თამთა ჩაჩანიძე
(24.07.2020)

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, რეგიონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიწვევა გადაიფიქრა და ამჯერად სანქციები დაუწესა. მისი განცხადებით, ეს აშშ-ის მიერ მისი ე.წ. შავ სიაში შეყვანის საპასუხოდ გააკეთა - განცხადება ადგილობრივი ტელევიზია „გროზნის" საშუალებით გავრცელდა.

„ვაუქმებ მოწვევას და ვაცხადებ, რომ პომპეო შევიყვანეთ იმ სანქციების სიაში, რაც გვაქვს რესპუბლიკაში, მათ შორის დაიბლოკება მისი პირადი ანგარიშებიც", - განაცხადა კადიროვმა.

კადიროვმა დასძინა, რომ მას არ ესმის ის გარემოება თუ შეერთებულმა შტატებმა „შავ სიაში" მისი შვილები და მეუღლე რატომ შეიყვანა, რადგან, მისი თქმით, ისინი პოლიტიკაში არ არიან. რეგიონის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მანამდე პომპეო ჩეჩნეთში დაპატიჟა, მაგრამ ახლა მას ამის უფლება აღარ აქვს.

შეგახსენებთ რომ, ჩეჩნეთის ლიდერსა და მის ოჯახს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ, სახელმწიფო დეპარტამენტმა მათ რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებში კადიროვის მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა, ამ ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ-ს პასუხს „სარკისებურად" გასცემს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვას თქმით, ოფიციალური მოსკოვი გამონახავს რაიმე გზას, რომ შეერთებულ შტატებს პასუხი გასცეს, აცხადებს, რომ პასუხი სარკისებური და რთული იქნება, მაგრამ „რაიმეს მოიფიქრებენ".

როგორც მანამდე პომპეომ აღნიშნა, შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს იმ ქვეყნებს, რომლებიც კადიროვთან დაკავშირებით მსგავს ზომებს მიიღებენ.

კადიროვმა აშშ-ს სანქციების საპასუხოდ, სოციალურ ქსელში ფოტო ცეცხლსასროლი იარაღით განათავსა წარწერით „ბრძოლაში გამოწვევა მიღებულია".

22 ივლისს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მუსლიმთა კავშირის ადმინისტრაციამ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი „ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე