თამთა ჩაჩანიძე
(10.01.2022)

რუსეთის ულტიმატუმისა და უკრაინის ფეთქებადსაშიში სამხედრო კონფლიქტის ფონზე დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მარათონი დაიწყო. ჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები იმართება, 12 იანვარს ბრიუსელში დაგეგმილია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში - ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა. ანალიტიკოსები შეხვედრებისგან რაიმე გარღვევას არ ელიან, თუმცა, მიიჩნევენ, რომ კონფლიქტის შენელების კუთხით ეს მნიშვნელოვანია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ამ კვირაში რუსეთთან შეხვედრებიდან რამე განსაკუთრებულ შედეგს არ ელის და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, აშშ მზადაა მოსკოვის შეშფოთებას მოუსმინოს, თუმცა, რთული იქნება რამე პროგრესის მიღწევა, თუ რუსეთი არ განმუხტავს დაძაბულობას უკრაინის საზღვარზე.

სტრატეგიული სტაბილურობის ორმხრივი ფორუმის ფარგლებში, ორშაბათს აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის ჟენევაში მოლაპარაკებები გაიმართა, რომლის ერთ-ერთ მთავარ თემასაც უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მიერ დეკემბერში წამოყენებული მოთხოვნების განხილვა წარმოადგენს.

მედიის ცნობით, შეხვედრა ამერიკის მუდმივი მისიის ტერიტორიაზე, გაერო-ს ოფისში დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი, ამერიკულ დელეგაციას კი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე უენდი შერმანი.

გარდა ამისა, 12 იანვარს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება, ხოლო 13 იანვარს ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა ვენაშ იმართება, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი მიესალმება იმას, რომ რუსეთი ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრას დათანხმდა, თუმცა, ნებისმიერი არსებითი დიალოგი ასევე უნდა შეეხებოდეს ნატო-ს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატო-რუსეთის სამიტის წინ მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებენ ალიანსის პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან.

"მივესალმები, რომ რუსეთი დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას მიმდინარე კვირაში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის გამართვის შესახებ. ეს არის პოზიტიური სიგნალი. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, საფრთხეების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე.

„ჩვენ მოვისმენთ რუსეთის შეშფოთებას, თუმცა ნებისმიერი აზრიანი დიალოგი მიმართული უნდა იყოს ასევე რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენ შეშფოთებაზეც და ის უნდა გაიმართოს უკრაინასთან კონსულტაციით, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ.

"ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვმართავთ ჩვენს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან", - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო - უკრაინის კომისიის სხდომამდე უკრაინის ვიცე-პრემიერთან, ოლგა სტეფანიშინასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

იენს სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეები მხარს უჭერენ ყველა ერის თავისუფალ არჩევანს და რუსეთს ძვირი პოლიტიკური და ეკონონომიკური ფასის გადახდა მოუწევს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.

როგორც რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, მხარეებს რადიკალურად განსხვავებული ამოცანები ამოძრავებთ და შეხვედრა ნაყოფიერად ვერ ჩაითვლება, თუმცა, მისივე აზრით არის გარკვეული საკითხები, რაზედაც შესაძლოა გარკვეული კომპრომისი მოხდეს.

„ამ ეტაპზე რუსებს და ამერიკელებს ძალიან განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ. ასეთ პირობებში, როცა რადიკალურად განსხვავებული ამოცანები და მოლოდინები აქვთ, ძნელია, რომ შეხვედრა ნაყოფიერად ჩაითვალოს. მგონია, რომ მაინც იქნება მცდელობა რაღაც ისეთი შედეგების ძიებისა, რომელიც ორივესთვის მნიშვნელოვანია.

„ამერიკელებმა რუსებს შესთავაზეს ისეთი საკითხები, რომელზედაც მათ შეუძლიათ, რომ მოილაპარაკონ. ესაა სამხედრო წვრთნებში მონაწილე პერსონალის შემცირება, რომლებიც რუსეთის საზღვრებთან ახლოს ტარდება და პირიქით, ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებთან ახლოს რუსული სამხედროების შემცირება მოხდეს.

„ასევე, სხვადასხვა სახის სტრატეგიული და ტაქტიკური იარაღის შემცირება, ყოველ შემთხვევაში მათი დაშორიშორება მოხდეს. აქ შედის სტრატეგიული ბომბდამშენების განლაგების საკითხიც და საშუალო რადიუსის რაკეტებიც - ესაა ის თემები, რომლებზედაც ალბათ მოლაპარაკება შეიძლება და შესაძლოა ჩაუღრმავდნენ.

„მაგრამ, რაც შეეხება რუსეთის ულტიმატუმს, რომელიც ნატოს გაფართოვებას უკავშირდება, აქ აშშ-ს პოზიცია ძალიან მკაფიო და ხისტია, რომ ამ მიმართულებით არავითარი დათმობა არ იქნება და ნატო რუსეთს არავითარ დაპირებას არ მისცემს. მეორეს მხრივ რუსეთის მხრიდან იქნება თუ არა დაპირება იმისა, რომ უკრაინის საზღვრებიდან ჯარები გაიყვანოს, ესეც შესაძლოა მიღწეული არ იქნას.

„აშშ პირველ რიგში სწორედ ამაზე საუბრობდა, რომ პირველ რიგში რუსეთმა ჯარები გაიყვანოსო და მერე ვილაპარაკოთო. საბოლოო ჯამში თუ რუსეთმა დათმო და გაიყვანა, მაშინ ეს ამერიკის გამარჯვება იქნება, მაგრამ, ასე მგონია, რომ რუსები ამასაც არ გააკეთებენ. შესაძლოა ჯარების რაღაც აწილი გაიყვანონ, მაგრამ ძირითად კონტინგენტს ალბათ დატოვებენ და ამის გასამართლებლად იტყვიან, რომ აშშ დათმობებზე არ წამოვიდაო, ანუ ესაა გაღმა შეედავეს მეთოდია."- განაცხადა მან.

გოგოლაშვილისვე თქმით, დაწყებული მოლაპარაკებებები კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მხრივ დიდი ვერაფრის მომტანია, თუმცა, დიალოგის რეჟიმი შეიარაღებული კონფლიქტის რისკებს დაბლა სწევს.

„ნატო-რუსეთის შეხვედრები პრაქტიკულად აღდგება, აქამდე შეჩერებული იყო. ასევე, შეხვედრა ეუთოს ფარგლებშიც უნდა ჩატარდეს. ეს ყველაფერი კი მაინც დიალოგის ფორმატია, რომელიც სამხედრო კონფრონტაციის რისკს ამცირებს. რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა დიალოგის მომენტში რომ განახორციელოს, ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი იქნება.

„ამიტომაც ამერიკელებსაც აწყობთ, რომ რისკების დასაწევად რუსეთთან დიალოგი აწარმოონ, რაღაც დროის გაწელვასაც გავს. მაგრამ, ამავე დროს შესაძლოა ეძებონ გზები იმისთვის, რომ ევროპაში სტრატეგიული შეიარაღების შემცირება მოხდეს, შესაბამისად, ბირთვული ომის საფრთხე შემცირდეს. ეს კი ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანი მიზანია. რუსეთს ამ ეტაპზე შესაძლოა ეს არ ესმით, მაგრამ მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ბირთვული ომი ატყდება, პირველი დარტმის ობიექტი ეგენი არიან.

"რუსები ამ ეტაპზე ცდილობენ, რომ შანტაჟით და დაშინებით კიდევ რაღაცეები მოიგონ. ქვეყნის ხელისუფლებას სწორი ხედვა არ გააჩნია საკუთარი უსაფრთხოების მიზნებისთვისაც კი. ნატო რუსეთს რაც უფრო მიუახლოვდება, წესით რუსეთისთვის მით უკეთესი უნდა იყოს, რადგან ალიანსი სტაბილურობას უზრუნველყოფს.

„ნატო აგრესიული ბლოკი არაა. ქვეყანა, რომელიც ნატოში ერთიანდება, ის მეტად დემოკრატიული ხდება, ის სხვა ქვეყნებთან ომებს არ იწყებს, ეს რუსეთისგან აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი მიზეზია. მე მეშინია, რომ ნატო მიახლოვდებაო, ნატო რომ გიახლოვდება, შენ უსაფრთხოებაზე ფულსაც კი აღარ ხარჯავ,"- განაცხადა გოგოლაშვილმა.

2021 წლის 17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები, სადაც რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ აშშ-მა და ნატომ აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერება და ალიანსში ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მიღება არ დაუშვან. ასევე, უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე