თამთა ჩაჩანიძე
(28.01.2022)

უკრაინაში სიტუაცია კვლავ დაძაბულია, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა. როგორც მედია წერს, ჯო ბაიდენმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას. ამის პარალელურად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ „რუსეთს ომი არ უნდა, მაგრამ ინტერესების უგულებელყოფას არ დაუშვებენ".

„თუ ეს ჩვენს ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება - რუსეთს ომი არ სურს და ამით დაინტერესებული არაა, მაგრამ არ დაუშვებს, რომ სხვა ქვეყნებმა მის ინტერესებს უხეშად შეუტიონ," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ამერიკის წერილობითი პასუხის კომენტირებისას.

ლავროვისვე თქმით, რუსეთის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ არ არის ულტიმატუმი, მაგრამ „მოსკოვი არ დაუშვებს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ეუთოს უსაფრთხოების ვალდებულებებს თავი აარიდონ".

ამბობს, რომ მოლაპარაებები უსაფრთხოების საკითხებში ნატოსა და აშშ-სთან ჯერ არ დასრულებულა, მისი თქმით პასუხი „ჯერ გუშინ მიიღეს", რომელიც მისი თქმით დასავლურ სტილშია, თუმცა „მეორეხცარისხოვან საკითხებზე რაციონალური მარცვლები არის".

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროს ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე შეთანხმდნენ, მედია კი წერს, რომ პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას. ამის შესახებ ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ემილი ჰორნმა განაცხადა.

როგორც მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ბაიდენმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ დიდი ალბათობით რუსეთი უკრაინაში მაშინ შეიჭრება, როცა „მიწა გაიყინება". რუსული ძალები უკრაინას თავს, სავარაუდოდ, კიევის ჩრდილოეთიდან დაესხმება.

თებერვალში უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნებია დაგეგმილი. ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით კი დაგეგმილი სამხედრო წვრთნები მინსკს იმის გარკვევაში დაეხმარება, „სად სჭირდება მას ძალების კონცენტრირება". ამბობს, რომ ბელარუსს ომის არანაირი ინტერესი არ აქვს და კონფლიქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ბელარუსს ან მის ახლო მოკავშირეს, რუსეთს, პირდაპირ თავს დაესხმებიან.

შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ რუსეთს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთავაზებულ წინადადებებზე წერილობითი პასუხი ორი დღის წინ წარუდგინეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ ეს მოიცავს აშშ-ის შეშფოთებას რუსეთის მიერ მეზობლების სუვერენიტეტის დარღვევის გამო.

„არ ჩავუღრმავდები ჩვენი დოკუმენტის ან ნატო-ს დოკუმენტის ზუსტ ენას, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩვენს დოკუმენტში უკიდურესად მკაფიოდ არის გამოხატული ჩვენი შეშფოთებები რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით, მათ შორის მის მიერ მეზობლების სუვერენიტეტის დარღვევების გამო", - აღნიშნა ნულანდმა სახდეპში გამართულ ბრიფინგზე.

7 თებერვალს ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს თეთრ სახლში უმასპინძლებს, განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ. შეხვედრაზე უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას განიხილავენ.

„ისინი ასევე განიხილავენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას მთელ რიგ საერთო გამოწვევებზე, ასევე ეკონომიკური კეთილდღეობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით," - აღნიშნა ფსაკიმ.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთსა და გერმანიას შორის „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მილსადენის პროექტი შეჩერდება. მისი თქმით, მილსადენში გაზი ჯერ არ გადის, ამიტომ უპირატესობა შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეები მხარესაა.

„მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: თუ რუსეთი ამა თუ იმ გზით შეიჭრება უკრაინაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2" არ გაგრძელდება. არ ვაპირებთ დეტალებში შესვლას, მაგრამ ვიმუშავებთ გერმანიასთან, მის შესაჩერებლად", - განაცხადა აშშ-ი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა მედიასთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე