თუმცა, ორივე ანალიტიკოსის შეფასებით, აღმოსავლური პოლიტიკის გამკაცრება სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე, ეკონომიკური და ენერგეტიკული რესურსების გამოყენების ხარჯზე უნდა მოხდეს, რაც გერმანიის ძლიერ მხარეს წარმოადგენს. 

„თუკი გერმანია თავის ეკონომიკურ რესურსებს სტრატეგიულად არ გამოიყენებს, სამხედრო ჩარევის მოთხოვნილება კიდევ უფრო გაიზრდება“, - გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას ჟურნალისტი იორგ ლაუ გაზეთ „ცაით ონლაინში“, რაც მოცემულ სიტუაციაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან თავად გერმანიის კანცლერსაც შეაქვს ეჭვი არსებული პოლიტიკური სტრატეგიის სისწორეში. 

„ამჟამად, როდესაც 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროა განლაგებული უკრაინის საზღვართან, არ ვარ დარწმუნებული, რომ მოლაპარაკებები საკმარისი აღმოჩნდება“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა 19 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ონლაინ-ღონისძიებაზე. 

ყველა გარემოების გათვალისწინებით ისმის კითხვა, თუ რა სახის გამკაცრებებს უნდა მოველოდოთ გერმანიის მთავრობისგან რუსულ კურსთან დაკავშირებით, რასაც ორშაბათის თათბირი უფრო ნათლად დაგვანახებს.

მას შემდეგ, რაც სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 2000-იანი წლების დასაწყისში ძალაუფლება დაკარგა, 2021 წლის 26 სექტემბრის არჩევნებზე ხმათა უმეტესობა (25,7 %) დააგროვა. ეგრეთ წოდებული „შუქნიშნის კოალიციის“ შექმნის შემდეგ კი „სპდ“ „ფდპ“-სა (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) და „მწვანეთა პარტიასთან“ ერთად 2021 წლის 8 დეკემბერს ოლაფ შოლცის მეთაურობით გერმანიის ხელისუფლების სათავეში მოვიდა. 

ქრისტიან-დემოკრატები (ცსუ) გერმანიის ხელისუფლებაში, ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით, 2005-დან 2021 წლამდე იყვნენ.

თინათინ ბახტაძე

სპეციალურად „რეზონანსისთვის“ ბერლინიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე