ხატია ბერიძე
(06.01.2022)

ყაზახეთში ბუნებრივი აირის ფასზე სოციალური პროტესტი, პოლიციელებსა და დემონსტანტებს შორის დაპირისპირებებში და არეულობებში გადაიზარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მთავრობა გადადგა, ქვეყნის პრეზიდენტმა თოყაევმა დახმარებისთვის კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა. ანალიტიკოსის აზრით კი ეს სიტუაცია „რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს" რის შედეგადაც რამდენიმე სცენარის განვითარებას უნდა ველოდოთ.

„რუსეთი ამ შემთხვევით „ძირძველ" ტერიტორიებს დაიბრუნებს, ან ყაზახეთზე სამუდამო კონტროლის განსახორციელებლად გამოიყენებს," - წერს ფეისბუქზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

ყაზახეთში დემონსტრანტები გაზის ორჯერ გაძვირებას პირველი იანვრიდან აპროტესტებენ. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო. ალმათიში დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის შეტაკება მოხდა, სადაც პოლიციამ ცრემლსადენი აირი, კვამლის ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა იერიშით აიღეს ქალაქის მერია. მერიის და ქალაქის პროკურატურის შენობაში ხანძარი გააჩინეს. შეტაკების შედეგად ეროვნული გვარდიის რამდენიმე თანამშრომელი სერიოზულად დაშავდა, არიან გარდაცვლილებიც.

ოფიციალური მონაცემებით შეტაკებების შედეგად 137 პოლიციელი და აქციის 53 მონაწილე დაშავდა.

ქალაქ აქტობეში, ყაზახეთის ჩრდილო-დასავლეთში, პოლიციის თანამშრომლებმა უარი თქვეს დემონსტრანტების დაკავებაზე და განაცხადეს, რომ „ხალხთან" არიან. ქალაქის ადმინისტრაციასთან ასამდე ადამიანი დგას და გამგებელთან შეხვედრას ითხოვს.

დემონსტრანტებმა ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს: რეჟიმის შეცვლა, გამგებლის სახალხოდ არჩევა, 1993 წლის კონსტიტუციის აღდგენა და სამოქალაქო აქტივისტების დევნის შეწყვეტა.

გვიან ღამით, ყაზახეთის პრეზიდენტმა მანგისტაუს ოლქსა და ქალაქ ალმათიში 5-დან 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.

მთელ ქვეყანაში ცუდად მუშაობს ინტერნეტი. ალმათიში არ ფუნქციონირებს მობილური ინტერნეტი და მესენჯერი. ყახაზეთის ხელისუფლებამ ასევე დაბლოკა მასმედიის საიტები, რომლებიც საპროტესტო გამოსვლებს აშუქებენ.

გადადგა მთავრობა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით. მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით შეასრულებს პირველი ვიცე-პრემიერი ალიხან სმაილოვი. გადამდგარი მინისტრები მოვალეობის შემსრულებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე დარჩებიან.

თოყაევის განცხადებით, რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს პოსტს დღეიდან თავად გაუძღვება, რაშიც ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.

„მე ხალხთან ვრჩები და ახალ შემოთავაზებას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ. რაც არ უნდა მოხდეს, მე ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები. მე ჩემს პოზიცაზე ვაპირებ დარჩენას და ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს", - განაცხადა მან.

გუშინ საღამოს ყაზახეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს „ტერორისტული საფრთხის გადალახვაში" დხმარების თხოვნით მიმართა.

ტოკაევმა სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ბელარუსის ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკოსთან. ამ ქვეყნების გარდა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედიან სომხეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.

კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყაზახეთის პარტნიორებისადმი მიმართვას ტოკაევმა „სწორი და დროული „ უწოდა. მიმდინარე გამოსვლებს კი „საგარეო აგრესიის აქტი" და „პირდაპირი საფრთხე სახელმწიფოს მთლიანობისთვის.

პოლიტოლოგი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს სოცილურ ქსელში ეხმაურება. სპეციალისტის მოსაზრებით, ყაზახეთის დახმარების მოთხოვნას რუსეთი სათავისოდ გამოიყენებს და შესაძლოა იგივე სცენარი განავითაროს, როგორიც ყირიმის ანექსია და დობანის ოკუპირებაა.

„რადგან ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა დახმარებისთვის, რუსეთს ამ ქვეყანაში ინტერვენციის ლეგალური შესაძლებლობა მიეცა. ცნობილია, რომ რუსეთს გააჩნია ირედენტისტული პრეტენზიები ყაზახეთის ჩრდილოეთი ტერიტორიების მიმართ, რასაც ოფიცილაურად არ უყენებს, მაგრამ მრავალი რუსი პოლიტიკოსი და თავად პუტინიც ხშირად აკეთებდა მიმანიშნებელ კომენტარებს ამის თაობაზე. 2014 წლამდე რუსეთს არც უკრაინის ტერიტორიების მიმართ ჰქონია ოფიციალური პრეტენზიები, მაგრამ, როგორც კი მოსახერხებელი მომენტი გამოჩნდა სწრაფად მოახდინა ყირიმის ანექსია და, შემდგომ, დონბასის ოკუპირება.

„ზუსტად ანალოგიური მომენტია ახლა ყაზახეთში და თუ ოპოზიციამ მოახერხა ხელისუფლების დამხობა, რუსეთის ჯარები დაიკავებენ ასტანას, სადაც ოპოზიციას ამ მომენტში არ გააჩნია დასაყრდენი და ჩრდილოეთ ყაზახეთის ხუთივე ოლქს, სადაც რუსული და რუსულენოვანი მოსახლეობა მინიმუმ 50% შეადგენს, ორ ოლქში კი 60%-ზე მეტია სხვა ქალაქებსა და ტერიტორიებს. რუსები ამ ტერიტორიებს ციმბირის ნაწილად განიხილავენ და არა მგონია ყაზახეთში ხელისუფლების ცვლიელბის შემდგომ ისინი რუსეთის ჯარმა დატოვოს. ასე მოახდენს რუსეთი, „თავისი ძირძველი მიწების დაბრუნებას" (როგორც ამას სოლჟენიცინი იტყოდა), თავად ყაზახეთის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე. ერთად ერთი შანსი, რომ რუსეთმა არ მოახდინოს ამ მიწების შემდგომი ანექსია არის ის, თუ ყაზახეთის ახალი ხელისუფლება რუსეთს სრულ ლოიალობას შეპირდება. ამ შემთხვევაშიც კი, რუსეთი დაიკანონებს სამხედრო ყოფნას ჩრდილოეთ ყაზახეთში და იქ მნიშვნელოვან სამხედრო ძალას განათავსებს. საგულისხმოა, რომ ამრიგად რუსეთს კიდევ ერთი მტერი გაუჩნდება და უკრაინას და საქართველოს კი მოკავშირე, ეს აშკარაა.

„მოვლენების სხვაგვარი განვითარების შემთხვევაში, თუკი რუსეთის დახმარებით ყაზახეთში აჯანყების ჩახშობა მოხერხდა, რუსეთის შეიარაღებული ძალები მაინც არ დატოვებენ ყაზახეთის ტერიტორიას, რითიც გრძელვადიან პერსპეტივაში ამ მიწებზე რუსული ეთნოსის მომძლავრებას შეუწყობს ხელს,ალბათ ასე ვარაუდობენ კრემლში.რუსეთი ამ ტერიტორიებს დაიბრუნებს, ან ყაზახეთზე სამუდამო კონტროლის განსახორციელებლად გამოიყენებს.

„როგორ მოიქცევიან შუა აზიის სხვა ქვეყნები და რა პოზიციას დაიკავებენ რუსეთთან მიმართებაში ამ ეტაპზე ძნელი წარმოსადგენია", - წერს კახა გოგოლაშვილი ფეისბუქში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე