ტატა შოშიაშვილი
(18.07.2020)

სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანსა და მის ხელისუფლებას ღიად უცხადებს მხარდაჭერას. პარალელურად კი რუსეთმა საკუთარი სამხედრო შეიარაღების შემოწმება დაიწყო, რის შემდეგაც მსოფლიოში აქტიურად ალაპარაკდნენ ფედერაციის კონფლიქტში ჩარევის შესახებ.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

18 ივლისს რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზაქირ გასანოვსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი, რომელის დროსაც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებაზე.

„რია ნოვოსტის" ცნობით, საუბრის ინიციატორი ბაქო იყო.

მხარეებმა განიხილეს რუსეთის მიერ სამხრეთ და დასავლეთ ოლქების შეიარაღებული ძალების მოულოდნელი შემოწმება, რომელიც დაემთხვა ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის ესკალაციას.

გავრცელებული ცნობის თანახმად, შოიგუმ უარყო ის, რომ შემოწმება მოულოდნელი იყო და აღნიშნა, რომ შეიარაღების ინსპექტირება წინასწარ იყო დაგეგმილი და არანაირი კავშირი არ აქვს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან.

ცნობისთვის, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომლის თანამხმადაც ოლქების შეიარაღების, ჩრდილოეთისა და წყნარიოკეანის ფლოტების, ასევე საჰაერო - სადესანტო ჯარების შემოწმება უნდა დაწყებულიყო.

ინსპექტირების ფარგლებში, 56 ტაქტიკური სწავლება ჩატარდება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, შუშან სტეპანიანმა განაცხადა, რომ 18 ივლისის მონაცემებით, სახელმწიფო საზღვარზე აზერბაიჯანის დასავლეთით და სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით შედარებით სიმშვიდეა.

სტეპანიანის თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაუმიზნებელი ცეცხლი გახსნეს ტავუშის ოლქის სოფლების, მოვსესის, ზანგახატუნის, ხნძორუტის რაიონში განლაგებული სომხური პოზიციების მიმართულებით.

ერევანსა და ბაქოს შორის დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ კონფლიქტის ესკალაციასა და პროვოკაციების მოწყობაში.

სამხედრო შეტაკებებში არტილერია და სხვა სახის იარაღი გამოიყენება.

კონფლიქტს ორივე მხრიდან 17 ადამიანი ემსხვერპლა. აზერბაიჯანის მხრიდან შეიარაღებულ დაპირისპირებას 12 სამხედრო მოსამსახურე და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, ხოლო სომხეთმა 4 ჯარიკაცი დაკარგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე