ტატა შოშიაშვილი
(18.07.2020)

იაპონიაში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე კორონავირუსის გავრცელება სწრაფი ტემპებით დაიწყო. კუნძულ ოკინავას ორ სამხედრო ბაზაზე უკვე 130-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაინფიცირდა. იაპონია ამერიკელი სამხედროების შემოწმებას ითხოვს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სი ენ ენ-თან" საუბრისას ოკინავას გუბერნატორმა, დენი ტამაკიმ განაცხადა.

გუბერნატორის თქმით, ოკინავას კუნძულზე განლაგებული ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ორივე სამხედრო კორპუსის - „ფუტემასა" და „კემპ-ჰანსენის" ბაზები - იზოლირებაა საჭირო კორონავირუსით დაინფიცირებული სამხედრო პირების გამო და, განსაკუთრებით, იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება არ გაგრძელდეს.

ტამაკის ინიციატივით, სამხედრო კორპუსებში კარანტინის გამოცხადების გარდა, აუცილებელია შეწყდეს ამერიკელი პერონალის ჩასვლა ოკინავას კუნძულზე. თუმცა, მისი ეს ინიციატივა ჯერჯერობით არ გაიზიარა ქვეყნის ხელისუფლებამ.

„სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება იმაში, რომ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ადეკვატური ზომების მიღება უკვე დაწყებულია", - განაცხადა „სი ენ ენ-თან" 15 ივლისს ოკინავას გუბერნატორმა.

17 ივლისს იაპონიამ ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვა, რომ იაპონიაში გამოგზავნამდე მთელ ამერიკულ პერსონალს ჩაუტარონ ტესტირება კორონავირუსზე. განცხადება იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, კონო ტარომ გაავრცელა იაპონიის ნაციონალური სამაუწყებლო ორგანიზაცია „NHK-ის" მეშვეობით.

ტარომ ხაზგასმით განაცხადა, რომ სამხედროების ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ ორ ეტაპად. პირველად, ამერიკიდან წამოსვლამდე, ხოლო მეორე - უკვე იაპონიაში ჩასვლის შემდეგ.

ამასთანავე, ტესტირება უნდა ჩაუტარდეს ნებისმიერ სამხედროს, რომელიც ჩავა იაპონიაში მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა კორონავირუსის სიმპტომები.

იაპონელმა მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ტესტირების ახალი სქემა ტესტების რაოდენობის გაზრდას მოითხოვს.

1 ივლისიდან დღემდე იაპონიაში ამერიკის სამხედრო ბაზებზე კორონავირუსით დაინფიციერბის 136 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამასთანავე, თითქმის ყველა დაიფიცირებული სამხედრო ოკინავას კუნძულზე მდებაზე საზღვაო ქვეითთა კორპუსში იყო დისლოცირებული.

„Worldometers-ის" სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, იაპონიაში პანდემიის პერიოდში დაავადებულთა რაოდენობამ 22 220-ს მიაღწია. მათგან 18 828 გამოჯანმრთელდა, ხოლო 982 გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" როტაციით მყოფ საქართველოს თავდაცვის ძალების 38 სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდგინდა და ისინი ორ ეტაპად, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნეს.

10 ივლისს ავღანეთიდან ჩამოიყვანეს 28 დაინფიცირებული, რომელთა შორის 8 უკვე გამოჯანმრთელდა, დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

17 ივლისს კი კიდევ 10-მა სამხედრო მოსამსახურემ დატოვა ავღანეთში ნატო-ს ბაზა.

ქართველის სამხედროების კორონავირუსით ინფიცირების წყარო ადგილობრივი ავღანელი პერსონალია. ისინი მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე