ხატია ბერიძე
(10.01.2022)

ყაზახეთში გაზის ტარიფზე დაწყებული პროტესტი მასშტაბურ შეტაკებაში არეულობაში გადაიზარდა, რომლის ჩახშობაც პრეზიდენტ ტოკაევის ხელისუფლებამ თითქოს ვერ შეძლო და დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა, რაზეც ექსპერტები ვარაუდობენ,რომ ეს რუსეთის "საშინაო დავალება" იყო. დახმარების სანაცვლოდ კი ვარაუდობენ, რომ კრემლმა შესაძლოა დამატებითი პირობების შესრულება მოითხოვოს: ყირიმის ანექსიის აღიარება, რუსლული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადება, დამატებითი რუსული სამხედრო ბაზის შექმნა და ა.შ.

2 იანვარს ყაზახეთში, კერძოდ ქვეყნის დასავლეთში, მანგისტაუს ოლქიდან დაწყებულ საპროტესტო აქციებს, რომელიც მასშტაბური გახდა, მძიმე შედეგები მოჰყვა. პროტესტის მიზეზი ქვეყანაში გაზის 2-ჯერ გაძვირება იყო.

4 იანვარს გვიან ღამით გადადგა ყაზახეთის მთავრობა, თუმცა, პროტესტი გაგრძელდა და მასობრივი არეულობის ეპიცენტრად ქალაქი ალმათი იქცა. დემონსტრანტებმა დაიკავეს მერია და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და გარკვეული დროით ქალაქის აეროპორტიც.

5 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოკაევმა ქვეყანაში საგანდებო მდგომარეობა გამოაცხადა. ასევე, დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომელმაც დასტური მალევე მისცა და ქვეყანაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შენაერთები გაიგზავნა.

7 იანვარს ტოკაევმა განაცხადა, რომ ვითარებას სრულად აკონტროლებდა თუმცა იქვე დასძინა, რომ: "ტერორისტები იყენებენ იარაღს და ზიანს აყენებენ მოქალაქეთა ქონებას... კონტრტერორისტული აქციები უნდა გაგრძელდეს ბოევიკების განადგურებამდე" .

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ყაზახეთის ქალაქ ალმათში ჩატარებული რეიდების დროს პოლიციამ 4000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. დაღუპულია 200-მდე ადამიანი. ინფორმაციას რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღემდე ისმის კითხვა - რატომ სასჭირდა რეგიონის ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას რუსეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების წევრი ქვეყნების დახმარება, ან რატომ დასთანხმდა ორგანიზაცია ასე სწრაფად დახმარებას, როცა აქამდე მისი ეგიდით სამხედრო ძლები არასდროს გამოუყენებიათ.

ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია საუბრობს, რომელიც ფიქრობს, რომ ყაზახეთში განვითარებული მოვლენები იყო ჰიბრიდული ომი, რითიც კრემლმა საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილა.

„ყაზახეთი ძალიან დიდი ხანია ევრაზიის ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა, რაც რუსეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ მისი გავლენები აქაც გაეზარდა. ამისთვის კი კარგად ორგანიზებული ნაბიჯები გადადგა. რუსეთისთვის ყაზახეთი ყოველთვის გამოიყურებოდა როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი ქვეყანა, თუნდაც მისი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და საჰაერო-კოსმოსური ძალების გაძლერებისთვის.

„რუსეთს არ მოსწონდა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკა, სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ პუტინმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სამოქალაქო გადატრიალებად აქცია და ნაზარბაევის მთავრობა სრულიად ჩაანაცვლა, მისი პოლიტიკის გამტარებლის ტოკაევის მიერ დაკომპლექტებული მთავრობით.

„ყაზახეთის პრეზიდენტის დახმარების მოთხოვნა, სავარაუდოდ, რუსეთის საშინაო დავალება იყო, რაც წარმატებით შესრულდა. ვფიქრობ, დახმარების საკითხი პუტინს და ტოკაევს უკვე შეთანხმებული ჰქონდათ. მათ უკვე იცოდნენ, რომ სცენარი ასე განვითარებოდა.

"ამ ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ არ ვიცით ზოგიერთი სამხედრო ძალის წარმომავლობა, რომელიც დემონსტრანტებს არბევდა. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის ომი მიმდინარეობდა, რუსეთს სამხედრო დანაყოფების მოსაბილიზებლად 24 -დან 48 საათამდე დრო დასჭირდა აქ კი 12 საათში რუსული სამხედროები უკვე ყაზახეთის ტერიტორიაზე მზადყოფნაში იყვნენ.

„ყველაზე უფრო საინტერესოა ის, რომ რუსეთმა შესაძლოა ეს სცენარი ამერიკასთან მოლაპარაკების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე შეგნებულად განავითარა, რადგან ამით მან ამერიკას აჩვენა თუ ვინ არის ევრაზიის „მასპინძელი", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

უცხოელი ანალიტიკოსების განხილვის საგნად იქცა ისიც თუ რამდენად უანგარო იქნება რუსეთისა და მისი მოკავშირეების დახმარება ყაზახეთთან მიმართებაში. ექსპერტების მოსაზრებით უანგაროდ დახმარება რუსეთს არ სჩვევია სანაცვლოდ კი ბევრი, რამ შეიძლება მოითხოვოს, რომელიც უკვე მასშტაბურად გაჟღერდა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ, რაც დასახმარებლად კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ჯარების შეყვანა მოითხოვა რუსეთის სამთავრობო ტელეკომპანია „რაშა თუდეის" და სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოების "როსია სეგოდნია" და „სპუტნიკის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: "რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ. აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. მაგრამ გარკვეული პირობებიც უნდა წავუყენოთ. 1. ყირიმი აღიარონ, 2. კირილიცა, დაააბრუნონ, 3. რუსული მეორე სახელმწიფო ენად, ისევე, როგორც ყირგიზეთშია, 4. შეეშვან რუსულ სკოლებს და არ იცრუონ უფროსთან, რომ ეს ასეა...",-წერს მარგარიტა სიმონიანი.

ამასთან დაკავშირებით თურქულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ვიდრე ყაზახეთის ლიდერის თხოვნას რუსეთი დათანხმდებოდა, კრემლმა მას რამდენიმე პირობა წაუყენა: ყირიმის აღიარება, რუსული ქვეყნის მეორე ოფიციალურ ენად, ავტონომიური უფლებების უზრუნველყოფა ჩრდილოეთ ყაზახეთში მცხოვრები რუსეთისთვის და დამატემითი რუსული სამხედრო ბაზის შექმნა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე