თამთა ჩაჩანიძე
(19.01.2022)

ბოლო დღეებში უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების მაღალი რანგის ვიზიტები აქტიურად ხორციელდება - კიევში სასწრაფოდ ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომლის განცხადებით, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების ზრდა ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობას აძლევს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედება ძალიან მოკლე დროში განახორციელოს. ამის რისკებს ხედავენ სამხედრო ექპსერტებიც, თუმცაღა, მიიჩნევენ, რომ პუტინი უკრაინის ბოლომდე დაკავებას მაინც ვერ შეძლებს.

კიევიდან ბლინკენი ბერლინში გაემგზავრება, სადაც გერმანელ, ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებს შეხვდება და რუსეთის ნებისმიერ სამხედრო მოქმედებაზე შესაძლო რეაგირებას განიხილავს. პარასკევს კი ჟენევაში ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართება

"ბლინკენის ვიზიტი და დაგეგმილი კონსულტაციები არის დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი, რათა განიმუხტოს დაძაბულობა, რომელიც გამოწვეულია რუსეთის სამხედრო მობილიზაციით და უკრაინის წინააღმდეგ უწყვეტი აგრესიის განხორციელებით", - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, ბლინკენი და ლავროვი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ჟენევაში მას შემდეგ შეხვდებიან, რაც სახელმწიფო მდივანი უკრაინასა და გერმანიაში შეხვედრებს გამართავს. შეხვედრა ჟენევაში 21 იანვარს გაიმართება.

ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტისას კიევში, აშშ-ის საელჩოში დიპლომატებს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ათიათასობით ჯარისკაცის მობილიზება მიზეზის გარეშე მიმდინარეობს და არსებობს გეგმები ამ ძალის კიდევ უფრო გაზრდის შესახებ. მისივე თქმით, რუსეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა ძალიან მოკლე დროში განახორციელოს.

"ჩვენ ვიცით, რომ არსებობს გეგმები ამ ძალის კიდევ უფრო გაზრდის შესახებ ძალიან მოკლე დროში და ეს აძლევს პრეზიდენტ პუტინს შესაძლებლობას, ასევე ძალიან მოკლე დროში, განახორციელოს შემდგომი აგრესიული ქმედება უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა ბლინკენმა.

რუსეთის თავდასხმის საფრთხეს ხედავენ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, რომლებიც მოსკოვს სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდებენ.

„კონფლიქტის რისკი რეალურია. ნატო-ს მოკავშირეები რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება ნატოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ," - განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„აშკარაა, რომ მაღალი ფასის გადახდა მოუწევს და რომ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში ყველაფრის განხილვა გახდება საჭირო", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

საფრთხეს ხედავს ტეთი სახლიც, მისმა პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ სიტუაცია უკიდურესად სახიფათოა და ახლა ის ეტაპია, როცა რუსეთი უკრაინას შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს, ამბობს რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთს მძიმე შედეგები ელის.

„რუსების გადასაწყვეტია, რომელ გზას აირჩევენ. შედეგები იქნება მძიმე, თუ ისინი დიპლომატიურ გზას არ დაადგებიან", - განაცხადა ფსაკიმ

აშშ-ში რუსეთის საელჩო კი ტრადიციულად პროვოკაციაში ბრალს დასავლეთს სდებს და აცხადებს, რომ „რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს" და განცხადებაში აღნისნავს, რომ დასავლეთმა „ისტერია შეწყვიტოს".

"18 იანვარს თეთრმა სახლმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ერთხმად ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დეესკალაციის ნაბიჯების არარსებობაზე. უფრო მეტიც, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჩვენს ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია მეზობელ სახელმწიფოში შეჭრა, მათ შორის ბელარუსის ტერიტორიიდან.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ: რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს. ჩვენს საკუთარ მიწაზე ჯარების გადაადგილების პრაქტიკა ჩვენი სუვერენული უფლებაა. მოგიწოდებთ შეწყვიტოთ ისტერია დონბასის პრობლემის გარშემო და რაც მთავარია - არ უბიძგოთ კიევში „ცხელ თავებს" ახალი პროვოკაციებისკენ," - ნათქვამია განცხადებაში.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" რამდენიმე სცენარს განიხილავს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს.

„აქ უკვე ამერიკა-რუსეთის დაპირისპირებაა უკრაინაში, რადგან ბლინკენი და მანამდე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი ნიკოლას ბერნსი, ასევე სენატორები ტყუილად არ ჩავიდნენ. ამ პროცესებს უკავშირდება ასევე პოროშენკოს ჩასვლაც, მოსამართლემ მისი მისამართით უპრეცენდენტო რამ გააკეთა.

„როგორ ჩანს ამერიკელები ზელენსკის სავარაუდოდ მოუწოდებდნენ ან ევაჭრებოდნენ, რომ დანაშაული მოეხსნათ. ტერორისტული ბანდების მხარდაჭერა და სახელმწიფო ღალატი თითიდან გამოწოვილია. გასაგებია, რომ ზელენსკის პოროშენკოს ჩამოცილება უნდოდა, რადგან დასავლეთში სერიზული გავლენები აქვს.

„როგორც ჩანს, ამერიკელებმა პორშენკო დაარწმუნეს, რომ დაბრუნებულიყო, და შესაძლოა გარანტიებიც მისცეს. აქ ძალიან მარტივი გათვლაა, ამერიკელები ცდილობენ, რომ პოროშენკოს და ზელენსკის ძალები გააერთიანონ და მძლავრი დასავლური ფრონტი შექმნან. სავარაუდოდ, ალბათ კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი, რათა ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე არ შეექმნას და სამხედრო აგრესია მოიგერიონ.

„როგორც ჩანს აქ რუსეთი ყაზახურ გამოცდილებას გამოიყენებს, ანუ ხარკოვში, დნეპროპეტროვსკიში, ოდესასა და ნიკოლაევში, სადაც რუსული მოსახლეობაა, შეეცდება, რომ არეულობები შექმნას და იქ არსებულმა ჯგუფებმა ქალაქები დაიკავონ.

"სხვათა შორის ოდესაში იატაკქვეშა პარტიზანული შენაერთი მოქმედებს, რომელმაც უკრაინის შეიარღებული ძალების წინააღმდეგ უკვე რამდენიმე ტერაქტი განახორციელა, მერე აღმოჩნდა, რომ თურმე მას კოორდინაციას უწევს დნეპრისპირეთში მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო თავდაცვის ოფიცრები.

„მეორე ის, რომ როგორც ჩანს, დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტები პლაცდარმს გააფართოვებენ, მარიუპოლს და მთლიანად მიმდებარე ტერიტორიას დაიკავებენ. კიევისგან წინააღმდეგობა კი იქნება, თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა როგორია, აქაც ბევრი ნიუანსებია გასათვალისწინებელი."- განაცხადა მან.

მისივე თქმით, პუტინს სამხედრო თავდასხმა იმიტომ სურს, რომ უკრაინაში ამ გზით შეეცადოს, რომ ხელისუფლება და საგარეო კურსი შეცვალოს.

„როგორც ჩანს პუტინი ვა ბანკზე მიდის და შეტევაც ალბათ იმიტომ სურს, რომ ხელისუფლება გამოცვალოს. სათავეში პრორუსული ხელისუფლება მოვიდეს, რომ ნატოსკენ სვლა შეანელოს, ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს. უკრაინაში ახალი პრორუსული პოლიტიკური ძალებია, იქ მთავარი ოპოზიციური ძალა არის მედვედჩუკის პარტია.

„აქ ევროპის რიგი ქვეყნები არ ერევიან, ისინი არგაღიზიანების პოლიტიკას უფრო ატარებენ. ფაქტიურად, უკრაინის თემამ დასავლეთი გახლიჩა, ეს ადრეც იყო, თუმცა უკრაინა საბაბი აღმოჩნდა. თუ უკრაინაში რუსეთმა მიზანს მიაღწია, ბუნებრივია, რომ შემდეგი უკვე ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები იქნებიან.

„თუმცაღა, უკრაინას პუტინი ერთი ხელის მოსმით ვერ დაიკავებს, მან იცის, რომ ეს ასე იოლად არ მოხდება. პუტინის საბოლოო მიზანია, რომ რუსეთის მდგომარეობა 1997 წლის სტატუსკვოს დუბრუნდეს და სურს, რომ მის ტერიტორიებთან ახლოს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა არ განთავსდეს.

„სამხედრო კონფლიქტი შესაძლოა მივიდეს ჰიბრიდული ომის სამხედრო კონფრონტაციამდე. აქ მთლიან ოკუპაციაზე არაა საუბარი. აქ გამოიყენებენ იმ სცენარს, ქალაქები ამბოხებულებმა ისე დაიკავონ, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერ აკონტროლოს, როგორც ეს ყაზახეთში მოხდა.

„თუ რუსეთმა შეტევა დაიწყო, ჩემი აზრით დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ტერიტორიების გაფართოვება მოხდება, მარიუპოლი, ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი ზაპოროჟიას ხარჯზე. ასევე, მოხდეს უკრაინის აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიების ტერიტორიების დაკავება და უკრაინის საზღვაო მიმართულებით გასვლაზე ხელის შეშლა. ამით კი წაუყენოს ულტიმატუმი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

„არის კიდევ მეორე ვარიანტი, შესაძლოა პუტინმა საჰაერო სარაკეტო დარტყმები განახორციელოს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მთავარი სამხედრო ინფრასტრუქტურა გაუნადგუროს და ძალა გამოაცალოს,"- განაცხადა მაისაიამ.

რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. ამასთან ქვცეყანაში შიდა პოლიტიკური სიტუაციაც დაძაბულია. კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება არ მიიღო და პირადი თავდებობით გაათავისუფლა.

პოროშენკო ვალდებულია არ დატოვოს კიევის ოლქი და საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტი ჩააბაროს.მანამდე პროკურატურა პოროშენკოს წინააღმდეგ წინასწარ პატიმრობას ან გირაოს სახით ერთი მილიარდი გრივნის გადახდას ითხოვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე