თამთა ჩაჩანიძე
(20.01.2022)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევის შემდეგ ბერლინში ჩავიდა. 21 იანვარს ის ჟენევაში გაემგზავრება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ბაიდენის მოულოდნელი განცხადება, რომ „მცირე შეჭრაზე რუსეთი მცირე ფასს გადაიხდის" , ბლინკენის ევროპულმა ტურნემ გამოიწვია, რადგან ევროკავშირის სახელმწიფოებში უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობაა და, როგორც ჩანს, აშშ-მ გერმანიისგან სრული მხარდაჭრა ვერ მიიღო.

უკრაინა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით გაოგნებულია და მიიჩნევს, რომ ამით ფაქტობრივად რუსეთის „მცირე შეჭრას" მწვანე შუქი აუნთო. ფრაზა,რომ „მცირე შეჭრაზე რუსეთი მცირე ფასს გადაიხდის" მოულოდნელობა იყო დასავლელი პოლიტიკოსებისთვისაც. ამის პარალელურად ომის საფრთხე სულ უფრო მზარდი ხდება, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პანიკას არ აჰყვნენ და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბერლინში ჩავიდოდა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პუტინთან მოლაპარაკებები აწარმოა და შესაძლოა ეს გამხდარიყო ბაიდენის განცხადების მიზეზიც.

„ჯო ბაიდენმა ყველაფერი აურდაუირია. მე მგონი კამალა ჰარისიც იმიტომ არ ჩანს, რომ ბაიდენი მასთან შეთანხმებულია და ახლა არ იცის, რა მოიმოქმედოს. რგორც ჩანს, ამერიკასა და ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის გარკვეული უთანხმოებები არსებობს. ბლინკენის გერმანიაში ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა და ალბათ გერმანიამ აშშ-ს უარი განუცხადა, რომ უკრაინას დაეხმაროს.

„ბლინკენის ვიოზიტამდე კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა და მოლაპარაკებები უშუალოდ პუტინთან აწამოა, როგორც ჩანს დასავლეთის პოლიტიკა ჩინეთთან და რუსეთთან მიმართებაში გაიყო. გამოდის, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ევროპული ტურნე უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით წარუმატებელი აღმოჩნდა, ბაიდენმაც ეს გაურკვეველი განცხადება ამიტომაც გააკეთა.

„როცა ამბობ, რომ უახლოეს მომავალში ნატოში უკრაინის გაწევრიანების ალბათობა მცირეა, უკრაინას ელემენტარულად საშუალებას უსპობ. რაღაც მომენტში ის მაინც ეთქვა, მაპი მივცეთო. ბაიდენი აჭრილია, რადგან რუსეთი თავხედია და ყველაფერზე მიდის. კარგად ესმით, რომ მათზე ზეწოლის ეკონომიკური ბერკეტები ფაქტიურად მოსპობილია, სვიფტის სისტემა რომ გათიშონ, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს, იციან, რომ არც ევროპა და არც ამერიკა ამაზე არ წავა. პუტინს სულ ნაკლებად აიტერესებს, ის და მისი წარმომადგენლები ამერიკაში ჩავლენ თუ არა. ეკონომიკაც ასე თუ ისე ნორმალურად აქვს," - განაცხადა მან.

მისივე თქმით, შესაძლოა ახლა პუტინი ეცადოს, რომ უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალოს.

„რუსებს ესმით, ახლა რომ უკრაინაში შეიჭრან, შესაძლოა პრორუსი ხალხის მხარდაჭერა დაკარგონ. შეეცდებიან,რომ ჰიბრიდული ვარიანტი განახორციელონ. კიბერშეტევა უკვე იყო. ასევე შესაძლოა ეკონომიკურ-სოციალური მიმართულებით შეუტიონ, მესამე შეტევა შესაძლოა პოლიტიკური იყოს. 150-ათასიანი ჯარით რუსეთი უკრაინაში ვერც შეიჭრება თუნდაც სამხედრო კუთხით, 600 ათასიანი დაჯგუფება მაინც უნდა შექმნას. მე მგონი პუტინს სხვა გეგმა აქვს, თუმცა რა ტრიალებს მის თავში, გამოცნობა ძნელია, შესაძლოა რაიმე სიურპრიზის სახითაც წარმოაჩინოს.

„პუტინს კარგად ესმის, რომ უკრაინაში ნებისმიერი რუსული პირდაპირი აგრესია მათთვის რაც არ უნდა წარმატებული იყოს და სამხედროი ინფრასტრუქტურის განადგურება შეძლოს, უკრაინაში პრორუსულ მოსახლეობასაც დაკარგავს. ამიტომ მგონია, უფრო შეეცდება, რომ კონცენტრაცია პოლიტიკურ ასპარეზზე მოახდინოს და ზეწოლა განახორციელოს სოციალურ-ეკონომიკური თუ ჰიბრიდული, სამხედრო წერტილოვანი შეტევების კუთხით და სათავეში ისეთი პოლიტიკური ძალები მოიყვანოს, რომელიც მისთვის მისაღები იქნება.

„ახლა პუტინს უკრაინაში ხელისუფლების ცვლილება და ვადამდელი არჩევნები უფრო აწყობს, დასავლეთი კი ცდილობს, რომ პოროშენკო და ზელენსკი ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ და პუტინს არ მიეცეს საშუალება, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს.

„რუსეთმა შესაძლოა მაქსიმუმ გააკეთოს ის, რომ დონბასელი სეპარატისტების მეშვეობით, პლაცდარმი კიდევ გააფართოვოს. დაიკავოს მარიუპოლი, დონბასისა და ლუგანსკის ის რეგიონები, რომლებსაც ჯერ კიდევ უკრაინელები აკონტროლებენ, გარკვეულ რეგიონებში შექმნას ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკური ცვლილებებისთვის ამინდს შექმნიან, რომ არეულობები გამოიწვიონ, მაგრამ პირდაპირ სრულმასშტაბიან ოკუპაციაზე არა მგონია, რომ წავიდეს," - განაცხადა მაისაიამ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებს, პანიკაში არ ჩაცვივდნენ რუსეთის შესაძლო სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო და ჰპირდება, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იქნება.როგორც იგი აღნიშნავს, ახლა პანიკის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის გარემოება, თუკი მოქალაქეები დაიწყებენ ანგარიშებიდან თანხის განაღდებას, მაღაზიებიდან სურსათის მომარაგებასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.

„საინფორმაციო სივრცე სავსეა მსგავსი შეტყობინებებით რუსეთთან ომის შესახებ იმის თაობაზე, რომ შემოჭრა შესაძლოა, ხვალვე დაიწყოს, ნებისმიერ მომენტში. თითქოს მზად არ ვართ, თუმცა მარტოც არ ვართ, მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს. მთელ ამ რიტორიკას ოფიციალურ პოლიტიკურ განცხადებებში, მედიის ახალ ამბებში, სადარბაზოში მოსმენილ მოარულ ხმებში აერთიანებს ერთი ლოგიკური კითხვა - რაშია სიახლე? განა ეს რეალობა არ არის უკვე რვა წელია, შემოჭრა 2014 წელს არ დაწყებულა? ომის საფრთხე მხოლოდ ახლა გაჩნდა? ეს რისკები უკვე მრავალი წელია, არსებობს და ის არ გაზრდილა. მათ გარშემო აჟიოტაჟი გაიზარდა", - აღნიშნავს ზელენსკი.

„როიტერზი" დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს ამერიკული წარმოების რაკეტების და სხვა სახის შეიარაღების უკრაინაში გაგზავნის ნებართვა მისცა. მესამე მხარისთვის გადაცემის ხელშეკრულებები ესტონეთს საშუალებას აძლევს, უკრაინას „ჯაველინის" ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გადასცეს, ხოლო ლიეტუვას და ესტონეთს უკრაინისთვის „სტინგერის" რაკეტების გაგზავნის შესაძლებლობა ექნებათ.

ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ჯო ბაიდენის განცხადება „მცირე შეჭრაზე". უკრაინის მთავრობა ამ განცხადებით გაოგნებულია, ამერიკელი სენატორების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „მწვანე შუქი" აუნთო.

„ერთი საკითხია მცირე შეჭრა და იმაზე დავა, თუ რა მოვიმოქმედოთ ან არ მოვიმოქმედოთ, თუმცა თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი უნარიც შესწევთ საზღვართან თავმოყრილი ძალებით, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის, თუ ისინი შემდგომში შეიჭრებიან უკრაინაში. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მიაყენონ სერიოზული ზიანი რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას. რუსეთს პასუხისგება მოუწევს შეჭრის შემთხვევაში", - აღნიშნა ბაიდენმა.

„სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მწვანე შუქი აუნთო ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შესაჭრელად, სანამ ეს არის „მცირე შეჭრა", დაშოშმინების პოლიტიკა ყოველთვის წარუმატებელია", - წერს სენატორი თომ თილისი „ტვიტერში".

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ახლო მომავალში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა.

„ორი რამ, რაზეც პუტინმა თქვა, რომ გარანტიები სურს, არის ის, რომ უკრაინა არასდროს გახდეს ნატო-ს წევრი და მეორე, რომ ნატო არ განათავსებს სტრატეგიულ იარაღს უკრაინაში. მეორე საკითხზე ჩვენ შეგვიძლია რამე გამოვიმუშაოთ იმის მიხედვით, როგორ იმოქმედებს მოსკოვი საზღვრის გასწვრივ რუსეთის ევროპულ ნაწილში.

„პირველ საკითხს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ხელშეკრულება, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ევროპაში, რომელთა თანახმადაც შეგიძლია აირჩიო, თუ ვისთან ერთად გსურს ყოფნა. თუმცა ალბათობა იმისა, რომ ახლო მომავალში უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მცირეა იმის გათვალისწინებით, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ შესასრულებელი დემოკრატიისა და იქ არსებული სხვა ბევრი საკითხის კუთხით, ასევე იმის გათვალისწინებით, დაუჭერენ თუ არა მხარს მსხვილი დასავლელი მოკავშირეები ახლა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას", - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე