ხატია ბერიძე
(09.01.2022)

ყაზახეთში ერთკვირიანი არეულობა პრაქტიკულად სრულდება. ხელისუფლებამ საპროტესტო გამოსვლები ძალის გამოყენებითა და დსთ-ს ქვეყნებიდან, ძრითადა რუსეთიდან მოწვეული სპეცდანიშნულების რაზმების დახმარებით ჩაახშო. რა იქნება ამის შემდეგ? ანალიტიკოსები მოვლენების განვითარების რამდენიმე შესაძლო სცენარზე საუბრობენ. მთავარი კი, მათი აზრით, ისაა, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი. ბოლო დღეებში რუსეთში სულ უფრო აქტიურად კეთდება განცხადებები იმაზე, რომ დღევანდელი ყაზახეთის ნაწილი რუსეთის ისტორიული ტერიტორიაა.

ბოლო ცნობების თანახმად, ყაზახეთის ხელისუფლება თანდათან ამყარებს კონტროლს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 4 ათსზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენს.

ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ორი იანვარს დაიწყო, რასაც თან ახლდა დემოსტრანტთა შეტაკებები პოლიციასთან, სპეცდანიშნულების რაზმებთან და სამხედროებთან.

როგორ დაიწყო ყველაფერი

საპროტესტო აქციების მიზეზი ენერგომატარებლის ფასების ზრდა დასახელდა. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. ყაზახეთში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილოა კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო.

ყაზახეთის პრეზიდენტმა დემოსტრანტების მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა და ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა სახალხო მღელვარების შესაჩერებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალამათის მერიაში, დაიკავეს აეროპორტი, ხანძარი იყო რამდენიმე სამთავრობო შენობაში.

ქვეყანაში მაუწყებლობა შეწყვიტა რამდენიმე ტელეარხმა. ნურ-სულთანსა და ალმათიში გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი.

პრეზიდენტმა ტოკაევმა დედაქალაქ ნურ-სულთანში, ალმათიში, ასევე მანგისტაუსა და ალმათის ოლქებში 19 იანვრამდე შემოიღო საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, რომელიც 23:00-დან 07:00-მდე მოქმედებს.

ოთხშაბათს ქალაქ თალდი-ყორღანში დემონსტრანტებმა ყაზახეთის ჰიმნის ფონზე ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი ჩამოაგდეს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ოთხშაბათს საღამოს განაცხადა, რომ კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს „ტერორისტული საფრთხის გადალახვაში" დახმარების თხოვნით მიმართა.

ტოკაევმა ასევე განაცხადა, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს და ყაზახეთის უშიშროების პოსტსაც თავად გაუძღვება, ეს პოზიცია სამუდამო ვადით ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს ეკავა.

რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო. რუსული საინფორმაციოების ცნობით, ყაზახეთში რუსული ნაწილის გაგზავნა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციით მიმდინარეობს.

ყირგიზეთმა განაცხადა, რომ მზადაა ყაზახეთს დაეხმაროს. ქვეყნის პრემიერმინისტრმა აკლიბეკ ჟაპაროვმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ყირგიზეთი მზადაა შეასრულოს თავისი ვალდებულება, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრმა ქვეყანამ.

ყოველივე ამის ფონზე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ტოკაევმა კი ძალოვანებს მისცა უფლება, რომ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაეხსნათ.

„ბრძანების შემთხვევაში, ვინც უარს იტყვის იარაღის დაყრაზე, განადგურება ელის", -შსს-ს ამ განცხადებას რუსული მედია ავრცელებს.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ყაზახეთში არსებული არეულობის სედეგად 16 ძალოვანი დაიღუპა. დაშავდა 1,3 ათასზე მეტი სამართალდამცველი, ეროვნული გვარდიის და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე.

9 იანვრის მდგომარეობით, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ვითარებას სრულად აკონტროლებს ხელისუფლება. სტაბილიზაცია შეიმჩნევა ქვეყნის ყველა დანარჩენ რეგიონში. დემონსტრანტების მიერ ადრე დაკავებული შენობები უკვე გათავისუფლებულია.

ყაზახი ექსპერტები ხანგრძლივ კრიზისს პროგნოზირებენ

ექსპერტები ყაზახეთში განვითარებულ სცენარს ძირითადად ეკონომიკურ პრობლემებს და ხელისუფლებისგან ცვლილებების მოლოდინს უკავშირებენ.

„ყაზახები ქუჩაში იმიტომ გამოვიდნენ, რომ ჯერ ერთი ეკონომიკის მდგომარეობით უკმაყოფილოები იყვნენ, მეორეც, ახალი პრეზიდენტისგან რეფორმებს ელოდნენ, მაგრამ ვერ მიიღეს", - აცხადებს „ბიბისის" კორესპოდენტი და ცენტრალური აზიის ექსპერტი აბდუჯალილ აბდურასულოვი.

ყაზახი პოლიტოლოგი დიმაშ ალჟანოვი ფიქრობს, რომ ყაზახეთი ამ ყველაფრით მუდმივ კონფლიქტების და კრიზისების გზას დაადგება, რითაც იმ პოლიტიკურ რეფორმებამდე მივა, რისთვისაც რამდენიმე დღის წინ ყაზახი ხალხი იბრძოდა.

„საზოგადოების დიდი ნაწილი მართლაც ძალიან ღარიბია. ამიტომ სერიოზული რეფორმებია საჭირო როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში. მივლენ თუ არა აქამდე დღევანდელი ხელისუფლება და მომიტინგეები? დარწმუნებული არ ვარ. დიდი ალბათობით, ყაზახეთი მუდმივი კონფლიქტებისა და კრიზისების გზას დაადგება და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებმდე და სერიოზულ პოლიტიკურ რეფორმებამდე თანდათან მივა.

„ავტორიტარულ ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმების ზემოდან გატარება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამის არანაირი სტიმული არ აქვს და, როგორც წესი, პოლიტიკური სისტემა რაღაც მომენტში კრიზისამდე მიდის. თუ გადავხედავთ რა მოხდა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებსაც მმართველობა მსგავსი ავტორიტარული მოდელი ჰქონდათ - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ყირგიზეთი - ტრაექტორია ნათელია: ავტორიტარული მოდელი დგება რეფორმის შეუძლებლობის წინაშე, იწყება გარკვეული არეულობა. შემდეგ ხელისუფლება იცვლება და საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა წინსვლა გააგრძელოს. დაახლოებით ასეთ მოჯადოებულ წრეშია ყაზახეთი", - ამბობს ალჟანოვი.

ყაზახეთის სრული დამორჩილება, ან მისი ნაწილის ანექსია

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ყაზახეთის ამ მდგომარეობას განვითარების ორი სცენარი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ყველაზე უფრო რეალურად რუსების მიერ ყაზახეთის სრულად დამორჩილების მცდელობას მიიჩნევს.

„პუტინი ყოფილი ძიუდოისტია, ჭიდაობა კი, მოგეხსენებათ, ჭადრაკისგან განსხვავებით სტრატეგიული თამაში არ არის. სამაგიეროდ, სპორტის ეს არაჩვეულებრივი სახეობა ტაქტიკური გადაწყვეტილებების უნარებს ანვითარებს, როგორიცაა დაშვებულ შეცდომებზე მოწინააღმდეგის მყისიერად გამოჭერა, მისთვის მოქმედებისა და მანევრირების არეალის შეზღუდვა, სუსტი და მტკივნეული ადგილების სწრაფად გამოვლენა და გამოყენება, ცრუმოძრაობებით მოწინააღმდეგის პროვოცირება და ა.შ. ვფიქრობ ამიტომ მიდის ასე თავხედურად პუტინი ისეთ ავანტურებზე, რომელთა გამოსავალიც ბუნდოვანია და შედეგი გაუთვლელი. მთავარია შეეჭიდო მოწინააღმდეგეს და მერე იმარჯვო იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გამოჩნდება.

„ახლაც ასეა. რუსეთს ყაზახეთის დამორჩილება სჭირდება. ამისთვის ის ჯერ საკუთარი ჯარის შეზღუდულ კონტიგენტს ათავსებს, ასე თუ ისე, კანონიერად (ანუ მოჭიდავე წელში რომ შეუვარდება მოწინააღმდეგეს); შემდეგ შეეცდება სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის გაზრდას (მოწინააღმდეგის ჩოქბრჯენში გადაყვანას). ამას უკვე ტაქტიკური სვლებით მოახერხებს - გახშირდება იმ ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმები, რომლებსაც მისი ქვედანაყოფები იცავენ, ან შეტაკებები ეთნიკური შუღლის ხასიათს მიიღებს და ამ შემთხვევაში განსაკუთთრებით „კარგი" შანსები გაჩნდება რუსეთთან მოსაზღვრე ჩრდილოეთ ყაზახეთის პროვინციებში ტანკების შესაყვანად, სადაც მოსახლეობის 50% ეთნიკურად რუსია.

„როდესაც რუსეთს ყაზახეთში საკმარისი რაოდენობისჯარი ეყოლება, მის დაზვერვას გავლენის აგენტებსა და სხვა სახის საიდუმლო სამსახურების მოქმედებისთვის სრული სივრცე და ასპარეზი მიეცემა. ისინი ინფილტრაციას მოახდენენ სახელმწიფო ინსტიტტებში. მეტად ვიდრე ახლა არიან, შეუდგებინ მოსახლეობის დეზინფორმირებას და გადაბირებას, დაიმორჩილებენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. არადემოკრატიულ ყაზახეთში ეს საკმარისია, რომ სრული კონტროლი მოიპოვო არა მარტო პოლიტიკურ სფეროებზე, არამედ ეკონომიკის დარგებზეც, წიაღისეულით სარგებლობაზე (პრაქტიკულად ბეჭებზე დადო მოწინააღმდეგე). ასე შეუძლია რუსეთს შეაჩეროს ყაზახეთში დასავლური და ჩინური ეკონომიკური გავლენების ზრდა და პრაქტიკულად დაიმორჩილოს ეს უზარმაზარი ქვეყანა.

„შეიძლება სხვა სცენარიც განვითარდეს, რომელიც ყაზახეთის ჩრდილოეთის სრულ ანექსიას მოიაზრებს. ამ გზით რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ დაინახა, რომ ყაზახეთი ხელიდან დაუძვრა და მასზე სრულ კონტროლს ვერ აღწევს, ისევე როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა მარიონეტი იანუკოვიჩის ჩამოგდების შემდეგ. ამრიგად, რუსეთი იმას დაჯერდება, რომ „უმადურ" ყაზახებზე განაწყენებულმა და იქ ეთნიკურად რუსი მოსახლეობის ბედით „დადარდიანებულმა" შესაბამისი სამხედრო-ტექნიკური ზომები განახორციელოს და ყაზახეთის იურისდიქციაში „ბედის უკუღმართობის გამო" მოქცეული ციმბირის „ძირძველი რუსული მიწები" დაიბრუნოს.

„თუმცა ამ სცენარს ერთი სუსტი მხარე გააჩნია: დობანსის მაგალითით შეშინებულმა ჩრდილოეთ ყაზახეთის რუსულმა მოსახლეობამ (დაახლოებით 2 მლნ. მოსახლე) შეიძლება არ ისურვოს რუსეთის ამ მორიგ ავანტიურაში მონაწილეობა და არ დაუჭიროს მხარი რუსულ ინტერვენციას, არ აჯანყდეს და არ გაილაშქროს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან. ყაზახეთში, უკრაინისგან განსხვავებით, არ არსებობს ორმაგი მოქალაქეობა, თუმცა რუს სამხედროებში ძალიან პოპულარულია გამოთქმა - „თუ ნებით არ გინდა, გაიძულებთ" - და არ არის გამორიცხული, რომ მან ამ შემთხვევაშიც იმუშავოს", - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე