რეზონანსი
(23.01.2022)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აფრთხილებს რუსეთს, თუ რა პასუხი მოყვება მის მიერ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებებს. გერმანია უკრაინის აქტიური შეიარაღებითი პოლიტიკისაგან ჯერჯერობით თავს იკავებს და მაქსიმალურად ცდილობს მოლაპარაკების რეჟიმში განაგრძოს რუსეთის „მოქცევა“ დიპლომატიური სტრატეგიისაკენ. გერმანელი ანალიტიკოსები არაერთმნიშვნელოვნად აფასებენ სიტუაციას, თუმცა პროგნოზები უკრაინის კრიზისის განვითარების შესაძლო სცენართან დაკავშირებით საერთო ჯამში არცთუ იმედისმომცემია.

გასულ კვირას ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ბერლინს, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთად განიხილა უკრაინის კრიზისი.

ბერლინში ვიზიტს წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება, რომ რუსეთის ნებისმიერი აგრესიული ქმედებას შესაბამისი სამხედრო პასუხი მოყვება. 

ბერლინამდე ბლინკენი იმყოფებოდა კიევში, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდა და უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა გამოუცხადა. 

როგორც ბლინკენმა ბერლინის პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსკოვი მძიმე შედეგებისთვის მზად უნდა იყოს, თუკი იგი კონფლიქტის გამწვავებას შეეცდება და მოქმედების დიპლომატიურ ჩარჩოებს გასცდება. 

ბერბოკი კვლავინდებურად დიპლომატიურ პოზიციაზეა და მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს ე. წ. ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში. 

უკომენტაროდ არ დატოვა ბლინკენმა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის საკითხიც: „სანამ გაზი მილსადენში არ მიედინება, ის რუსეთის ტერორისტულ იარაღად ვერ გარდაისახება. ამას მოსკოვი უთუოდ მიიღებს მხედველობაში, სანამ საქმე უკრაინის მიმართ აგრესიამდე მიდგება“. 

გერმანული ტელეარხ „არდ“-ის ჟურნალისტისა და თავდაცვითი პოლიტიკის ექსპერტის, შტეფან შტუჰლიკის შეფასებით, მოლაპარაკებები დიალოგის ფორმატში გაგრძელდება, თუმცა პატარა მასშტაბის „შეჭრა“ კონფლიქტის ზონაში დასავლეთის პარტნიორების მხრიდან გამორიცხული არ არის, თუკი რუსეთი აგრესიულ ქმედებაზე გადავა.

მიუხედავად ბლინკენის გაფრთხილებებისა, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდე, აშშ-ს მხრიდან სამხედრო რეაქცია მოჰყვება, გერმანიის ხელისუფლება უკრაინის სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას ჯერჯერობით პრინციპულად არ აპირებს. უფრო მეტიც, 2022 წლის 21 იანვარს გერმანულმა ონლაინ გაზეთმა „თი-ონლაინმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია ეწინაამდეგება ესტონეთის მიერ უკრაინის იმ სამხედრო აღჭურვილობით შეიარაღებას, რომელიც გერმანიის მიერ არის წარმოებული. 

გერმანელი პოლიტიკოსები ამ საკითხთან მიმართებით განსხვავებულ პოზიციებს გამოხატავენ. მაგალითად, თავისუფალი დემოკრატიული პარტია თვლის, რომ უკრაინაში შეიარაღების პროცესი გერმანიის მიერ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. პარტიის წარმომადგენელმა და ბუნდესტაგის წევრმა მარი-აგნეს შტრაქ-ციმერმანმა „შპიგელთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მიუხედავად გერმანიის ახალი სახელისუფლო კოალიციის წევრთა ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი პუნქტისა, რომელიც კონფლიქტის ზონებში შეიარაღების მიწოდების წინააღმდეგ არის მიმართული, არსებული შეთანხმება შექმნილი ვითარების მასშტაბის გათვალისწინებით გადახედვას ექვემდებარება. 

ამ მოსაზრებას აკრიტიკებს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი იურგენ ტრიტინი და თვლის, რომ იარაღის მიწოდება უკრაინისთვის სამხედრო მიზნებით მიზანშეწონილი არ არის, რადგანაც ეს ფაქტი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ხელს კი არ შეუწყობს, არამედ პირიქით - ხელს შეუშლის. 

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა უკრაინის შეიარაღებამ უკუშედეგი გამოიღოს და სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. გარდა ამისა, ვერ ვხედავ განსხვავებას თავდაცვით და თავდასხმით სტრატეგიებს შორის, როდესაც საქმე შეიარაღებას ეხება. ჩვენ კი თავდასხმის შეჩერებას ვცდილობთ. ამიტომაც ვთვლი, რომ გერმანიის ხელისუფლება ამ ეტაპზე მართებულად აფასებს სიტუაციას“, - განაცხადა ტრიტინმა ჟურნალ „შპიგელთან“ ინტერვიუში. 

გერმანელი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ფლორიან ნოეანი თვლის, რომ დასავლეთის პოლიტიკა მოლაპარაკების გახანგრძლივების ხარჯზე ესკალაციის ბლოკირებაზე არის ორიენტირებული. გერმანელი პოლიტოლოგის, მარკუს ქაიმის შეფასებით კი, ურთიერთკომპრომისისათვის ნიადაგი არ არსებობს და შემდეგი ნაბიჯი აქტიური ქმედებებისაკენ იქნება მიმართული. მისი განცხადებით, რუსეთმა თავად გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს, როცა დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა, რადგან იგი ამ გზით სწორედ იმ პასუხის თავიდან აცილებას ცდილობს, რომელიც მის აგრესიულ ქმედებებს შესაძლოა მოყვეს. 

როგორც ქაიმის შეფასებიდან ჩანს და მოლაპარაკებების შედეგებიც ცხადყოფენ, რუსეთის გავლენის სფეროებზე ორიენტირებული სტრატეგია დიპლომატიურ ჩარჩოებს სცდება და გეოპოლიტიკურ მასშტაბს იძენს, რაც ადრე თუ გვიან დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქციას გამოიწვევს. მისი აზრით, ეს აუცილებელია, რადგან რუსეთის გეოპოლიტიკური ხედვა მხოლოდ უკრაინით არ ამოიწურება. 

„ამის ნათელი მაგალითია სამხედრო ბაზების არსებობა პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე, მაგალითად საქართველოში. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ტერიტორიულ მასშტაბებს, ნატო-ს სამხედრო ძალები მას ვერ გასწვდებიან. ამიტომაც აღმოსავლეთის მხრიდან მუქარა უფრო რეალისტურ ხასიათს ატარებს“, - აცხადებს ქაიმი „არდ“-სთან ინტერვიუში.

უკრაინის ამჟამინდელი კრიზისი დაიწყო 2021 წლის ნოემბერში, როდესაც რუსებმა უკრაინის საზღვართან თავისი ჯარების თავმოყრა დაიწყეს და განსაკუთრებით გამწვავდა დეკემბერში, როდესაც მოსკოვმა დასავლეთს ოფიციალურად წაუყენა მოთხოვნები, როგორიცაა ნატო-ს გაფართოების შეწყვეტა და აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნებიდან საკუთარი ჯარების გაყვანა. ევროკავშირი, თავის მხრივ, მოითხოვს რუსეთის მიერ ჯარის გაყვანას უკრაინის საზღვრის მიდამოებიდან, რომელთა რიცხვიც, გერმანული „თაგესშაუს“ 2022 წლის 20 იანვრის მონაცემებით, ამჟამად დაახლოებით 100 000-ს შეადგენს.

თინათინ ბახტაძე

სპეციალურად „რეზონანსისთვის“ ბერლინიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე