ია აბულაშვილი
(05.02.2020)

„მოიგონა აღშენება მონასტრისად, დაამტკიცა რომელიცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილას ტოვლად შუენიერის და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა გარდაათხრა ტაძარი ყოვლად წმინდისა და კურთხეულის დიდისა ღმრთისა" - ასე აღწერს დავით აღმაშენებლის მემატიანე გელათის მონასტრის აგების ისტორიას.

ტაძრის მშენებლობა 1106 წელს დაიწყო; გადმოცემის თანახმად, დავით აღმაშენებელი თვითონაც მუშაობდა გელათის მშენბლობაზე. ორი უზარმაზარი ქვა მდინარის ხეობიდან ტაძრამდე მარტო აუტანია. სწორედ ამ ტაძარშია შემონახული დავით აღმაშენებლის ერთადერთი ფრესკა, რომელზედაც მეფეს ერთ ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს, ხოლო მეორეში გრაგნილი.

მეფემ თავის სიცოცხლეში ტაძრის დამთავრება ვერ შეძლო და თავის მემკვიდრეს დემეტრე პირველს ანდერძად დაუტოვა ტაძრის დასრულება: "დარჩა მონასტერი სამარხვი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულოდ და წამყვა მისთვისაც ტკივილი სამარადისო, აწ შვილმან ჩემან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ".

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, "ნადირთა დევნისა შინა წარექცა ცხენი, სამი დღეღამის მანძილზე თითქოს უსულოდ უძრავად იწვა, მხოლოდ ოდნავი სუნთქვით მიხვდებოდნენ, რომ ცოცხალი იყო. თორმეტი ირმის მონაწველ რძეში განბანეს და ამის შემდეგ გაცოცხლდა"; მართალია ამ ლეგენდაზე მემატიანე დუმს, მაგრამ გელათი დავით მეფემ თავის საძვალედ რომ ააშენა, ამაზე მეტყველებს წარწერა მის საფლავზე: "ქრისტე, ეს არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ მთნავს ესე, ამას დავემკვიდრო მე".

დავით აღმაშენებელი დაკრძალეს გელათის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კარიბჭესთან. ამბობენ, რომ მეფემ ეს ადგილი განგებ აირჩია თავმდაბლობის გამოსახატავად, რათა ყველას ფეხი დაედგა მისი საფლავისთვის. კარიბჭეზე აბმული იყო რკინის კარები, რომელიც დავით აღმაშენებლის შვილს მეფე დემეტრე პირველს 1138-1139 წლებში განჯაში ლაშქრობისას გამარჯვების ნიშნად წამოუღია და გელათის მონასტრისთვის შეუწირავს.

კარის ერთ ნაწილზე შემორჩენილა ამ ამბის მაუწყებელი წარწერა არაბულ ენაზე "სახელითა მოწყალისა და მწყალოებელისა ალაჰისა, ეს კარი აგებული ჩვენი უფლის, მეთაურის და ბრწყინვალების შავლუთ ბინ ალ-ფადლისთვის. აგებულ მჭედელ იბრაჰიმ უთმან ბილ მალალქუნის მიერ 445 წელს (1063 წ)" ამჟამად ამ კარისგან ერთი ნაწილია დარჩენილი, კარის მეორე ცალი, როგორც ამბობენ, მეთვრამეტე საუკუნეში სალურსმნე მასალად გამოიყენეს.

ჩაწერა სახელი